პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ
პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.
უფრო ზუსტად, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს:
- მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
- ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ - საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.
პროკურატურა „ლელოს“ ლიდერების მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს, ყველა სხვა ოპოზიციონერი საპატიმროშია, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
გიორგი გვარაკიძემ, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებს, აღწერა, რომელ პოლიტიკოსს რას ედავებიან:
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტის, „სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ“ და „თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“;
- ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სანქციებისთვის აწვდიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მონაცემებს - „შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“;
- ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“;
- მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციითა და ვიდეომიმართვებით, რომლებიც ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით, „მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ“.
იმ სამი პარტიის გასაუქმებლად, რომელთა ლიდერების წინააღმდეგაც პროკურატურამ ახალი საქმე აღძრა, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს 31 ოქტომბერს მიმართა. პარტია მოითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის სამი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის გაუქმებას („ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო - ძლიერი საქართველო“).
სიახლეები
- “შავი ხვრელები საქართველოში, საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდება – ეს ის ხალხია, ვინც აბრალებდა საკუთარ ქვეყანას ყველაფერ ამ უბედურებას” - მაჭარაშვილი
- შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ი.თ. დააკავეს
- ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა
- “ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან” - ირაკლი კობახიძე
