მიუტევე და გაუშვი — „მომავლის შეცვლა შესაძლებელია“

ქოუჩი და წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია მოგვითხრობს, თუ რა დიდი ძალა აქვს პატიებას და თუ როგორ მოქმედებს შენდობა ჩვენს ბედსა და ცხოვრებაზე.

 

თამარ კვარაცხელია:

 

 

წარმატების ფსოქოლოგიაში  ცნობილია  ფრაზა: არავის შეუძლია წარსულის შეცვლა, მაგრამ მომავლის შეცვლა ნამდვილად შესაძლებელია.

 

 

ყველამ იცის ამის შინაარსი და ამიტომაც  ადამიანები – თავისუფლდებიან, იწმინდებიან ფიზიკურადაც და  სულიერადაც.

 

 

დღეს უბრალოდ პრაქტიკული ფსიქოლოგიის კუთხით მსურს დაგანახოთ რამდენად მნიშვნელოვანია გაწმენდის – კერძოდ მიტევების  და გაშვების საკითხი.

 

 

ზოგიერთები  მთელი ცხოვრება მიათრევენ ტვირთებს, თითქოს ფეხებზე ჰქონდეთ გამობმული უმძიმესი ლოდები და კი არ დადიან, მიფოფხავენ. ამ სიმძიმის მოცილებით, ადამიანს შეუძლია გაცილებით ადვილად იაროს თავისი მიზნების განსახორციელებლად. შეიძლება თქვენც ჩაჭიდებული ხართ წარსულის ტკივილებს,  შიშებს, წყენებს და დაუმთავრებელ საქმეებზე ფიქრს?

 

 

თუ ეს ასეა, გთავაზობთ განთავისუფლდით ამ ლოდებისგან! შეიძლება ეს იქცეს გადამწყვეტ მომენტად თქვენს ცხოვრებაში – ძველის განთავისუფლებით ახალს გაუხსნათ გზა.

 

 

მე ვიცი ადამიანები, რომლებმაც აპატიეს მშობლებს და ამის მერე მათ ცხოვრებაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. ზოგმა ფიზიკური ტკივილებიც კი მოიხსნა უბრალო მიტევებით… სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუშვათ წარსული, რათა ხელგაშლილი და სუფთა გულით შევხვდეთ მომავალს.

 

 

პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში არსებობს წარსულის სიმძიმისგან განთავისუფლების მეთოდები, რომელსაც სხვა დროს შემოგთავაზებთ. ახლა კი მინდა მის მნიშვნელობაზე ვისაუბრო, რადგან სანამ არ აპატიებთ ვიღაცას რაღაცას, ის ვიღაცა და რაღაცა მუდმივად იქნება თქვენში და გამოგწოვთ იმ სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც შეიძლებოდა დაგეხარჯათ პოზიტიურ ქმედებებზე. უფრო უარესი, სანამ ასეთ წყენას გულში დაატარებთ, მიზიდულობის კანონის მიხედვით – სადაც მსგავსები იზიდავენ მსგავსებს – თქვენ ყოველთვის მოიზიდავთ იგივე შემთხვევებს და ანალოგიურ მოვლენებს, რადგანაც  მაგნიტივით მიიკარით ეს მოვლენები და ჯიუტად არ გინდათ მისი გაშვება.. არის კატეგორია ადამიანების, რომლებსაც მოსწონთ მსხვერპლის როლში ყოფნა, რადგან ამით ივსებენ იმ ყურადღების უკმარისობას, რომელსაც თვლიან, რომ აკლიათ. 

 

 

თქვენ ხომ არ ხართ ასეთი? 

 

საქმიან, ოჯახურ და პირად ურთიერთობებში აუცილებელია პატიება, რათა არ ჩაეფლათ ნეგატივების ჭაობში. უნდა აპატიოთ თქვენს ძველ მეგობარს, აპატიოთ მშობლებს, აპატიოთ ბიზნეს პარტნიორს. აპატიო – მოტყუებისთვის, აბუჩად აგდებისთვის, ცინიზმისთვის, ტკივილისთვის, წარმოუდგენელი სისასტიკისთვის…. აპატიო ყველას, ვისგანც კი რამე ღრმა ჭრილობად დაგრჩა ცხოვრებაში… ეს არ ნიშნავს, რომ ამართლებთ ან  ეგუებით მათ საქციელს… ან ისევ ენდობით… ან ისევ მათ გვერდით ხართ… უბრალოდ გაითვალისწინეთ – მათი სახით ცხოვრებამ მოგცათ გაკვეთილი. სანამ თქვენ მათ არ აპატიებთ და არ გაუშვებთ ნეგატიურ ემოციებს, რომელიც გაგაჩნიათ მათ მიმართ, რაც არ უნდა მალოთ და ჩათრგუნოთ ისინი, გაკვეთილი დაგრჩებათ აუთვისებელი (ამაზე ჩემს წიგნში „ტრანსფორმაცია წარმატების გზაზე“ ვსაუბრობ. გადმოიწერეთ და წაიკითხეთ. ის სრულიად უფასოა),  მომავალში ანალოგიური სიტუაცია ისევ განმეორდება და ვერ შეძლებთ ცხოვრებაში წინსვლას.

 

 

ამიტომ აპატიეთ, გაუშვით და სიმსუბუქის შეგრძნებით გააგრძელეთ სვალა. ნამდვილი პატიება დაგაბრუნებთ იმ წერტილთან, საიდანაც შეიძლება დაიწყოს საოცარი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში…

 

 

მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს გაშვება და პატიება. წლები დამჭირდა სანამ ამას სინამდვილეში ვისწავლიდი. საბოლოოდ, მივხვდი – ყოველი ცხოვრებისეული სირთულე, გამოწვეა და მარცხი იყო ის გაკვეთილი, რომლისგანაც რაღაც უნდა მესწავლა. ყოველ მსგავს გამოცდილებას მოჰქონდა იმის გაცნობიერება,  როგორ უნდა ამერიდებინა თავი მსგავსი შემთხვევისთვის. ყოველი შემთხვევის მერე, ვჯდებოდი და ვიწყებდი მიტევებაზე მუშაობას, რადგან მივხვდი: სანამ მე ამას არ გავაკეთებდი, წარსული წყენები დამსუსხავდა  და შემჭამდა შიგნიდან, არ მომცემდა იმის საშუალებას, სრული ყურადღება გადამეტანა იმ მომავალზე, რომლის შექმნასაც ვაპირებდი.

 

 

მოდი კითხეთ თქვენს თავს: რატომ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ არ გამომდის ან წინ არ მიიწევს ჩემი საქმე, ცხოვრების რომელიმე სფეროში?…

 

 

დაფიქრდით:

 

– ხომ არ დაგრჩათ ვინმე ან რამე საპატიებელი და გასაშვები?

 

– რადგან შენს ცხოვრებაში ამ ეტაპზე სირთულეა – შენ ხომ არ უქმნი ვიღაცას სირთულეს?

 

– რადგან ცხოვრებაში გაქვს პრობლემა – სად ქმნი თავად პრობლემებს?

 

 

ალალად გაეცით კითხვებზე პასუხი (აქ არა მარტო სხვების პატიება, არამედ საკუთარი თავის პატიებაც შედის და იმათიც, ვინც არ არის ცოცხალი), რადგან სანამ ძველზე ხართ ენერგეტიკულად მიბმული, სიახლე არამც და არამც არ შემოვა თქვენს ცხოვრებაში.

 

 

ეს ბუმერანგის, სარკის პრინციპია, მიზიდულობის კანონია და სანამ არ აღმოაჩენ რაშია საქმე, მთელი ცხოვრება შეიძლება ვერ ამოხვიდე ჭაობიდან…

 

 

აპატიეთ და გაუშვით!

 

მე არ ვიცი, რა ტკივილი გაქვთ გადატანილი, მაგრამ  მათზე დამიჯერეთ, ყურმოკვრით არ მსმენია…. და იცოდეთ – უფრო მტკივნეული იქნება ის, თუ თქვენ დაუწყებთ ბრძოლას და ჩათრგუნვას,  წყენას,  თუ ჩაიკლავთ გულში უარყოფით ემოციებს და დაუსრულებლად ატრიალებთ თავში  – იმ სიძულვილს, რაც გაგაჩნიათ დამნაშავის მიმართ. გამოსავალი: მხოლოდ და მხოლოდ მიტევებაა.

 

 

პატიებით  თავისუფლებას აძლევთ არა მათ, ვინც ტკივილი მოგაყენათ, არამედ – საკუთარ თავს.

 

 

როგორ მივუტევოთ?

 

შემდეგ თემაში შემოგთავაზებთ მიტევების რამოდენიმე მეთოდს. ახლა კი დავიმახსოვროთ:

 

სიძულვილი – ეს არის ემოცია რომელიც გართმევს და არაფერს არ გაძლევს. ის გწვავს შიგნიდან, შთანთქავს  ენერგიას და საბოლოო ჯამში გამოგწოვთ სასიცოცხლოდ საჭირო ძალას.

 

 

„იყო ნაწყენი და ბრაზობდე – ნიშნავს დალიო საწამლავი იმ იმედით, რომ ის მოკლავს შენს მტერს“. -თქვა ნელსონ მანდელამ.

 

 

ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, გზა  წარმატებისკენ გადის მიტევებაზე.

 

 

მხოლოდ ჩამოხსნილი ტვირთებით, გაშლილი ხელებით და გასუფთავებული გულით შეგიძლიათ საწაულების მოხდენა თქვენს ცხოვრებაში.

 

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

http://www.jolo.ge/

წაკითხვა 1295 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 09 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.