“ორგანიზაცია და მართვა” არა მხოლოდ დღევანდელი დღის, არამედ მომავლის პროფესიაა - მერი გელაშვილი

FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“.

 

თუკი რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, არის ის ცოდნა, რომელიც მივიღე პროფესიულად. შემდეგ ამ ცოდნას მუდმივად ვაღრმავებდი,- აცხადებს Firstnews.ge - თან საუბარში „მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე“ მერი გელაშვილი.

 

როგორ მიაღწია წარმატებას? რა ხერხები ან რა თვისებები დასჭირდა ამისთვის? რა არის მისი პროფესიის მთავარი მიზანი? რას ემსახურება? ამ და სხვა საკითხებზე „მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე“ მერი გელაშვილი გვესაუბრა.

 

ბავშვობა და სტუდენტობა

დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში, სადაც ჩემი ცხოვრების ხანგრძლივი და პროდუქტიული წლები გავიდა. დედისერთა ვიყავი, ამიტომ ბავშვობის მოგონებები ძალიან თბილი და პოზიტიური მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ წილად მხვდა ჩემი ქვეყნის თითქმის ყველა კატაკლიზმის გავლა. მეორე სამამულო ომი, ომის შემდგომი მძიმე პერიოდი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. 1944 წელს ქ. სოხუმის ქალთა I საშუალო სკოლაში შემიყვანეს, რომელიც 11 წლიანი სწავლების შემდგომ 1955 წელს დავამთავრე. ვინაიდან ოჯახში ერთი ვიყავი, ბავშვებთან ურთიერთობის უკმარისობა მქონდა და ამიტომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა და ჩვენი სახლის კარები მუდამ ღია იყო მათთვის. ერთმანეთთან ძალიან ბევრი თავგადასავალი გვაკავშირებს, მათ შორის კურიოზებიც. 

 

სკოლის დასრულების შემდგომ, ჩემი ბიძაშვილის რჩევით, ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვი ამერჩია.

 

სიმართლე გითხრათ, პროფესია, რომელიც მაქვს არ იყო ჩემი ოცნება. არც კი ვიცოდი ამ პროფესიის შესახებ არაფერი, მითუმეტეს, რომ საბჭოთა კავშირში ეს პირველი წელი იყო, როდესაც ამ პროფესიის სწავლება დაიწყო. წინათ ორგანიზაციისა და მართვის პროფესია კი არ ისწავლებოდა, არამედ გამოცდილებიდან ინიშნებოდნენ შესაბამის პოზიციებზე.

 

დავამთავრე „მოსკოვის გემო-კვების ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ „კვების მრეწველობის საწარმოთა მართვის“ ფაკულტეტი და მომენიჭა ინჟინერ - ეკონომისტის წოდება.

 

173720417 300758918229179 267481090404354599 n

 

პროფესია

არასოდეს მინანია, რომ მაქვს ეს პროფესია; ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა 1964 წელს სოხუმის ქარხანაში „სოხუმხელსაწყო“-ში, რომელიც შემდგომ გაიზარდა საწარმოო გაერთიანება „ორგტექნიკა“-დ, ის აერთიანებდა რამდენიმე საწარმოს, სოხუმში, გალში, აჟარაში (სვანეთი), გვქონია დამხმარე მეურნეობა, 2 საბავშვო ბაგა-ბაღი, დასვენების ბაზა ზღვის პირზე. ჩემი მოღვაწეობა ამ საწარმოში, „ეკონომიკისა და ფინანსთა“ საკითხებში,  გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტით დავამთავრე.

 

1996 წელს, უკვე ქუთაისში, დევნილობის პერიოდში რამდენიმე დევნილმა ქალბატონმა: ალლა გამახარია, ნანული რამიშვილი, ჟანა ჭაბუკიანი და მე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჩვენი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებდა ქალთა საკითხებზე, მათ შორის დევნილი ქალების.

 

პროფესიის მნიშვნელობა

დღესაც, მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია ჩემი პროფესია, რადგანაც პროექტების განხორციელების წარმატების ხარისხი სწორ მენეჯმენტზეა დამოკიდებული; ცოდნა სტრატეგიული და მიმდინარე დაგეგმარების, ვალდებულებების სწორი განსაზღვრა პროექტის ეფექტიანობის საწინდარია. მადლობელი ვარ იმათი, ვინც მირჩია ეს პროფესია ამერჩია. ოჯახში მყავს მიმდევრები: ჩემი შვილი - მადონა გელაშვილი, არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და მოღვაწეობს სოხუმის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. ოთხივე შვილიშვილმაც აირჩია ეს პროფესია და ყველა დასაქმებულია.

 

პროფესიის გამოწვევა

ჩემი პროფესიის მთავარი გამოწვევა არის: შრომისმოყვარეობა, სამუშაო დროის სწორი დაგეგმარება, სწავლება განუწყვეტლად, იმიტომ რომ, სიახლეებს არ უნდა ჩამორჩე და რასაკვირველია „დასვენება“. 

 

რჩევები ახალგაზრდებს

“ორგანიზაცია და მართვა” არა მხოლოდ დღევანდელი დღის, არამედ მომავლის პროფესიაა. ამის ნაკლებობას დღესაც ძალიან ნათლად ვხედავთ თითქმის ყველა სფეროში: ეკონომიკის, სამედიცინო, განათლების და სხვა დარგში.

 

„პროფესიონალი მმართველი“ ყოველთვის გამოირჩევა - „გამოცდილებით“, თუმცა,  გამოცდილება ყველა საქმეში საჭიროა. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, რა პროფესიაც არ უნდა ჰქონდეთ, აუცილებლად მიიღონ პროფესიული ცოდნა „ორგანიზაციისა და მართვის“ საკითხებში, ეს გამოგადგებათ ყველგან და არა მარტო სამსახურში.  

წაკითხვა 1183 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 17 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.