საქართველოში საგანგაშო მონაცემები გვაქვს - მკვდარია თუ არა შავი ზღვის ნაწილი?
შავი ზღვის ნაწილი მკვდარია - ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერულ კვლევაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
დასკვნა მკვლევარებმა, სინჯების აღების შემდეგ გამოაქვეყნეს. გავლენიანი გამოცემა წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპისთვის შავი ზღვა, წლების განმავლობაში იყო ნაგავსაყრელად ქცეული.
აბუჯალილ აბდურასულოვის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, ავტორი ამბობს, რომ შავი ზღვა ევროპის ზღვებს შორის, ყველაზე მეტად არის დაბინძურებული.
შესაძლებელია თუ არა არსებული სიტუაციის გამოსწორება და რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?- ამ და სხვა საკითხებზე Firstnews.ge-ს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პროექტის ექსპერტი გარემოს დაცვის მიმართულებით, - ციცინო თურქაძეს ესაუბრა.
- შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეებს დამაბინძურებელი ნაერთებისა და მყარი ნარჩენების დიდი რაოდენობა ჩააქვთ. ასევე შავი ზღვის სანაპირო ქვეყნები ეკონომიკურად არ არიან განვითარებულები და გარემოსდაცვით ტექნოლოგიების გამოყენებაც სათანადოდ ვერ ხდება - სათანადოდ არ იწმინდება სამრეწველო წარმოებების ჩამდინარე წყლები, ასევე სათანადოდ არ იწმინდება ურბანული საკანალიზაციო წყლები, ვერ ხერხდება ნარჩენების სათანადო მართვა. შედეგად, გაუწმენდავი ჩამდინარე წყლები და ხმელეთზე წარმოქმნილი ნარჩენები მდინარეების მიერ შავ ზღვაში ჩაედინება.
მაგ. საქართველოში გვაქვს ასეთი საგანგაშო მონაცემები:
ანუ სრულ გაწმენდას საკანალიზაციო წყლების 0,2% განიცდის.
ამ დაბინძურების მასშტაბებიდან და მათი შედეგებიდან გამომდინარე საუბრობენ შავი ზღვის ეკოლოგიურ საფრთხეებზე.
- რა ხდება ზოგადად საქართველოს მასშტაბით მდინარეებსა და ტბებში სისუფთავის მხრივ? რა მდგომარეობაა ამ მხრივ მდინარე მტკვარში, რომელიც დედაქალაქის მთავარი ძარღვია?
- 2014-2017 წლებში მანგანუმის მაღალი კონცენტრაცები ფიქსირდებოდა მდ. კაზრეთულაში, სადაც მანგანუმის საშუალო წლიური კონცენტრაციები ზდკ-ს მნიშვნელოვნად აღემატება. მაგალითად, 2017 წელს ეს მაჩვენებელი ზდკ-ზე 10.7-ჯერ აჭარბებდა. საშუალო წლიური კონცენტრაცია ზდკ-ს ასევე აღემატება მდინარე ყვირილაშიც . 2017 წელს ეს მაჩვენებელი ზდკ-ს 1.6-ჯერ აჭარბებდა, ხოლო 2016 – 2.2-ჯერ. 2014-2017 წლებში მომატებული კონცენტრაციის ცალკეული შემთხვევები რამდენიმე სხვა მდინარეშიც დაფიქსირდა. ეს მდინარეებია: ოღასკურა, მაშავერა, მტკვარი და ქსანი.
მდ. კაზრეთულაში და მაშავერაში დაფიქსირებული რკინის მაღალი კონცენტრაცია ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგია. მდ.კაზრეთულაში რკინის საშუალო წლიური კონცენტრაცია 2017 წელს 7.2-ჯერ აღემატებოდა ზდკ-ს. 2016 წელს რკინის საშუალო წლიური კონცენტრაცია მდ. მაშავერაში ზდკ-ს 1.5-ჯერ აჭარბებდა. ანთროპოგენური ხასიათისაა ერთეულ შემთხვევებში გამოვლენილი რკინით დაბინძურება მდინარეებში ფოლადაური და ოღასკურა. 2020 წლის ივნისში ამონიუმის აზოტის კონცენტრაცია 2.1-ჯერ აღემატებოდა ზდკ-ს მდ. ოღასკურაში, ქ. ქუთაისის ქვედა კვეთთან.
2017 წელს ამონიუმის აზოტის საშუალო წლიური კონცენტრაცია ზდკ-ს აჭარბებდა მონიტორინგს დაქვემდებარებულ შემდეგ ტბებში: ფარავანი, ხანჩალი, საღამოს ტბა და ლისი. სხვა ტბებში ამონიუმის აზოტის კონცენტრაცია ძირითადად ნორმის ფარგლებში იყო, გარდა ერთეული შემთხვევებისა.
ამონიუმის აზოტის კონცენტრაცია ზდკ-ს მუდმივად აღემატება რამდენიმე მდინარეში. 2017-2019 წლებში ამონიუმის აზოტის საშუალო წლიური კონცენტრაცია ზდკ-ს ორჯერ და მეტად აღემატებოდა მდინარებში: ვერე (4.7-ჯერ), კაზრეთულა (3.1-ჯერ), ქუბასწყალი (3.1-ჯერ), გლდანისხევი (2.6-ჯერ), დიღმულა (2.4 ჯერ), მტკვარი - თბილისში ვახუშტის ხიდთან (2-ჯერ).
საშუალო წლიური კონცენტრაცია ზდკ-ს აღემატებოდა სხვა მდინარეებშიც: ქსანი (1.9-ჯერ), მტკვარი გაჩიანთან (1.7-ჯერ), ყვირილა ჭიათურასთან (1.5-ჯერ), მტკვარი მეტეხის ხიდთან (1.5-ჯერ), ყვირილა ზესტაფონთან (1.4-ჯერ), სურამულა (1.4-ჯერ), რიონი ფოთთან (1.4-ჯერ - სამხრეთი ტოტი), ბარცხანა (1.3-ჯერ), რიონი ქუთაისთან (1.3-ჯერ - ქვემო ქუთაისი), მტკვარი ზაჰესთან (1.3-ჯერ), მტკვარი ვახუშტის ხიდთან (1.3-ჯერ), ოღასკურა (1.1-ჯერ), მთლიანად რიონი (1.1-ჯერ), მტკვარი ხაშურთან, ქარელთან, რუსთავთან (1.1-ჯერ).
2020 წლის ივნისში მანგანუმის კონცენტრაციები სამ სინჯში აღემატებოდა დასაშვებ მნიშვნელობას. მდ. ყვირილაში ქ. ჭიათურის ქვედა კვეთზე - ნორმაზე დიდი მნიშვნელობა 8.3-ჯერ მეტი, მდ. ყვირილაში ქ. ზესტაფონის ზედა კვეთზე - 4.9-ჯერ და ქვედა კვეთზე-4-ჯერ.
2020 წლის ივნისში მდ. კაზრეთულაში დაბა კაზრეთთან ნიტრატების კონცენტრაცია 3-ჯერ აღმატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცეტრაციას.
- აქვს თუ არა რამე მოთხოვნები ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირს და კონკრეტულად რა მოთხოვნებია? ამჟამად რა ეტაპზე ვართ არსებული მოთხოვნების შესრულებაში?
- საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის სფეროში საქართველომ შემდეგი ვალდებულებები აიღო, კერძოდ: შეინარჩუნოს, დაიცვას და გააუმჯობესოს წყლის რესურსების ხარისხი და ზღვის გარემო, უზრუნველყოს წყლის რესურსების მდგრადი გამოყენება და შეამციროს წყალდიდობებისა და გვალვების რისკები.
საქართველო ასევე ვალდებულია განსაზღვრულ ვადებში დაახლოვოს ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის შემდეგ საკანონმდებლო დოკუმენტებთან და საერთაშორისო ინსტრუმენტებთან შემდეგი დირექტივა:
1. გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების და ზიანის აღმოფხვრისათვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ;
2. წყლის პოლიტიკის სფეროში ევროპის თანამეგობრობის მოქმედებების ჩარჩოს შექმნის შესახებ (ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივა);
3. წყალდიდობების რისკების შეფასებისა და მართვის შესახებ;
4. ურბანული ნარჩენი წყლების გაწმენდის შესახებ დირექტივა 98/15/EC-სა და რეგულაცია (EC) No 1882/2003-ის შესწორებებით;
5. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ რეგულაცია (EC) No 1882/2003 -ის შესწორებებით;
6. სასოფლო-სამეურნეო წყაროებიდან წარმოქმნილი ნიტრატებით დაბინძურებისგან წყლის დაცვის შესახებ;
7. საზღვაო გარემოს დაცვის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი ქმედებებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ (საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივა).
ასოცირების შესახებ შეთანხმების გარდა, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას წყლის რესურსების სფეროში განსაზღვრავს სხვა ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, როგორიც არის მდგრადი განვითარების მიზნები.
წყლის რესურსების დაცვა გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამის ეროვნულ და დარგობრივ სტრატეგიებში; უნდა გაძლიერდეს წყლის რესურსების მონიტორინგი; წყლის ობიექტების დაბინძურების შესამცირებლად უნდა გატარდეს კონკრეტული ღონისძიებები; წყლის რესურსებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა იყოს უფრო ზუსტი და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი.
სიახლეები
- "დალაგებული არცერთი არაა, ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი, გინდ კაცი" - კახა კალაძე
- "უკრაინაში აცხადებენ, რომ ქვეყანას რამდენიმე თვეში ატომური ბომბის შექმნა შეუძლია, თუ დონალდ ტრამპი სამხედრო დახმარებაზე უარს იტყვის" - „თაიმსი“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 ნოემბრისთვის
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აგრძელებენ
- რას ნიშნავს, როცა ევროპას “არ სცალია”? - საქართველოზე ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელში იმსჯელებენ