"კოვიდმა ფართო ასპარეზი გაუშალა უამრავ თაღლითს, გაიძვერასა და სალოსს" - ზურაბ გურული
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ვაქცინაციის საკითხს ვრცელ პოსტს უძღვნის.
როგორც გურული წერს, კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც პანდემიის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს, ბევრად უფრო თავშეკავებულია კოვიდის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით.
გურული პოსტში ანტივაქსერულ ჯგუფებზეც წერს და აღნიშნავს, რომ მსგავს ჯგუფებში 31 მილიონი ადამიანია გაწევრიანებული. ანტივაქსერულ კამპანიაში ის რუსეთის როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსეთს ქართულ ციფრულ სფეროზე დიდი გავლენა აქვს.
„რას უფრო დიდი სიამოვნებით უყურებთ ან წაიკითხავთ, მშრალ დოკუმენტურ ფილმს ან პროზას, თუ საინტერესო ინტრიგებით ჩახლართულ მხატვრულ ფილმს ან ნაწარმოებს?
სწორედ ეს ფენომენი მუშაობს, როდესაც საშუალო სტატისტიკური მოქალაქე კითხულობს ან ისმენს მშრალ, ნაირნაირი, გაუგებარი გრაფიკებითა თუ გამოთვლებით ლოგიკურად აგებულ სამეცნიერო მტკიცებულებებს და კონსპირაციის თეორიებზე აგებულ ათასგვარ ფანტასმაგორიას, სადაც მთავარ როლებში არიან იდუმალი, ყოვლისშემძლე მასონები, გავლენიანი მეცნიერები, მილიარდერები, რომლებიც ცდილობენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დამონებას, რობოტებად და ზომბებად ქცევას და ა.შ.
კონსპირაციის თეორიები ადვილი გასაგებია, მიმზიდველია. თავად შეგიძლია ჩაება მის შეთხზვაში, „ფაქტებით“ გამდიდრებაში; პარალელურად თავი წარმოიდგინო დაუნდობელ, ცბიერ ჯაშუშებთან მებრძოლ გმირად; ან მოხერხებულ, გონიერ მეცნიერად, რომელიც არ დაუშვებს ფაქტების გაყალბებას და მომაკვდინებელი საფრთხისაგან იხსნის საკუთარ ახლობლებსა თუ მთელ კაცობრიობას.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეკამათებით მშრალი მოსაწყენი ფაქტებით შეიარაღებულ პროფესიონალს, რომელიც მშვიდად გიხსნით აქსიომებად ქცეულ ჭეშმარიტებას. თქვენ არა გაქვთ არც ცოდნა, არც საკმარისი მჭევრმეტყველება, რომ არგუმენტებით გააცამტვეროთ მოწინააღმდეგე. სამაგიეროდ თქვენს მხარეზეა მაყურებელთა უმრავლესობა, რომელსაც ქვეცნობიერი გაღიზიანება ამოძრავებს თავდაჯერებული ავტორიტეტის მიმართ და სურს მისი გაცამტვერება. თქვენ მას უტევთ თქვენს მიერ შეთხზული ფაქტებით, ამ ფაქტებზე აგებული ლოგიკით და მოულოდნელად ხდებით თქვენნაირების ლიდერი, რადგან საუბრობთ მათთვის ადვილად გასაგები ენით და მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ თქვენთან არაერთი ყოფითი პარალელის გავლება; „ჩაგრულები“ ხომ ყოველთვის ჭარბობენ „მჩაგვრელებს“.
ასეთია იმ ლოგიკური ფენომენის არსი, რამაც ანტივაქსერული მოძრაობა ახალ სიმაღლეებზე ატყორცნა. კოვიდ-პანდემიის შემდეგ ამ მოძრაობის რიგები დაახლოებით ათი მილიონი „მებრძოლით“ გაიზარდა.
ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მხოლოდ ფეისბუქზე 31 მილიონი ადამიანია გაერთიანებული ანტივაქსერულ ჯგუფებში; 17 მილიონი პარალელურად ანალოგიური შინაარსის ვიდეო-ლიტერატურის გამომწერია „იუთუბზე“. ეს ყველაფერი უზარმაზარ ფინანსურ მოგებასთან არის დაკავშირებული.
როგორ? რეკლამებით. სპეციალური გამოთვლებით დადგენილია, რომ ამ ჯგუფებს თავიანთი სოციალური ანგარიშების მეშვეობით მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მოაქვთ მხოლოდ ფეისბუქსა და ტვიტერზე. საინტერესო გამოკვლევის მიხედვით, რომელშიც დაახლოებით 1700 მდე ადამიანი მონაწილეობდა, აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც პანდემიის შესახებ ინფორმაციას სოცქსელებიდან იღებდნენ, ბევრად უფრო თავშეკავებულები არიან კოვიდის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით.
ცხადია, ზუსტად იგივე ტაქტიკით და პრინციპებით მოქმედებს ქართული ფეისბუქიც. მასის მიზიდვა რეიტინგის ასაწევად ხდება მყვირალა სათაურებით, რომელთა 99.99 %-ს არაფერი აქვს საერთო არც სტატიების შინაარსთან და რაც ელემენტარულ ლოგიკასთან; მაგრამ რაც უფრო აბსურდულია სათაური, მით უფრო მიმზიდველია ბრბოსთვის. კოვიდმა ფართო ასპარეზი გაუშალა უამრავ თაღლითსა და სალოსს; ასევე გაიძვერა ანტერპრენიორებსაც, რომლებმაც მრავალათასიანი მიმდევრებით გაძეძგილ ფეისბუქ-გვერდებზე სარფიანი ბიზნესი დაატრიალეს.
ამ სივრცის კონტროლი ქართულ სახელმწიფოს არ შეუძლია, რადგან ის საერთაშორისო სამყაროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
წარმოუდგენლად დიდი გავლენა აქვს ქართულ ციფრულ სფეროზე რუსეთს. რუსულის მეტნაკლებად მცოდნეთა რაოდენობა არსებითად აღემატება ინგლისურის მცოდნეთა რიცხვს. ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა არანაირად არ არის დაინტერესებული სამედიცინო თემატიკით, სამაგიეროდ, ასაკოვანთა ასევე აბსოლუტური უმრავლესობა დიდი ინტერესით ეტანება ამ სფეროს. აქედან გამომდინარე, ქართული ციფრული სოციუმი რუსული სამეცნიერო ნაყალბევის სრული კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. სხვათაშორის, ეს ეხება პოლიტიკის სფეროსაც.
რა არის გამოსავალი?
ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ საჭიროა ყალბისმქმნელთა და სიყალბის გამავრცელებელთა მაქსიმალური დაბლოკვა. ფეისბუქმა და ტვიტერმა უკვე სცადეს ასეთი კამპანიის წამოწყება, მაგრამ ბევრი გონიერი პროფესიონალი უკიდურესად შეშფოთდა ამ ტენდენციით, რადგან აკრძალვა და ტრიბუნის წართმევა ჯერ ერთი ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საწყისი გახდება აუცილებლად და მეორეც, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საფუძველს ახალი კონსპირაციული თეორიებისათვის.
კამათი? ანტივაქსერ ფუნდამენტალისტებთან კამათი სრული უაზრობაა, რადგან ისინი არასოდეს შეიცვლიან საკუთარ პოზიციას. მაგრამ კამათი აუცილებელია, რადგან ფუნდამენტალისტების რაოდენობას ბევრად აღემატება ე.წ. მერყევთა სპექტრი, რომელთა დარწმუნებას სტრატეგიული სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს და მათ უნდა მოისმინონ განსხვავებული, დამაჯერებელი არგუმენტები.
ცნობილ ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნებული საინტერესო კვლევის თანახმად, რომელმაც ვაქცინაციასთან დაკავშირებული მოსაზრებების განაწილების ვიზუალური რუკები შექმნა, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად შეფარდებითი მცირერიცხოვნობისა, ანტივაქსერული ჯგუფების „ვირტულურ-ციფრული ხმა“ ბევრად უფრო მძლავრი და საინტერესოა მასებისათვის, ვიდრე მეცნიერული ჭეშმარიტება და დაახლოებით ერთი დეკადის განმავლობაში ისინი აბსოლუტურ უმრავლესობაში იქნებიან, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. გაითვალისწინეთ, რომ ანტივაქსერობა სოციალურ-პოლიტიკური მრწამსია და არა უბრალოდ ვაქცინის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა.
რამდენად მოახერხებს მსოფლიო ამ მომაკვდინებელი მარყუჟიდან გამოსვლას, კოვიდ-ვაქცინაციის მაგალითზეც კარგად გამოჩნდება. საოცარი პარადოქსია თავისთავად, რადგან მეცნიერთა მიერ შექმნილი ვირტუალური სივრცე ფსევდო-ინტელექტის კონტროლის ქვეშ ექცევა ნელნელა. თუმცა, არის კი პარადოქსი?
სამყაროს პროგრესის არსი ხომ ყველაფრის გართულებით ყველაფრის გამარტივებაშია?“, – წერს გურული.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი