"თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების მომენტს მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად"
თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების მომენტს მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად, ბიძინა ივანიშვილი კი გეოპოლიტიკური სასაფლაოს დირექტორად სიცოცხლის ბოლომდე, - ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გავრცელდა.
ნიკა გვარამია დავოსის ეკონომიკური ფორუმსა და იქ გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც ნიკა გვარამია წერს, მხოლოდ ჩვენ გვაქვს ამ რეგიონში ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი და არ უნდა დავუშვათ, რომ ამაში სომხეთმა ჩაგვანაცვლოს.
„ძალიან სამწუხარო ტექსტი მოვისმინე დავოსში აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან. როგორც ქართველმა მინდა ვთქვა, რომ ის, რომ დავოსში საქართველო არ არის (რაც სრული კატასტროფაა), ის, რომ ყველასგან გარიყული ე.წ. მთავრობა გვყავს, რომელიც საერთაშორისო პარიაცაა და გიჟივით იქცევა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის და მთავარ ქვეყნებისთვის არა მარტო კავკასიაში, არამედ შავი და კასპიის ზღვების აუზებში. ეს ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარია, ჩვენი წინაპრების მონაპოვარი, ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი მომავალი თაობების სურვილი. ამიტომ არ დავთმობთ, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყნის შიგნით! არ დავუთმობთ არავის!
როგორც ვხედავთ და როგორც მკაფიოდ ჩანს, ირანის გათავისუფლების პერსპექტივა სერიოზული „გეიმ ჩეინჯერია“ ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთის რეგიონში, რაშიც მე შავი ზღვის და კასპიის ზღვის აუზებს მოვიაზრებ. და თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების მომენტს მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად, ბიძინა ივანიშვილი კი გეოპოლიტიკური სასაფლაოს დირექტორად სიცოცხლის ბოლომდე.
ეს არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში!
ესაა ისტორიული ამოცანა, სწორედ, თორემ „ქოცი“ იყო მმართველობაში, თუ მარსიანელი, ეს ისტორიას საერთოდ არ დააინტერესებს.
ჩვენი ძალა იმაშია, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს ამ რეგიონში ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი და არ უნდა დავუშვათ, რომ ამაში სომხეთმა ჩაგვანაცვლოს.
დროა მკაფიოდ ისიც ითქვას, რომ თბილისის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი, მიზიდულობის ცენტრი, გნებავთ მეორე დედაქალაქი არის ბრიუსელი, მკაფიოდ და ცალსახად - ბრიუსელი”,-წერს გვარამია.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 იანვრისთვის
- "ვალდებული ვართ, ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება - უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში"
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
- "აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გვცემენ"
