"იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს „სამეულში“, უნდა მოახერხოს ის, რაც შეძლეს უკრაინამ და მოლდოვამ" - სააკაშვილი
იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს სამეულში, მან უნდა მოახერხოს ის, რაც შეძლეს უკრაინამ და მოლდოვამ - გამოცვალოს ხელისუფლება, ჩამოაშოროს ოლიგარქი მართვას, გაანეიტრალოს რუსული გავლენა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
როგორც სააკაშვილი წერს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინასა და მოლდოვას ჩამოვრჩით და ახლა ამ სამეულის მამოძრავებელი საქართველო კი არა, უკრაინაა.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მომავალი წლის გაზაფხულიდან უკრაინა და მოლდოვა სწრაფი ტემპით წავლენ ევროკავშირის წევრობისკენ, ხოლო საქართველო მხოლოდ გეოპოლიტიკით სამშვიდობოს ვეღარ გავა.
„ჩემთვის ევროპა დაიწყო სტაჟირებით ევროპის საბჭოს სამდივნოში, სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლის ფარგლებში, 1991 წელს.
შემდეგ იყო საქართველოს დელეგაციაში ყოფნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. როდესაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, სამინისტროს ოფიციალურ დროშად გამოვაცხადე ევროპის დროშა.
მაშინ ამას დაცინვა მოჰყვა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობაზე ავწიეთ ხუთჯვრიანი და ევროპის დროშები. შევარდნაძემ მათ ჩამოსახსნელად სპეცრაზმი გამოაგზავნა, მაგრამ გავიდა ორი წელი და "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ინაუგურაციაზე, ჩვენ ევროპის დროშა უკვე საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ სიმბოლოდ ვაქციეთ.
როგორც უკრაინის ომმა ფართოდ გახსნა ევროკავშირის კარები, ასევე, საქართველოზე რუსეთის თავდასხმამ, პირველად დაიწყო ამ კარების გამოღება. ომზე ევროკავშირის პასუხი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა.
ამ საკითხზე მე აქტიურად ვიმუშავე შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, კარლ ბილდტთან და რადეკ სიკორსკისთან ერთად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ჩარჩო. მე ძალიან ვამაყობ, რომ ყველაფერ ამასთან პირდაპირ შეხებაში ვიყავი.
უფრო მეტიც, ჩემი პრეზიდენტობის დროს და ინერციით 2-3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, ჩვენ აშკარა ლიდერები ვიყავით ასოცირებულ ტრიოში.
გუშინ ჩვენ საზეიმოდ გვქონდა საქმე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩამოვრჩით უკრაინასა და მოლდოვას და ახლა ამ სამეულის მამოძრავებელი უკვე საქართველო კი არა, უკრაინაა, რომლის გამარჯვებაზე მთლიანად არის დამოკიდებული ჩვენი ბედი.
მომავალი წლის გაზაფხულიდან უკრაინა და მოლდოვა სწრაფი ტემპით წავლენ ევროკავშირის წევრობისკენ და ჩვენ მარტო გეოპოლიტიკით სამშვიდობოს ვეღარ გავალთ.
იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს სამეულში, მან უნდა მოახერხოს ის, რაც შეძლეს უკრაინამ და მოლდოვამ - გამოცვალოს ხელისუფლება, ჩამოაშოროს ოლიგარქი მართვას, გაანეიტრალოს რუსული გავლენა“,- წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი