"ვცდილობ საკუთარი ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება ამერიკელ სპორტსმენებს გავუზიარო" - მათე სოფაძე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მათე სოფაძე ახლა უკვე საკუთარ კარიერას ამერიკაში განაგრძობს. ქართველმა ფალავანმა საკუთარი 20 წლიანი წარმატებული კარიერის მანძილზე, საქართველოს გამარჯვება მრავალგზის მოუტანა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მათე სოფაძე ამერიკაშიც დიდი წარმატებით მოღვაწეობს. როგორც ჩვენთვის ცნობილია ქართველი სპორტსმენები, მათ შორის მათე სოფაძე, აშშ-ს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - Matt Lindland-ის მიწვევით ჯორჯიის შტატ ქალაქ ატლანტაში, ოლიმპიურ ბანაკში, 2021 წლის ზაფხულის ტოკიოს ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ. ქართველი სპორტსმენები ამერიკელ მოჭიდავეებს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას უზიარებდნენ.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათე სოფაძე სხვა სპორტსმენებისგან ილეთის – „გდების“ შესრულების განსხვავებული ვერსიით გამოირჩევა, ამ ფაქტმა მას ძალიან გაუთქვა სახელი. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ამერიკის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს Matt Lindland -ს. მისი განცხადებით ქართველი სპორტსმენები გამოირჩევიან საქმისადმი ერთგული მიდგომით, არიან პროფესიონალები, პოზიტიურები და ძალიან დიდ მოტივაციას აძლევენ ამერიკის ნაკრებს, უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას რაც ძალიან შედეგიანია.

 

უფრო დეტალურად აღნიშნულის შესახებ ქართველი ფალავანი მათე სოფაძე FirstNews.ge-ს ინტერვიუში უყვება:

 

- მათე, გვიამბეთ,როგორ მოხვდით აშშ-ის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე და რა ტიპის შეკრება იყო?

- შეკრებაზე უშუალოდ ამერიკის ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - Matt Lindland-ის მიწვევით ვიმყოფებოდი, რომელიც უკვე 21 წელია ნაკრების მთავარი მწვრთნელია, Matt-ს ბევრჯერ უნახავს ჩემი ჭიდაობა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, მისთვის კარგად ნაცნობია ჩემი სტილი და გდების შესრულების ჩემეული ვერსია. მოგეხსენებათ, ამერიკას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბოლო 21 წელია ჩემპიონია არ ჰყოლია, სწორედ ამიტომ, Matt-ის დაჟინებული მოთხოვნით და მიწვევით მოვხვდი ატლანტაში, ოლიმპიურ ბანაკში, რათა 2021 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიმავალი სპორტსმენებისათვის, მიუხედავად დროის მცირე მონაკვეთისა, გამეზიარებინა გდების შესრულების ჩემეული ვერსია და ჭიდაობის სფეროში ჩემი დიდი გამოცდილება, ამით გამეძლიერებინა გუნდი.ასევე,წარმოვადგენდი G’angelo Hancock-ის სპარინგ პარტნიორს, რომელსაც აქვს ოლიმპიური ლიცენზია და მიემგზავრება ტოკიოს 2021 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ძალიან თბილად მიმიღო, გაუხარდათ ჩემი იქ ყოფნა.

sergo o h

- რა შეგიძლია გვიამბო აშშ-ის ნაკრებზე და როგორი იყო მომზადების პროცესი?

- წვრთნის განსხვავებული პროცესი აქვთ, საკმაოდ საინტერესო და ეფექტური, აღსანიშნავი ფაქტია, რომ ნაკრებს მოსამზადებლად ყველა კომპლექსურად უწყობდა ხელს, ტრენერები ბოლომდე ჩართულები იყვნენ, ასევე მობილიზებული იყო ექიმების გუნდი. ოლიმპიურ ბანაკში სულ 12 დღე ვიმყოფებოდი, გულდასაწყვეტია, რომ ასე ცოტა დრო მქონდა ჩემი შესაძლებლობების გასაზიარებლად, რაც შეეხება მომზადების პროცესს, კვირაში ოთხი დღე გვქონდა ორჯერადი ვარჯიში, რომელიც დღეში დაახლოებით 5-6 საათს გრძელდებოდა, კვირაში ორჯერ მხოლოდ ერთი ვარჯიში გვქონდა, კვირა დღეს კი ვისვენებდით.

ზოგადად ვარჯიში იყო ინტენსიური, მიდიოდა ფიზიკური, ტაქტიკური და ტექნიკური მომზადება. ვმუშაობდით როგორც ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე, ასევე ტაქტიკურად ბრძოლის წაყვანაზე. განვიხილავდით ყველა შესაძლო მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ვმუშაობდით ამ კუთხით.

ჩვენს ერთ-ერთ ასეთ ვარჯიშზე იმყოფებოდა Chael Sonnen, რომელიც გახლავთ ამერიკული შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, იგი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, ჩვენს შეკრებაზეც იმყოფებოდა ატლანტაში, ოლიმპიურ ბანაკში და მოსამზადებელი შეკრების დეტალებზე სიუჟეტი გააკეთა, რომლის ნახვის საშუალება ალბათ გვექნება მის youtube-არხზე, სადაც უამრავი გამომწერი ჰყავს და მის ვიდეოებს ათი ათასობით ნახვა აქვს. საბოლოო ჯამში, მიუხედავად დროის მცირე მონაკვეთისა, ვფიქრობ, რომ ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იყო ეს შეკრება და რაც მთავარია, კმაყოფილები არიან ჩემ მიერ გაწეული სამუშაოთი, რაც ძალიან მახარებს.

- ამჟამად სად იმყოფებით და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?


- გარკვეული პერიოდი მასაჩუსეტის შტატში ვვარჯიშობდი. ამჟამად ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, ვატარებ ტრენინგებს და ვცდილობ ჩემი ცოდნა გავუზიარო აქაურ სპორტსმენებს. ასევე, ვმუშაობ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე და ვვარჯიშობ, რომ სამომავლოდ უფრო მეტად წარმატებული გავხდე.

- FirstNews.ge თქვენს საქმიანობაში წარმატებას გისურვებთ.
- დიდი მადლობა.

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 14016 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 18 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.