სკოლებში საერთაშორისო პროგრამის „ეკოსკოლების“ დანერგვის მიზნით, განათლების სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა
მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ-ს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლოლაძემ მოაწერეს. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობას გულისხმობს. მათ შორის, დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის „ეკოსკოლების“ საქართველოს საჯარო სკოლებში დანერგვასა და ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობას.
ხელმოწერის ღონისძიებაზე თამარ მახარაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – წარმომადგენლობას სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით მოზარდებში სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი საერთო მიზნისკენ – აღვზარდოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე თაობა. აღსანიშნავია, რომ პროგრამას „ეკოსკოლები“ ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
პროგრამა ეფუძნება შვიდსაფეხურიან მეთოდოლოგიას, რომლის ფარგლებში თითოეული სკოლა ირჩევს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ თემას და შესაბამის აქტივობებს ახორციელებს. როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არჩეული თემის მიმართულებით შვიდივე საფეხურს დაასრულებს, მას „მწვანე დროშის“ მისაღებად განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა.
საბოლოოდ, სკოლას სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფი აფასებს და შესაბამის ჯილდოს გადასცემს. მნიშვნელოვანია, რომ „მწვანე დროშის“ მოპოვება დაჯილდოებული სკოლების მსოფლიო რუკაზე განთავსებას გულისხმობს, რაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის. „ეკოსკოლა“ საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც, სკოლებში მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი აქტივობების განხორციელებით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების კუთხით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარემოსდაცვითი განათლების ფონდის წევრ 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
