დღეს საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს გადააბარებს

2020 წლის 15 მაისს, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა რომლის ფარგლებშიც მოხდება საქართველოს მიერ საბერძნეთისათვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ოფიციალური გადაბარება.

სხდომას სიტყვით მიმართავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რომელიც თავის გამოსვლაში შეაჯამებს გასული 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებს და შედეგებს.

 

სხდომის მონაწილეებს  ასევე სიტყვით მიმართავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დაემსი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი, ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი, ანდერს კნაპე და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ელჩები. გამომსვლელები  შეაფასებენ საქართველოს მიერ თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეულ საქმიანობას და მიღწეულ შედეგებს.


 
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის 6 თვიანი პერიოდის 2 თვე, კოვიდ-19 პანდემიის დროს მოუწია. ზემოაღნიშნული წარმოადგენდა ურთულეს გამოწვევას ორგანიზაციის მუშაობისათვის. შექმნილი უპრეცედენტო ვითარება, დაუყოვნებლივ მოითხოვდა ორგანიზაციის მუშაობისათვის ახალი სამუშაო მეთოდების შემუშავებას. საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით და ორგანიზაციის შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, მინისტრთა კომიტეტის მუშაობა განახლდა ახალი სამუშაო მეთოდებით, როგორიცაა წერილობითი პროცედურა და ვიდეო კონფერენციები. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა მინისტრთა კომიტეტის მიერ სხდომების ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება.



კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა, 22 აპრილს, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, 15 მაისს ქ. სტრასბურგში დაგეგმილი მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის (მინისტერიალის), 4 ნოემბერს ქ. ათენში გადატანასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე საბერძნეთის თავმჯდომარეობის ქვეშ გაიმართება.  


ამასთანავე, 22 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მან განცხადებაში გამოთქვა კმაყოფილება, რომ  ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყანა შეთანხმდა პანდემიასთან ერთობლივი ბრძოლის გაგრძელების საჭიროებაზე, ორგანიზაციის ღირებულებებისა და სტანდარტების შენარჩუნებით.


 
როგორც ცნობილია, საქართველომ, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შემდგომი ხელშეწყობისა და კიდევ უფრო გაძლიერებისათვის თავმჯდომარეობის შემდეგი პრიორიტეტები შეარჩია:

1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;

2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;

4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობით.


ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის სამოქმედო პროგრამა მოიცავდა თავმჯდომარეობის ძირითად პრიორიტეტებთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებას. შესაბამისად, 2020 წლის 27 თებერვალს, ქ. სტრასბურგში გაიმართა მაღალი დონის კონფერენცია გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებზე, რომელსაც ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენციის დასასრულს მიღებულ იქნა საქართველოს თავმჯდომარეობის დეკლარაცია ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე.


 
აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირი თავმჯდომარეობის პრიორიტეტად აღიარა და ხელი შეუწყო ამ საკითხის განხილვას ევროპის საბჭოს ფორმატში.  შესაბამისად, 2020 წლის 15 მაისს დამატებით იქნა მიღებული საქართველოს თავმჯდომარეობის და მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნების - საბერძნეთისა  და გერმანიის ერთობლივი დეკლარაცია, ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის საკითხზე. დეკლარაციაში საუბარია გარემოსა და კლიმატის წინაშე არსებულ საფრთხეზე და ხაზგასმულია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, საერთაშორისო დონეზე ერთობლივი, მიზანმიმართული ქმედების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეასრულებს საბაზისო დოკუმენტის როლს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით, ევროპის საბჭოს სამომავლო საქმიანობის განვითარებას.


 
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: საერთაშორისო კონფერენცია - „სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, რომელიც კოვიდ-19 პანდემიის გამო, 6 მარტის ნაცვლად გაიმართა 6-7 მაისს ონლაინ ფორმატში და მაღალი დონის მრგვალი მაგიდა: „ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება“, რომელიც ასევე პანდემიის გამო 23 მარტის ნაცვლად გაიმართა 12 მაისს ონლაინ ფორმატში.


 
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ღონისძიების შედეგად საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ მიღებულ იქნა დასკვნითი დოკუმენტები, სადაც ჩამოყალიბდა რეკომენდაციები, აღნიშნული მიმართულებების კონტექსტში ევროპის საბჭოს სამომავლო საქმიანობის თაობაზე. მიღებულმა დოკუმენტებმა დიდი მხარდაჭერა ჰპოვა ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული ფაქტი შესაძლებელია ჩაითვალოს საქართველოს თავმჯდომარეობის მემკვიდრეობად. 


 
ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 23 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, გაიმართა მინისტრთა მოადგილეების სხდომა (არაფორმალური აზრთა გაცვლა), რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტთან  „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში“. სხდომის დასრულების შემდეგ, გაიმართა ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგიის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში.


 
თავმჯდომარეობის ფარგლებში ასევე გაიმართა რიგი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, კერძოდ ევროპის საბჭოში მინისტრთა მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა ქალთა და გოგონათა მიმართ კიბერ ძალადობის თემაზე და ქ. თბილისში  საერთაშორისო კონფერენცია-  „დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესებში“. აღნიშნული კონფერენცია, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტი, ორგანიზებული იყო  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ.

 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, კომიტეტის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წევრი სახელმწიფოების მიერ წესდებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საპასუხოდ მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეას შორის დამატებითი პროცედურის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა. 2020 წლის 5 თებერვალს საქართველოს თავმჯდომარეობით გამართულ მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, განხილვებისა და კონსულტაციების შედეგად, მოხდა ხსენებული გადაწყვეტილების დამტკიცება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 27 იანვარს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა საპარლამენტო ასამბლეას. მან სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო ასამბლეას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პრიორიტეტების შესახებ და ასევე გააცნო საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. მეორე დღეს კი საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მან სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.



ამასთანავე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიაწოდა ეუთოს მუდმივ საბჭოს.  


დავით ზალკალიანმა, თავმჯდომარეობის რანგში გააკეთა სხვადასხვა განცხადებები, კერძოდ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 70 წლის იუბილესთან (აღნიშნული განცხადება გაკეთდა გენერალურ მდივანთან, საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან ერთად), ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიის მე–6 წლისთავთან, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან, ევროპის დღესთან და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით.



ასევე აღსანიშნავია, რომ თემატური ღონისძიებების გარდა, საქართველოს პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის, თავმჯდომარეობის პერიოდში, ქ. სტრასბურგში გაიმართა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, კერძოდ: 2019 წლის 22 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე ქ. სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე განთავსებულ იქნა ქართული კოტეჯი;  ქ. სტრასბურგის ერთ-ერთ ტრამვაიზე, 6 თვის განმავლობაში განთავსდა ქართული ანბანი; 2019 წლის 3 დეკემბერს გაიმართა ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი სტრასბურგის მუსიკისა და კონგრესის სასახლეში; 2019 წლის 16 დეკემბერს გაიმართა ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლის გვანცა გაგნიძის კონცერტი სტრასბურგის ფილარმონიის ორკესტრის თანმხლებით;  2020 წლის 28 იანვარს გაიმართა ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება; 2020 წლის 4-17 მარტს გაიმართა ქართული ფილმების კვირეული საფრანგეთის ერთ-ერთი უძველეს კინოთეატრში „Odysee”-ში.  



აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, 2020 წლის 1 მაისს საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი ქვეყანა გახდა. 


 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობამდე, 2019 წლის მაისიდან - ნოემბრამდე იყო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე. აღნიშნულ პერიოდში გაიმართა კომიტეტის ორი შეხვედრა, რომლის დროსაც არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

წაკითხვა 382 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.