ანგელოზივით ბავშვი
“ანგელოზივით ბავშვი დაიჭირეს, ბატონო ზაზა!” - ასე იწყებოდა ტიპიური საუბარი კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების ახლობლებთან, როცა შექმნილი მდგომარეობიდან ოპტიმალური გამოსავლის ძიებაში ვეხმარებოდი.
და რადგან პრიორიტეტი, ცხადია, მათი ინტერესი იყო და არა დაკავებულის სიქველეში ერთმანეთის დარწმუნება (“იმიტომ არა, რომ ჩემია, მაგრამ მართლა სხვანაირი ბავშვია!“), თავის მოტყუება ნამდვილად არაფერს წაადგებოდა. შესაბამისად, ამ ფრაზის გაგონებისთანავე ვიცოდი, რომ ჩემი როლი მაყრიონის მოლოდინების მენეჯმენტი უნდა ყოფილიყო, რის გარეშეც შემდგომ ნაბიჯებზე საუბარს აზრი არ ექნებოდა.
22-წლიანი პროფესიული კარიერის მანძილზე, სისხლის სამართალში პრაქტიკა არასდროს მქონია. ალბათ იმიტომ, რომ ქართული იურისპრუდენციის ამ სფეროში შედეგი იშვიათად არის დამოკიდებული ადვოკატის ძალისხმევასა და უნარებზე (მით უფრო დასაფასებელია ყველა, ვინც ამ მოცემულობას არ ეპუება). აქ ადვოკატი უფრო შიკრიკია პროკურატურას (2003 წლამდე, სასამართლოსა) და ბრალდებულის ოჯახს შორის. სასამართლო კი, ერთეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ყოველთვის იყო კონიუნქტურის ნებიერი მძევალი: ხან ტოტალურ კორუფციაში ჩაფლული (როგორც 90-იანებში), ხან - დანაშაულისადმი ნულოვანი ტოლერანტობის მედროშე (რის მიმართაც ყველაზე ნაკლები პრობლემა ჰქონდა კანონმორჩილ მოქალაქეს), ხანაც, ბოლო წლებივით, კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთაზე მორგებული და მმართველი ოჯახის მშვიდი ძილის დარაჯი, სხვა მხრივ კი კანონისა თუ სინდისისგან სრულიად თავისუფალი.
მოკლედ, სისხლის სამართალში შეგნებულად არ ვმუშაობდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბრალდებულის “ჭირისუფლებთან“ გასაუბრება ხშირად მიწევდა. ასობით საქმეს გაუვლია ჩემს ხელში... როგორც წესი, “ანგელოზივით ბავშვები“ 20-30 წლის ჭიპლარგადაუჭრელი ჯიბგირები იყვნენ, მაგრამ ვიდრე ამას ახლობლები, მეგობრები და მეზობლები აღიარებდნენ, მათი მოლოდინი - და მომავალი ადვოკატისადმი ერთადერთი მოთხოვნა - ბავშვის დაუყოვნებლივი გათავისუფლება იყო. მართლაც, ანგელოზივით ბავშვი თუ დაიჭირეს, კი უნდა შეაკლა სისტემას თავი. ხოლო თუ არც მთლად ეგრეა საქმე, მაშინ ადვოკატს მაინც უნდა გაანდო სიმართლე, რომ ყველა სცენარისთვის მზად იყოს. ამიტომ, უდიდესი დელიკატურობითა და სიფრთხილით ვიწყებდი ფაქტობრივი დეტალების დაზუსტებას. ამ დროს, რომელიმე ჭირისუფალი მორიდებით გადახედავდა მაყრიონის უფროსს თანხმობის მისაღებად და მცირე, ჯგუფური ყოყმანის შემდეგ, ამბავიც იხსნებოდა - თავიდან, მხოლოდ ორ თითზე:
აღმოჩნდებოდა, რომ თურმე ანგელოზივით ბავშვი მართლაც იმყოფებოდა დანაშაულის ადგილას. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარმა გამოუარა და ესეც დაუფიქრებლად გაყვა.
მალე აღმოჩნდებოდა, რომ ანგელოზივით ბავშვი არა მხოლოდ დანაშაულის ადგილზე იყო, არამედ მთლად საჭესთან მჯდარა (მეგობარს უთხოვნია, შენ დაჯექიო და ამასაც არ გაუტეხავს ძმაკაცისთვის, მაგრამ განა საჭესთან ჯდომა დანაშაულია?!).
მერე რომელიღაც გულშემატკივარს შემთხვევით გაახსენდებოდა, რომ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიც იდო, რომელიც იქ ძმაკაცის ბიძას დარჩენოდა, რის შესახებაც ბავშვმა არაფერი იცოდა (“ჩემს ხელშია გაზრდილი, არ მომატყუებდა... გამორიცხულია!“ - დაიფიცებდა რომელიმე ქომაგი და მდუმარე მამას გახედავდა, ხომ არ შემეშალა, რომ ვთქვიო).
მალევე ირკვეოდა, რომ იარაღზე ანგელოზივით ბავშვის ანაბეჭდებიც აღმოეჩინათ (“ალბათ იპოვნა და ათვალიერებდა - განა შეიძლება მაგისთვის ბავშვს მომავალი მოუსპო?!)
ბოლოს, ხანგრძლივი ფსიქოანალიზის შემდეგ, რომელიმე ჭირისუფალი საკვანძო დეტალსაც ჰშობდა და გაამხელდა, რომ ერთხელ - მხოლოდ ერთხელ! (თუ ორჯერ?) - ანგელოზივით ბავშვსაც ესროლა მსხვერპლისთვის. თუმცა ის ჭრილობა სასიკვდილო არ ყოფილა და, ამიტომ, განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება (თან, დამამძიმებელ გარემოებებში!), კოსმიური მასშტაბის უსამართლობა იყო...
აქ დგებოდა გარდამტეხი მომენტი. პრინციპში, გაგრძელება ამის შემდეგაც შეიძლებოდა - თუნდაც იმის აღმოსაჩენად, რომ თურმე ანგელოზივით ბავშვი მანამდეც ყოფილა დაჭერილი, ოჯახის ახლობელ გულვერდი ოდიშარიას პროტექციით საპროცესოთი გამოსული და ამჟამად პირობითზე იმყოფებოდა... მაგრამ ღირდა კი? - ადამიანი ყველაზე აგრესიული ხომ მაშინაა, როცა სარკეში ახედებ და არა მაშინ, როცა ებრძვი.
ამიტომ, მომსვლელებს რაღაცა წმინდას ვუტოვებდი და ვაძლევდი იმ რწმენაში დარჩენის ფუფუნებას, რომ სასიკვდილო ჭრილობა მოკლულს ვიღაც უცნობმა მიაყენა, ვისი არათუ ვინაობა, არსებობაც კი საქმის მასალებით არ დგინდებოდა. “ბავშვის“ ანგელოზურ ბუნებაში მცირედი ეჭვის დაშვება უკვე საკმარის საშუალებას აძლევდა ადვოკატს იმისთვის, რომ სუფთა სინდისით, ფაქტების შეჯერებული ცოდნითა და დამიწებული მოლოდინებით მოეკიდებინა საქმისთვის ხელი.
უცნაურია - ალბათ უიღბლო დამთხვევაა - მაგრამ არ მახსოვს, ოდესმე შემხვედროდეს იმ მეორე, არაანგელოზი ბავშვის გულშემატკივარი, ვინც მეტყოდა - ბატონო ზაზა, მე სწორედ იმ ცივსისხლიანი მკვლელის მხარე ვარ, რომელმაც ანგელოზივით ბავშვი მოტყუებით მანქანაში ჩაისვა, მისი თანდასწრებით უდანაშაულო ადამიანი ჩაცხრილა და ახლა უნდა მას შეახოცოს ხელიო (ყველა შემთხვევით ხვდებოდა “იქ“ და ყოველთვის “ის მეორე“ იყო ბრალეული)...
სამაგიეროდ, კარგად მახსოვს ბებერი ლიოტჩიკას შეგონება, რომელმაც ერთხელ, დიდი ხნის წინ, ახლადწვერამოღინღლულ ძმაკაცებს მრავალჭირნახულ ქართულ პოლიტიკაზე საუბრისას გვითხრა - კარგად დაიმახსოვრეთ, ბიჭებო, ჩათლახი ადამიანი არასდროს ცდილობს გამოსწორებას, ეგ შეუძლებელია, ის ყოველთვის ცდილობს სხვაც გააჩათლახოს, რომ ეგებ მის ფონზე უკეთესი გამოჩნდესო. თანაც, თავისნაირთან გასაყოფი არაფერი აქვს, დალაგდება, აი, ვინც ვერ გააფუჭა, ისაა საფრთხე და სამიზნე - ე, მაგისთვის უნდა იყოთ მზადო.
მაშინ “პიანი ბაზარი“ გვეგონა და დავიკიდეთ. ეს სიტყვები მხოლოდ წლების შემდეგ გაგვახსენდა, როცა უკვე დეკლარირებულად ითქვა, რომ “ურთიერთობა“ და კლანურ-კუტოკური აზროვნება ჩვენი საამაყო ტრადიცია და ცხოვრების წესია, ხოლო კონფორმიზმი გასაკიცხი ქმედება კი არა, მარიფათის ნიშანია.
შესაბამისად, როცა “ანგელოზივით ბავშვი“ იზრდება და დანაშაულს სჩადის, მან წინასწარ იცის, რომ გაუგებენ.
ვინც ვერ გაუგებს, დაივიწყებს.
ვინც ვერ დაივიწყებს, დაიკიდებს.
ხოლო ვინც ვერც დაივიწყებს და არც დაიკიდებს, იმას ყველა ერთად დავამუნათებთ და, თუ ამანაც არ გაჭრა, მაშინ დავადუმებთ ისე, როგორც არაერთი დაგვიდუმებია.
დიახ, ასეთი წესია ჩვენში და ვინც ამ წესს შეეწინააღმდეგება, ილია ჭავჭავაძეს და ზვიად გამსახურდიას გავახსენებთ.
ხოდა, იმას მოგახსენებდით, რომ პატარა ბოროტების გამართლება დიდ ბოროტებას შობს. დამნაშავე, რომელსაც იქით ვუმტკიცებთ, რომ ის გარემოებათა მსხვერპლია, საკუთარ და სხვების თვალში ერთგვარი შარავანდით იმოსება. როცა ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე მოძალადეებს “ანგელოზივით ბავშვებს“ ან “უდანაშაულო ბიჭებს“ ვუწოდებთ, გარკვეულწილად, მათზე დიდ მავნებლობას ჩავდივართ, რადგან მათი საქციელი კონკრეტულ ადამიანებს ეხება, ჩვენი დამოკიდებულება კი საზოგადოებაში გაბატონებულ ღირებულებებს განსაზღვრავს. ღირებულებებს, რომელიც შობს ცრუ გმირებს, რომელთა მაგალითიც, თავის მხრივ, უწყვეტი მორალური სიბეცის სპირალში გვაბრუნებს (აკი თითქმის ყველა, ვისაც ლიოტჩიკა გულისხმობდა, დღესაც პოლიტიკაშია და მათ მიერ გადალახულ არაერთ ეკლიან ბარიერზე რომ ჰკითხო, გეტყვიან, რომ მაშინ ისე იყო სწორი, ახლა კი - ასე).
დიახ, ერთხელ გაწეული დათვური სამსახური სამუდამო დაღს ასვამს ჩვენს არსებობას. კომპრომისი განგვაიარაღებს, გვახეიბრებს და იოლად სამართავს გვხდის... სინამდვილეში, “ანგელოზივით ბავშვი“ ჩვენი სამიათასწლოვანი ისტორიის ზადიანი სახეა (რომ არა ასეთი მიდგომა, ვინ იცის, ეგებ დღეს შვეიცარია ვყოფილიყავით?). “ანგელოზივით ბავშვის“ მომავალი ჩვენი კოლექტიური მომავალია. ის ხან ჩვენი შვილია, ხან - ჩვენი მტრის შვილი, ხან საყვარელი პოლიტიკოსი და ხანაც - საფიცარი ჟურნალისტი...
ასე და ამგვარად, წლიდან წლამდე მორალური რელატივიზმის ტექნიკური წყლით ვრწყავთ იმ ნოყიერ მიწას, რომელზეც ვდგავართ და მას ჯერ წუმპედ, შემდეგ კი უიმედო ჭაობად ვაქცევთ. ჭაობად, რომელშიც მცირე კერძო ხეირის მოლოდინში ერთად ვცხოვრობთ ჩვენც, “ანგელოზივით ბავშვიც“, ის “მეორეც“, მოკლულის ოჯახიც, ჩვენი სიზარმაცისა თუ მიამიტობის ხარჯზე მოტივტივე კარიერული პოლიტიკოსებიცა და უკვდავი ქართული სალონიც, რომელიც ბოროტს ყოველთვის უძებნის გამართლებას, ხოლო კეთილს ყოველთვის უწუნებს ფორმას.
ყველა დიდი მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება. ერთი ნაბიჯით იწყება ყველა მორალური კომპრომისიც. საით ვდგამთ ამ ერთ ნაბიჯს?
და როდემდე ჩავებღაუჭებით ტყუილს, რომლის მძევალიც ვართ, საკუთარი თავის საზიანოდ?
ზაზა ბიბილაშვილი
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი