რა პრობლემები შეუქმნა საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს კორონავირუსმა
არავინ ელოდა... არავინ მომზადებულა... ერთ დღესაც გავიღვიძეთ და აღმოჩნდა, რომ მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. კორონავირუსმა შეცვალა მსოფლიო. შეცვალა ადამიანების სოციალური მდგომარეობა, ქცევის წესები და კიდევ მრავალი სხვა, რასაც, ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდით.
მსოფლიო პანდემიამ დიდი გავლენა იქონია ეკონომიკაზე. ზოგიერთმა ქვეყანამ შეძლო მისი შენარჩუნება, ზოგს ჩამოეშალა, ზოგს რომ არ ჩამოშლოდა ვირუსი მიუშვა თავის ნებაზე და ისევ ადამიანები გაწირა სიკვდილისთვის. თუმცა დღემდე ჯერ კიდევ არ იციან რომელი ქვეყანა მოიქცა სწორად და რომელი არა. ამას ალბათ დრო გვიჩვენებს და გამოცდილება, რომელსაც ვირუსთან გამკლავების პერიოდში მივიღებთ. რაც მთავარია ვირუსის დასამარცხებელი ვაქცინა არ ჩანს, თითქმის ყოველ კვირას ახალ ამბად გვხვდება, რომ ესა თუ ის კვლევა ჩაიშალა, ამა თუ იმ მიზეზის გამო.
კორონავირუსმა საქართველოზეც თავისი კვალი დატოვა. ვირუსის პირველ ტალღას მასშტაბური "ლოკდაუნით" გავუმკლავდით, თუმცა ეკონომიკურად დავზარალდით. მართალია ევროპის ქვეყნებმა მწვანე ზონად გამოგვაცხადეს, მაგრამ ტურიზმი მაინც ჩაგვაკვდა ხელებში. სოციალურად ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა, სამსახურები დაკარგეს, რომლითაც დღიურ ლუკმას შოულობდნენ. მეორე ტალღის მოლოდინში დაგვავიწყდა, რომ ვირუსი არსებობს და შიდა ტურიზმი განვავითარეთ, რასაც ქვეყნის მასშტაბით ეპიდაფეთქება მოჰყვა.
კორონავირუსმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსაც. ეკონომიკური კრიზისი მათაც შეეხოთ.
FirstNews.ge დაინტერესდა თუ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები ქუთაისში, როგორი პირობები და სამუშაო გარემო აქვთ მათ, არიან თუ არა თანაბარ პირობებში, რა პრობლემებს აწყდებიან, რა პრობლემები შეუქმნა კორონავირუსმა. ამ საკითხებზე სასაუბროდ ჩინელი მოქალაქეების მაღაზიებს ვესტუმრეთ, რომელიც მრავლადაა ჩვენს ირგვლივ.
ქუთაისში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩინელმა თავი შეიკავა კომენტარისგან, მაგრამ მოვახერხეთ და რამდენიმე მათგანი ჩავწერეთ.
ტომი
"ხუთი წელია ქუთაისში ვცხოვრობ, ერთი წელი ჯერ თბილისში ვიყავი, შემდეგ აქ ჩამოვედი. ეს ქალაქი ძალიან მომწონს, შევეჩვიე. ტანსაცმლის მაღაზია მაქვს გახსნილი. გამყიდველები ჩემთან ერთად ადგილობრივები არიან. ქირით ვცხოვრობ, პრობლემები ადრე არ მქონია, თუმცა კორონას პერიოდში შემექმნა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავედი და რამდენიმე ადამიანი დამიპირისპირდა, მოითხოვეს ჩემი ტრანსპორტიდან ჩამოსვლა: - ამას უეჭველი კორონა ექნებაო, ამათი ბრალია მთელი მსოფლიო რომ დაინფიცირდაო. ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. შემდეგ ცოტახანი ფეხით დავდიოდი, არ ავდიოდი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვერიდებოდი ინციდენტს. ახლა მგონი შეეჩვია ხალხი კორონას და ჩვენს მიმართაც ნაკლები აგრესია აქვთ. რაც შეეხება ბიზნესსა და მუშაობას, კორონას შემდეგ ჩემი შემოსავალი განახევრდა. არ ვიცი როგორ მოვიქცე ან სად წავიდე, ძალიან ცუდი მდგომარეობაა ყველგან".
ლინ დეოლი ჩინეთიდან ქალაქი ხუკი
ქუთაისში ექვსი წელია ვცხოვრობ, ჩემს ოჯახთან ერთად. ორი შვილი, მეუღლე, რძალი და ოთხი შვილიშვილი მყავს, ოთხივე ქუთაისში დაიბადა.
მოგეხსენებათ, დეკემბერში, ყოველთვის საახალწლოდ მივდივართ ჩვენს ქვეყანაში, ჩინეთში. ჩემი ოჯახის წევრები წავიდნენ დეკემბერში და დღესაც იქ არიან კორონავირუსის გამო. მე აქ ვარ და ისინი იქით არიან. აქ ქირით ვცხოვრობ. მომწონს ქუთაისი. ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხალხი ცხოვრობს.
საქართველოს ბინადრობის უფლებაც მაქვს. კორონას დროს აგრესია და ზიზღი რამდენიმე ადამიანისგან ვიგრძენი, მაღაზიაშიც არ შემოდიოდნენ. ზოგადად ისეთი განწყობა ჰქონდათ, რომ თუ ჩინელი ხარ უეჭველი კორონა გაქვს, ან თითქოს ჩვენი რიგითი ადამიანების ბრალი იყო.
საქართველო ერთ - ერთი უსაფრთხო ქვეყანაა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აქ ჩამოსვლა და ბიზნესის დაწყება. ვმუშაობ მაღაზიაში, გამყიდველად ქართველები მყავს, ძალიან ვმეგობრობთ და ვენდობი მათ. კოვიდმა ძალიან გაგვაჩერა, ჯერ სამი თვე საერთოდ დაკეტილი გვქონდა მაღაზია. გავიხსენით, მაგრამ მუშაობამ ძალიან იკლო. ხალხიც ნაკლებად შემოდის. ასე თუ გაგრძელდა არ ვიცი რა მოვიფიქრო."
ქუთაისის აკ.წერეთლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები, ინდოეთის ქალაქი ჰაიდრაბა
„მეორე კურსზე ვართ, ძალიან მოგვწონს ქუთაისი. გვიყვარს ქართული კერძები: ხაჭაპური, ხინკალი, მოხიბლული ვართ თქვენი კულტურით, განსაკუთრებით მოგვწონს ქართული ცეკვები.
უნივერსიტეტში ძალიან მეგობრული კურსელები გვყავს. ცუდი ისაა, რომ სწავლა ონლაინრეჟიმში გვაქვს კოვიდის გამო. სამედიცინო ფაკულტეტისთვის ეს ძალიან ცუდია. ასევე, კოვიდმა სურსათის ფასის კატასტროფული ზრდა გამოიწვია და ეს სტუდენტებისთვის არც ისე სახარბიელოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქირით ცხოვრობ.“
ავტორი: ივლიტა გოგუა
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი