"ლიზ თრასის კაბინეტში, ოთხი ტრადიციულად ძირითადი თანამდებობიდან არც ერთს არ იკავებს თეთრი მამაკაცი"
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ლიზ თრასის მიერ მინისტრთა კაბინეტის წარდგენას ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია.
ნოდია ყურადღებას მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის მიხედვით, იდეოლოგიური სტერეოტიპების ნგრევის მინიშნებაზე ამახვილებს და წერს, რომ იდეოლოგიური სტერეოტიპები სისულელეა და ამას ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც ადასტურებს.
„როცა ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა ლიზ თრასიმ თავისი კაბინეტი წარმოადგინა, კომენტატორებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ოთხი ტრადიციულად ძირითადი თანამდებობიდან არც ერთს არ იკავებს თეთრი მამაკაცი: თავად პრემიერი თეთრია, მაგრამ ქალი, საგარეო საქმეთა მინისტრი კაცია, მაგრამ დედა აფრიკელი (სიერა-ლეონელი) ჰყავს, საშინაო საქმეთა მინისტრის (ქალის) მშობლები, შესაბამისად, კენიიდან და მავრიკიდან ჩამოსული ინდოელები არიან, ფინანსები განელი (განა აფრიკაშია) მიგრანტების შვილს (მამრს) ჩაბარდა.
არაფერი მიანიშნებს, რომ პრემიერმა ეს ხალხი რასობრივი ნიშნით შეარჩია - ეს კონკრეტული ადამიანები უნდოდა მინისტრებად და დანიშნა. ახალი და განსაკუთრებულიც არაფერი ხდება - წინა კაბინეტშიც ბევრ წამყვან თანამდებობაზეც იმიგრანტების შვილები იყვნენ. ცხადია, საქმისთვის მინისტრების სქესს და კანის ფერს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს: მთავარია, ქვეყნის პრობლემები ეფექტურად გადაწყვიტონ.
მე ამ ამბავმა პოპულარულ იდეოლოგიურ სტერეოტიპებთან მიმართებაში დამაინტერესა. ამ სტერეოტიპებიდან გამომდინარე, კონსერვატორები „დომინანტი ჯგუფის“ (ანუ მდიდარი ქრისტიანი თეთრკანიანი მამაკაცების) ინტერესებს გამოხატავენ. ამ დროს, კონსერვატორებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჰყავდათ პირველი ებრაელი პრემიერი (დიზრაელი), სამივე ქალი პრემიერიც კონსერვატორი იყო (ტეტჩერი, მეი, ახლა თრასი).
„არათეთრი“ მიგრანტების შვილებზე უკვე ვთქვი. თუ ამას მიღწევად ჩავთვლით, ლეიბორისტები ბევრად ჩამორჩებიან. ეს ყველაფერი არანაირად არ შეუშლის ხელს ბრიტანელ მემარცხენეებს, კონსერვატორებს „ინსტიტუციური რასიზმი“ დააბრალონ; აფრიკიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტების და მათი შვილების უმრავლესობას მაინც ჰგონია, რომ ლეიბორისტები მათი პარტიაა, იმიტომ რომ უმცირესობები უფრო უყვარს. აქტივისტები მაინც იყვირებენ: არიქა, კვოტები გვინდა, თორემ იჩაგრებიან უმცირესობებიო.
დასკვნა? არც არაფერი, გარდა იმისა, რომ იდეოლოგიური სტერეოტიპები სისულელეა და რეალობის ტესტს ვერ უძლებს,“- წერს გია ნოდია.
ცნობისათვის, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 47 წლის ლიზ ტრასი, რომელიც ჯონსონის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, იქნება ბრიტანეთის მესამე ქალი პრემიერი - ტერეზა მეისა და მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი