არასრულწლოვანთა დანაშაული - მიზეზები, პრევენცია, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის გზები

ბოლო წლებში გახმაურებული კრიმინალური საქმეებიდან ადვილად შეგვიძლია დავასახელოთ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები. საქართველოში ეს თემა საკმაოდ აქტუალური და მტკივნეულია.

სწორედ ამიტომ საინტერესოა, - რამ შეიძლება განაპირობოს არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენა, როგორ შეიძლება არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია, რა არის საჭირო მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისთვის და რა პროგრამები ხორციელდება ამ კუთხით.

 

დანაშაულის გამომწვევი ფაქტორები კომპლექსურია. ის შედგება  ფსიქოლოგიური და სოციალური გარემოებებისგან, რომლებიც ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და იწვევენ ამა თუ იმ ქცევას.  

 

ქუთაისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას მიიჩნევს. მათი აზრით დამნაშავე მოზარდების უმეტესობას მშობლების ყურადღება აკლია. ამბობენ, რომ ის ბავშვები, რომელთა მშობლები საზღვარგარეთ არიან, ხანდახან არასწორ გარემოში ხვდებიან და „გზას სცდებიან“. რისკის ჯგუფად მიაჩნიათ ასევე ქუჩაში მცხოვრები, უსახლკარო ბავშვები.

 

არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზებად ასახელებენ, აგრეთვე, ბავშვობაში მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებს, გადატანილ ძალადობას, კრიმინალური ავტორიტეტებისთვის მიბაძვას და ა.შ.

 

ქვემოთ შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ქუთაისელების მიერ დასახელებული ფაქტორების შესახებ და ავხსნათ რა გარემოებები შეიძლება გახდეს არასრულწლოვნებში დანაშაულის მაპროვოცირებელი.

 

არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თეორია - სოციალური დასწავლის თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას ამა თუ იმ ქმედების გამომწვევი მიზეზები. ამ თეორიის მიმდევრები განიხილავენ დანაშაულს, როგორც გააზრებულ პასუხს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოვლენაზე. ამ თეორიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი   ა.ბანდურა მიიჩნევდა, რომ ადამიანები არ იბადებიან თანდაყოლილი ქმედებებით, არამედ ძალადობა და აგრესია დაისწავლება სხვისი ქცევის მოდელირების გზით.

 

ბევრ შემთხვევაში დანაშაულის გამომწვევი მიზეზები მართლაც შეგვიძლია დავუკავშიროთ მოცემულ თეორიას. განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება არასრულწლოვნებს.

 

  • ოჯახური პრობლემები

ბავშვის/მოზარდის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ოჯახი, განსაკუთრებით მშობლები. ოჯახური პრობლემები კი შეიძლება იყოს ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი. ეს პრობლემები შეიძლება იყოს ეკონომიკური, სოციალური და სხვა.

 

საქართველოში, ემიგრანტთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება მშობლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანთა რაოდენობაც. ბებიებისთვის, ბაბუებისთვის თუ სხვა აღმზრდელებისთვის კი, ხანდახან, რთულია მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვების ყურადღება და კონტროლი, რომ ისინი არ მოხვდნენ ცუდ გარემოში. არასწორმა გარემოცვამ კი შესაძლოა ბავშვს/მოზარდს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგოს.

 

დანაშაულის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ასევე ოჯახური ძალადობა, მშობლების გულგრილობა, მშობლების მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება და ა.შ.

 

  • ძალადობა წარმოშობს ძალადობას

ხშირად, ძალადობის მსხვერპლნი არიან პოტენციური მოძალადეები.  პიროვნებას შეიძლება მოუწიოს ძალადობასთან დაპირისპირება სხვადასხვა სოციალურ გარემოში: ოჯახში, სკოლაში და ა.შ. ძალადობაგანცდილი ბავშვებს კი უმეტესად დარღვეული აქვთ კავშირი უფროსებთან, არ აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის უნარი, ხდებიან „მობულინგეები“, რითაც ცდილობენ თავის დამკვიდრებას, ზოგჯერ კი ბედს კრიმინალურ გარემოს უკავშირებენ.

 

  • მიმბაძველობა - ხდება თუ არა ერთი დანაშაული სხვების მაპროვოცირებელი?!

ადამიანი სოციალური განვითარების რამდენიმე ეტაპს გადის, რომელთა შორის ბავშვობა და მოზარდობა ნამდვილად მნიშვნელოვანია. ბავშვობის ასაკში ყალიბდება პიროვნების ღირებულებები, ქცევის ნიმუშები და მოტივები. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს ადამიანისთვის ოჯახი და მშობლები წარმოადენენ. შემდგომ, მოზარდობის ეტაპზე ადამიანები ცდილობენ განსაზღვრონ საკუთარი იდენტობა, ცდილობენ თვითდამკვიდრებას და ხშირად  მშობლების გავლენას თანატოლების და მეგობრების გავლენა ანაცვლებს. აქედან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზად შეიძლება იქცეს მიმბაძველობა.

მათ შეიძლება აიღონ მაგალითი

  • ოჯახის წევრებისგან, რომლებიც ჩადიან დანაშაულებრივი ქცევებს;
  • თანატოლებისგან, რომლებიც მიდრეკილნი არიან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისკენ;
  • ე.წ. „ავტორიტეტებისგან“, რომლებიც უბიძგებენ ბავშვებს დანაშაულის ჩადენისკენ.

სამწუხაროდ, საქართველოში შემორჩენილია ე.წ. „კაი ბიჭის“ და „კანონიერი ქურდის“ ცნებები, და მათთან დაკავშირებული „ავტორიტეტები“. არასრულწლოვნებში კვლავ მიმდინარეობს ამ მენტალიტეტის პროპაგანდა, სადაც დანაშაული ნორმადაა მიჩნეული. შესაბამისად, არსებობენ თინეიჯერები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ აირჩიონ მსგავსი ცხოვრების წესი, რაც ზრდის მათ მიერ დანაშაულის ჩადენის რისკს.

 

  • ფსიქოლოგიური პრობლემები

ცუდმა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მშობლების გულგრილმა დამოკიდებულებამ, არასრულფასოვნების განცდამ, არასაკმარისმა ყურადღებამ, და სხვა მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური პრობლემები ბავშვებში და მოზარდებში. მაგალითად, დეპრესია, შიშები და კომპლექსები, ჭარბი აგრესია და ა.შ. რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი.

 

  • „ქუჩასთან“ დაკავშირებული არასრულწლოვნები

საქართველოში უსახლკარო ბავშვების პრობლემა დღემდე მწვავე საკითხად რჩება. ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, ცუდი ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობის გამო,  შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ რისკ-ჯგუფად, ვინაიდან არიან უსახლკარო ბავშვები, რომლებსაც არსებობის ერთადერთ გზად „ხულიგნობა“ ესახებათ.

 

საქართველოს კანონმდებლობით 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ სამართლებრივი დევნა არ გამოიყენება, რაც შეიძლება ითქვას, იწვევს ბავშვებში „დაუსჯელობის სინდრომს“. რაც ნიშნავს, რომ მცირეწლოვანმა, რომელმაც იცის რომ დანაშაულისთვის არ დაისჯება, შესაძლოა განმეორებით ჩაიდინოს დანაშაული. ქუჩაში მცხოვრები მოზარდები ამ სიტუაციას „სასარგებლოდ“ იყენებენ და არის შემთხვევები, როცა შედარებით მოზრდილი და „გამოცდილი“ ბავშვები, უმცროსებს დანაშაულის ჩადენას აიძულებენ, ვინაიდან იციან რომ მათ „საფრთხე არ ემუქრებათ“.

 

არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია

ძალადობის, ფსიქოლოგიური პრობლემების,  „ქუჩის ცხოვრების“ წესის თუ სხვა ფაქტორების ფონზე, რომლებიც უბიძგებს არასრულწლოვანს დანაშაულის ჩადენისკენ, საჭიროა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ მოზარდმა/ბავშვმა დაინახოს სწორი გზა.

 

საერთაშორისო გამოცდილება დანაშაულის დონეს სამ დონედ ჰყოფს:

  • · პირველადი (primary);
  • · მეორეული (secondary);
  • · მესამეული (tetriaty);

ყოველ დონეზე პრევენციულ ღონისძიებებს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

არასრულოვანთა დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის და მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარების კუთხით საქართველოში მუშაობს სსსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი", რომელიც 2012 წელს შეიქმნა.

 

ცენტრში მუშაობენ  დანაშაულის, როგორც ადრეული, ზოგადი პრევენციის კუთხით, ასევე დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან.

 

დანაშაულის პირველადი პრევენციის ღონისძიებების კუთხით აღასანიშნავია პროგრამები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის ხორციელდება, მათ შორის

 

  • „ლიდერთა სახლი" - რომელიც ხორციელდება საქართველოს 13 ქალაქში და არასრულწლოვნებს ტრენინგების, სემინარების, სპორტული შეჯიბრებების და სხვა ღონისძიებებით ეძლევათ განივითარონ ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები
  • „ორი თაობა" - რომელიც გულისხმობს სკოლის მოსწავლეების მოხალისეობრივ ჩართულობას მოხუცთა თავშესაფრებში.  მოზარდები დაეხმარებიან მოხუცებს რაც ხელ შეუწყობს არასრულწლოვნებში სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას.

დანაშაულის მეორე დონის პრევენციისთვის ცენტრი უზრუნველყოფს რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს მიკუთვნებულ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. ამ კუთხით თბილისში ხორციელდება პროგრამა „ახალგაზრდული კლუბი“, რომლის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნებიან ის არასრულწლოვნები, რომლებიც გამოირჩევიან რთული, ანტისოციალური ქცევით. ეს პროგრამა ეხმარება ბენეფიციარებს თავისუფალი დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გამოიყენონ.

 

მესამეული პრევენციის პროგრამებს მიაკუთვნებენ, პროგრამებს, რომლებიც გამიზნულია იმ ბავშვების მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციაზე, ვინც აღიარა დანაშაული ან მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენაში. ფაქტობრივად, ესაა განრიდებისა და მედიაციის პროგრამები, რომლებიც ვრცელდება 21 წლამდე პირებზე.

 

არსი მდგომარეობს შემდეგში: თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ 21 წლამდე ასაკის პირმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და მის მიმართ გამოიყენოს განრიდების მექანიზმი. განრიდების პროგრამები 21 წელს მიუღწეველი პირისათვის წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ.

 

ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია

საქართველოში, 2012 წლის ბოლოს დაიწყო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა, რომლის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება. გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური სამუშაოს სპეციალისტები/მთავარი სპეციალისტები პენიტენციურ დაწესებულებებში ხვდებიან მსჯავრდებულებს და აწვდიან ინფორმაციას პროგრამის და სერვისების შესახებ.

 

რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა.

 

წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ პროექტი “ ნაბიჯ-ნაბიჯ  უკეთესი მომავლისაკენ“,  რომელიც ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში, HILFSWERK International-ის, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობისა“ (შიდა ქართლსა და სამეგრელოში) და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ (იმერეთში), რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციას ინტეგრაციული მიდგომის გზით, რაც მოიცავს პროფესიულ გადამზადებას, ასევე - ფსიქო-სოციალურ, იურიდიულ კონსულტაციებს და დახმარებას სამუშაოს მოძიებაში, მხარდაჭერას მენტორების მიერ და სხვა ბენეფიტების მიწოდებას (უფასო კვება ტრენინგების განმავლობაში, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება).

 

წარმატებულ მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეარათ  ანაზღაურებადი სტაჟირება  ადგილობრივ კომპანიებში ან განაცხადი გაეკეთებინათ მატერიალურ მხარდაჭერაზე, რათა წამოეწყოთ საკუთარი  ან გაეფართოვებინათ უკვე არსებული ბიზნესი ან შეექმნათ საარსებო წყარო.

 

სასჯელაღსრულების სისტემაში არასრულწლოვანი ბრალდებულ-მსჯავრდებულები განსაკუთრებულ მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს. მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული პროგრამები არასრულწლოვანთა დაწესებულებებში დანერგილი ინდივიდუალური მიდგომის მექანიზმით არის განსაზღვრული.

 

მათ აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა განათლების სისტემაში არსებული სტანდარტისა და ეროვნული გეგმის შესაბამისი სასწავლო პროცესის შესაბამისად. ხორციელდება სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამები: ჯგუფური ინტერვენციები, ფსიქო-სოციალური ტრენინგები, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები.

 

მიუხედავად, მიმდინარე და უკვე დასრულებული პრევენციული ღონისძიებებისა, საქართველოში არასრულწლოვნების დანაშაული კვლავ აქტუალურია. ამის აღმოსაფხვრელად კი კომპლექსური, ყოვლისმომცველი მიდგომები და ჩართულობაა საჭირო დანაშაულის ყოველ ეტაპზე, როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების მხრიდან. აგრეთვე, ვფიქრობ, ამ ღონისძიებების ეფექტურობისთვის საჭიროა, რომ  პრევენციულმა პროგრამებმა მოიცვას რისკ-ჯგუფების ყველა წევრი და იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მათთვის.

 

ბლოგის ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 2126 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 20 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.