„იქნებ ის მოხუცი მე მელოდება და ერთი დღით ვუხანგრძლივებ სიცოცხლეს" - ქალების როლი COVID 19-თან ბრძოლაში
ინდივიდუალური, უნიკალური, განსხვავებული, მოაზროვნე, ჭკვიანი ან... ძლიერი - სუსტი... - ეს ადამიანია. ერთმანეთისგან განსხვავებული ქცევებით, შეფასებებით...
საზოგადოებაში ქალებსა და კაცებს განსხვავებული გამოცდილება, ინტერესები და ხედვები აქვთ. ეს მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ჩვენგანს უფიქრია და ხშირადაც მოსვლია კამათი სხვებთან „ძლიერი ქალის“ მნიშვნელობაზე და აღქმაზე.
ბევრისთვის ეს ქალის ცხოვრებაში კარიერულ წინსვლაზე ასოცირდება, ზოგისთვის - კი სულიერ თვისებებზე, მაგალითად: ამაღლებული ზნეობა, სინაზე, თუმცა ამავე დროს გოროზი ბუნება, ნებისყოფა, გამძლეობა, ჭირთათმენის უნარი, ქალური სიბრძნე, დიპლომატია, დედობრივი ინსტინქტის ზეობა და კიდევ ბევრი...
რა თქმა უნდა, მოსაზრებები მრავალფეროვანია.
სად გადის ზღვარი ქალისა და მამაკაცის სიძლიერეზე? საინტერესოა! თუმცა აქვე გეტყვით, რომ ესეც ინდივიდუალურია, ამაზეც ყველა სხვადსხვაგვარად ფიქრობს.
თუმცა დღეს ამ თემაზე არ ვიკამათებთ, მაგრამ ვისაუბრებთ სიკეთეზე, სიხარულზე, დადებით ემოციებზე... და ამ ამბავშიც „ქალის ხელი ურევია“.
2019 წლის დასასრული - მსოფლიო
სამყაროს ახალი პრობლემა აქვს, კორონავირუსი, რომელიც არავის ცნობს, არც კაცს, არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს, არც თანამდებობის პირს (ამის მრავალი მაგალითი გვაქვს). 2020 წლის დასაწყისში რეალობა უფრო დამძიმდა, მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოცხადდა, ჩაიკეტა საზღვრები, აიკრძალა ადამიანური ურთიერთობები, ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა, სტუმრობა... ადამიანები ერთმანეთს შიშის თვალით უყურებენ, სახელმწიფოებმა ოჯახები სახლებში გამოკეტეს.
მსოფლიო გაჩერდა, დედამიწა დაპაუზდა... ერთი შეხედვით გადაქანცულმა, ცოტა ხნით შვებულებაში გასვლა მოისურვა, აი, ასე, ჩვენი ნებართვის გარეშე. ვირუსმა მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა და 11 მილიონამდე დააინფიცირა. აღნიშნული რიცხვები დღემდე იზრდება და თან ისეთ ბუმბერაზ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკა, ბრაზილია, რუსეთი (როცა გვეგონა, რომ ამ ქვეყნებს ვერავინ მოერეოდა). რისკ ჯგუფებში ძირითადად 60 წელს გადაცილებულები და ხანდაზმულები მოყვნენ, რომელთაც დამატებით სხვა დაავადებაც ჰქონდათ.
2020 წელი - საქართველო
პირველი შემთხვევის დაფიქსირების დღიდან მთავრობამ მკაცრი ზომების მიღება დაიწყო. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე თითქმის ყოველ დღე მკაცრდებოდა რეგულაციები - გამოცხადდა კომენდანტის საათი, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩაიკეტა ქალაქები... საზოგადოებისთვის ერთობ უცნაური სიტუაცია, სოციალურ ქსელში ჯერ სახუმაროდ, შემდეგ კი - უცებ შიშის ფაქტორად გადაიქცა.
მოსახლეობა შიშისა და შიმშილის ზღვარზე
პანიკამ მოიცვა ქვეყანა, სიტყვა „პანდემიამ“ ბევრის გონებაში აპოკალიფსური სურათი დახატა. იმის შიშმა, რომ ადამიანები ვირუსის გარდა შიმშილისგან დაიხოცებოდნენ, სასურსათო მაღაზიები დააცარიელა. შეიკეტნენ!
ეკონომიკა გაჩერდა. უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, ისეთები, რომლებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული. ხანდაზმულები დაინფიცირების რისკის ქვეშ იყვნენ და ბევრ მზრუნველობა მოკლებულ მოხუცს უფრო მეტად გაუჭირდა.
მთავრობა, სხვადასხვა არსამთავრობო ორგანიზაციები და კომპანიები მოსახლეობის დახმარებას ცდილობდნენ. ერთ-ერთი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იყო, რომელმაც მოხალისეობრივი პროგრამით უამრავ ადამიანს, მათ შორის ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
Firstnews.ge-მ მოიძია აღნიშნული ორგანიზაციის მოხალისე ქალები, რომლებიც გვიყვებიან თუ როგორ ეხმარებოდნენ ადამიანებს. ისინი ცდილობენ გაგვიზიარონ საკუთარი განცდები და ემოციები, რომლებიც თითოეული ადამიანის დახმარების დროს გაუჩნდათ.
მარიკა ვაჭარაძე - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის მოხალისე ხონში
როცა ვინმეს ვეხმარები უპირობოდ განწყობაც დადებითია. მზადება ორი-სამი დღით, ზოგჯერ ერთი კვირით ადრეც იწყება. თუმცა დილიდან გონებაში მაინც იხსენებ - რამე არ დაგრჩეს, ხომ ყველაფერი ჩავალაგე, სწორად ხომ გადავანაწილე. რა თქმა უნდა, ფიქრობ ბენეფიციარებზე - მათ ემოციებზე, განწყობაზე. ბუნებრივია შენც ამ ემოციების ნაწილი ხდები და ხვდები რამდენად დიდი იმედი ხარ მათთვის!!! იმედი მომავლის, იმედი სიცოცხლის! და მაინც, პირველ რიგში ფიქრობ შენს უსაფრთხოებაზე, რომელიც პირდაპირ პროპორციულია ბენეფიციარების დაცულობის. იცავ ყველა წესს და პროდუქტებსაც უსაფრთხოების წესების დაცვით ალაგებ და ანაწილებ. რთულია, მაგრამ სასიამოვნოა ემოციები რომელსაც ბენეფიციარები გინაწილებენ. ამიტომაც აასმაგებ შენს მოხალისეობრივ განწყობას და ცდილობ სწორად დაგეგმილი მარშრუტით უმოკლეს დროში ყველა ბენეფიციარი მოინახულო. ჩემი მოხალისეობრივი სამუშაოს ერთი დღე იყო რთული, მაგრამ ახლა, ამ წუთშიც კი ბედნიერი ვარ, რადგან თვალწინ მიდგას ბებოების და ბაბუების, მათი პატარა შვილიშვილების ბედნიერი და იმედიანი თვალები.
- რამდენად სარისკო იყო პანდემიის დროს მოხალისეობრივი სამსახური?
- სარისკო იყო, თანაც ძალიან! ფაქტობრივად ჩვენ არ ვიცოდით, სად შეიძლებოდა შევყროდით თუ შეგვყროდა ვირუსი. ეს უფრო ამძიმებდა ჩვენს გადაადგილებასა და კონტაქტს ბენეფიციერბთან. მიუხედავად იმისა რომ სრული ეკიპირება გვქონდა „წითელი ჯვრის“ მიერ უზრუნველყოფილი, მაინც მაქსიმალურად ვიცავდი სხვა წესებსაც. სახლში, პირად ნივთებსაც, რომ ვეხებოდი სადეზინფექციო ხსნარს ვიყენებდი და ზოგჯერ მეგონა რომ ვამეტებდი. ხელთათმანი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო, მაგრამ მისი მოხსნის წესები 100%-ით უნდა დაგეცვა.
პანდემიის დროს, როდესაც მოხალისეობრივ სამუშაოს ვეწეოდი, რაღაც ეტაპზე მეგონა, რომ ჩვენი ბენეფიციარების უსაფრთხოება უფრო საპასუხისმგებლო იყო ვიდრე ჩემი ოჯახის წევრების. ეს ფრაზა მინდა სწორად გაიგოთ! მაგრამ აქ იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც გარეთ გასვლას მაიძულებდა - იქნებ ის მოხუცი სწორედ მე მელოდება, ჩემს დახმარებას და ჩემს მიერ მიტანილ პროდუქტებს... პირდაპირ ვიტყვი - იქნებ შიმშილის ზღვარზეა და მე ამით თუნდაც ერთი დღით ვუხანგრძლივებ სიცოცხლეს. ეს იყო ის რასაც მე მათთან მივყავდი.
-როგორი ემოციები გეუფლებოდათ, როდესაც, რომელიმე ოჯახს ან მოხუცს ეხმარებოდით?
- ძნელი გადმოსაცემია... გრძნობ რომ მათიანი ხარ, იმ მომენტში იმდენ სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებენ, ლამის საუკუნის სიცოცხლეს გივსებს. „შენ მოიყარე ასჯერ ჩემს ხნობამდე“ - ფაქტობრივად მარადიულ სიცოცხლეს გჩუქნიან, ეძვირფასები, ეიმედები, უნდათ რომ გულში ჩაგიკრან და ამ გრძნობებით ხარ ბედნიერი.
- რაიმე განსაკუთრებულ მომენტს ხომ ვერ გაიხსენებდით, რომელიც ამ საქმიანობის დროს (პანდემიის დროს) გადაგხდათ და ღრმად ჩაიბეჭდა თქვენს მეხსიერებაში?
- „კიდე მოხვალთ?“ - ეს კითხვა იყოს რამაც ემოციურად გამანადგურა... ერთ-ერთ ბენეფიციართან რომ მივედით სიხარულით ცრემლებით აევსო თვალები. ყველაზე მეტად რაც ბენეფიციართან ვიზიტის დროს მიჭირდა - ემოციების მართვა იყო.
- როგორ გხვდებოდნენ სახლში „გამოკეტილი“ მოსახლეობა? ( გაიხსენეთ ფრაზები, ემოციები, კურიოზები)
- პირველ რიგში უკვირდათ, როდესაც ჭიშკართან მისულ ადამიანებს ხედავდნენ, შემდეგი ემოცია სიხარული იყო, როცა ნობათს გადასცემდი გაკვირვება, რასაც უამრავი სამადლობელი და ლოცვის სიტყვები მოყვებოდა. დამშვიდობება იყო რთული, მაგრამ იმედიანი - ისევ შევხვდებით, ისევ მოხვალთ!
რაც შეეხება კურიოზს დასახმარებლად მისულებს თავად დაგვჭირდა დახმარება... ჩავედით, გადავეცით ნობათი, ჩავსხედით მანქანაში და საოცრება - მანქანა ვერ ავამუშავეთ. არადა 4 ბენეფიციარი კიდევ უნდა მოგვენახულებინა. რა თქმა უნდა, გამოვიძახეთ დახმარება. თუმცა სანამ პრობლემა მოგვარდებოდა ლამის მთელი ქუჩა შეიკრიბა, მოკლედ ძალიან სასაცილო იყო. მანქანა მალე შეკეთდა და ყველა ბენეფიციარი მოვინახულეთ. და კიდევ, ნობათის შეგროვებას საკუთარი ავტომობილით ვახერხებდი, პარტნიორ სუპერმაკეტებში და მინდა გითხრათ პირველი ჯარიმა „დგომა-გაჩერებაზე“ სწორედ რომ ამ დროს მივიღე.
- მსოფლიო შეცვალა კორონავირუსმა. თქვენი აზრით, როგორი იქნება მსოფლიო და საზოგადოება ამ პანდემიის შემდეგ? რა უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს, რა სტეროტიპები დაირღვევა?
- ძალიან შეიცვალა მსოფლიო, მაგრამ არის ცვლილებები და წესები, რასაც ვთვლი რომ აქამდეც უნდა გვცოდნოდა და გვეკეთებინა. ჰიგიენური წესების დაცვა, სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება, პირბადე, ხელთათმანები ჩვენი ყოველდღიურობა გახდა და მგონია, რომ ეს არც თუ ისე ცუდია. მხოლოდ COVID-19 არა, სხვა ვირუსებიც არსებობენ და ყოველდღიურად გვიქმნიან საფრთხეს. ამიტომ მგონია, რომ, რაღაც დოზით ეს წესები ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება. მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის ჰიგიენური ნორმების დაცვა ვფიქრობ აუცილებელი გახდება. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება უფრო სუფთა და უსაფრთხო. ჩვენც, მოქალაქეებიც ვიქნებით უფრო ფრთხილები და ეს კომპლექსურად შექმნის უსაფრთხო გარემოს. გლობალიზაციის პირობებში, პანდემიის დროს, დაცულობა და უსაფრთხოება რთულად მისაღწევია, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია.
მაგდა ღვინერია - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი
პანდემიის დროს, უმუშვევრობის ფონზე მინდოდა რამე გამეკეთებინა და თანაც სხვებისთვის სასარგებლო. ქალბატონ ნინოს მივმართე და შევთავაზე, მთელი ენთუზიაზმით, კარგი საქმე გამეკეთებინა წითელ ჯვართან ერთად. პირველი ჩემი გასვლა 2 მაისს " გვირილობას" იყო. ეს საოცარი განცდაა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ადამიანების გამხნევება და მათი დღის გალამაზება. მეორე, მესამე და შემდეგი დღეები ძალიან საინტერესო გამოდგა. ნობათებს ვამზადებდით. საოცარი ემოციები დამეუფლა, როდესაც საკვები პროდუქტები ხანდაზმულებს დავურიგეთ. ახლაც სასიამოვნოდ ჩამესმის მათი სამადლობელი სიტყვები და ჩვენი დალოცვა. განსაკუთრებული იყო მათი გამოძახილი სახლიდან - ჩამოდით, შემოდით, უფალმა დაგლოცოთ.
უდიდესი სიამაყე დამეუფლა, როდესაც სხვადასხვა მისამართებიდან, მაღაზიების მენეჯერები სიხარულით გვახვედრებდნენ მოქალექეებისგან გაღებულ შემოწირულობას.
ერთ დღეს, როდესაც მისამართზე ნობათი მივიტანეთ, ქალბატონი შემოგვეგება, რომელიც ჩემი პირველი მასწავლებელი აღმოჩნდა. მე კი, რა თქმა უნდა, ნიღბითა და „დამცავი ფარით“ ვიყავი აღჭურვილი. პედაგოგმა თითქოს მიცნო, თვალებში ჩამაცქერდა. ბოლოს მაინც ვეღარ გამიძლო გულმა და ვუთხარი მე მაგდანა ვარ-თქო.
მიხარია და მეამაყება, რომ უამრავი კეთილი მოხალისე გავიცანი. ეს, ნამდვილად, საქართველოს სიმდიდრეა.
ეს და კიდევ ბევრი სხვა ადამიანური ისტორიების მოძიება შეგვიძლია ჩვენს ირგვლივ. სხვაგან და სხვა დროს რა გითხრათ, მაგრამ ქართველებს ჭირში ერთმანეთის გვერდით დგომა ნამდვილად შეგვიძლია. ქართველი ქალების გმირობის, ყურადღებისა და სიკეთის ამბები კი არავის გვიკვირს. არ აქვს მნიშვნელობა განსაზღვრებებს - ბებია, დედა, და, შვილი, დაქალი, მეგობარი - ისტორიას ძალიან ბევრი მაგალითი ახსოვს და არც დღევანდელობის მძიმე პერიოდი არ გაქრება ჩვენი მეხსიერებიდან.
P.S. ეს კი ფოტო ისტორიიდან - “წითელი ჯვრის” წარმომადგენელი ქალები, რომლებიც 1944 წელს ნორმანდიის ნაპირზე დაშავებული ჯარისკაცების დასახმარებლად ჩავიდნენ
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო