როგორი იქნება მომავალი ხუთი წელი — მეცნიერები პანდემიის განვითარების სამ სავარაუდო სცენარს გვთავაზობენ

გლობალური პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ჯანდაცვის ექსპერტები ეჭვობენ, რომ ის კიდევ სულ მცირე ხუთ წელიწადს გაგრძელდება, მაგრამ მაგრამ საბოლოოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ეს მიმდინარე კრიზისი.

საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს (ISC) ახალი მოხსენება — საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის მიზანიც მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციის გაერთიანებაა — აყალიბებს სამ სცენარს, რომელიც 2027 წლამდე შეიძლება განვითარდეს.

 

მოხსენება დაწერილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვირუსოლოგიის, ეკონომიკის, ქცევითი მეცნიერების, ეთიკისა და სოციოლოგიის 20 ექსპერტისგან შემდგარი კომიტეტის მიერ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მათი მიმოხილვა მომავლის პროგნოზირების მცდელობა არ არის, მოხსენება ავიწროებს და წარმოაჩენს იმ ზოგიერთ შესაძლო ქმედებას, რომლის განხორციელებაც მსოფლიოს შეუძლია მომავალში პანდემიის გავლენის შესამცირებლად.

 

მომდევნო წლებში ვაქცინის განვითარებისა და გადანაწილების გაუმჯობესებამ კორონავირუსი SARS-CoV-2 შეიძლება ენდემურ დონეზე დაიყვანოს და უმეტეს ქვეყანაში ფიქსირდებოდეს მხოლოდ შეზღუდული, კონტროლირებადი გავრცელებით.

 

პირველი სცენარი

 

თუკი COVID-19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულ ზრდასრულთა რაოდენობა გლობალურად 61 პროცენტიდან დაახლოებით 80 პროცენტამდე გაიზრდება, მრავალი სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს და შემცირდეს ახალ შტამთა გამოჩენის რისკი. ეს კი თავის მხრივ სასარგებლო იქნება მენტალური ჯანმრთელობისთვის და მდგრადი განვითარებისთვის.

 

ასეთი ოპტიმისტური სცენარის მიუხედავადაც კი, კორონავირუსი არ გაქრება, მაგრამ მისი გავრცელება გაცილებით მართვადი გახდება.

 

თუმცა, დიდი ალბათობით, ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად არ მივდივართ. ISC-ის მოხსენების მტკიცებით, მთავრობებმა პანდემია გაახანგრძლივეს, რადგან ფოკუსირებული იყვნენ ეროვნულ სტრატეგიებზე და არა საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

 

მეორე სცენარი

 

ქმედებათა სიმწირე ამის ნაცვლად მიუთითებს უფრო სავარაუდო შედეგზე, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის მაჩვენებელი გლობალურად 70 პროცენტზე დაბლა დარჩება. თუ ეს მაჩვენებელი არ გაიზარდა, ახალი კორონავირუსი შეიძლება ენდემური გახდეს სეზონური აზვირთებებით, რაც მრავალ ქვეყანაში გადატვირთავს საავადმყოფოებს და საჭიროს გახდის ვაქცინების განახლებას და ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენებას.

 

ISC-ის მოხსენების მიხედვით, 2027 წლისთვის ყველაზე სავარაუდო სცენარია „გლობალური უთანასწორობის გამწვავება“.

 

„საკვანძო გაკვეთილები ძლიერ მკაფიოა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მწვავე ფაზა ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში დასასრულისკენ მიდის, რისკები მაინც მაღალი რჩება, რადგან მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ეფექტიან ვაქცინებზე ხელი არ მიუწვდება“, — წერია მოხსენებაში.

 

მეცნიერთა განცხადებით, შეიძლება კიდევ გამოჩნდეს ახალი ვარიანტები და გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სიფხიზლეს, ვაქცინაციის გაგრძელებას და მედიკამენტებზე მუშაობას.

 

„ხელუხლებელი პოლიტიკის არც ერთი სფერო არ რჩება და მთავრობებმა უნდა აღიარონ, რომ პანდემიის მრავალი შედეგი სწრაფად ვერ აღმოიფხვრება. არ უნდა დაიჟინონ, რომ კრიზისი დასრულებულია მხოლოდ იმიტომ, რომ სიკვდილიანობა შემცირდა. მრავალი მოქალაქისთვის კიდევ მრავალ წელს იქნება სირთულეები და გამოწვევები“, — წერია მოხსენებაში.

 

ყველაზე მეტი ზემოქმედება იქნება მოწყვლად ადამიანებზე, მათ შორის ბავშვებსა და ხანდაზმულებზე. ამავე დროს, დაბალშემოსავლიანი ქვეყნები მომავალში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსისა და სურსათის მზარდი არასაიმედოობის წინაშე აღმოჩნდებიან.

 

მესამე სცენარი

 

მოხსენების ავტორები წუხილს გამოთქვამენ, რომ თუკი ნაციონალიზმი და პოპულიზმი ზრდას გააგრძელებს, გაუარესდება ნდობა მთავრობებს, სახელმწიფოებს და მათ მოსახლეობას შორის, რაც შეამცირებს ვაქცინაციის მაჩვენებელს.

 

ისინი ამას „არშემდგარი აღდგენის“ სცენარს უწოდებენ. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდასთან ერთად, პროტექციონისტულმა პოლიტიკამ შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს გლობალური თანამშრომლობა. ეს კი ზუსტად იმის საპირისპიროა, რაც საჭიროა საერთაშორისო კრიზისის მოსაგვარებლად.

 

ამ ყველაზე უარეს სცენარში, COVID-19-ის წინააღმდეგ გლობალურად აცრილი უნდა იყოს მოსახლეობის 60 პროცენტზე ნაკლები, დაბალშემოსავლიან ქვეყნებს კი კვლავ შეზღუდული წვდომა ჰქონდეთ საწყის დოზებსა და ანტივირუსულ მედიკამენტებზე.

 

„შედეგად, COVID-19 დიდწილად უკონტროლო დარჩება, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მძიმე რეციდივებით“, — წერს მოხსენება.

 

ასეთი მძიმე რეალობის თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები ირწმუნებიან, რომ საჭიროა მთავრობებს შორის თანამშრომლობა და ინვესტირება ჯანდაცვის სისტემებში, სამეცნიერო კონსულტაციის სისტემების ინტეგრირება, განათლებასა და სიმდიდრეში მზარდ უთანასწორობასთან გამკლავება.

 

ISC-ის ანგარიში მოუწოდებს მთავრობებს, წინააღმდეგობა გაუწიონ კლიმატის მიზნებზე მოკლევადიანი სარგებლისთვის უარის თქმის ცდუნებას.

 

სრულიად შესაძლებელია, რომ კლიმატის ცვლილების ზრდამ და გარემოს განადგურებამ მომავალში პანდემიების ალბათობა მხოლოდ გაზარდოს. ამის ხელახლა გადატანა კი ალბათ აღარავის სურს.

 

„COVID-19-ის პანდემიამ წარმოაჩინა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ფასი, თუნდაც კასკადური გარემოსდაცვითი რისკებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებშიც კი. უნდა განვაახლოთ იმ მრავალმხრივი სისტემების მშენებლობის ძალისხმევა, რომლებიც გამოასწორებს უთანასწორობებს და მოგვამზადებს შემდეგი კრიზისისთვის. იქნება ეს კიდევ ერთი პანდემია, კლიმატის ცვლილება, კონფლიქტი — გვაქვს შანსი, ვისწავლოთ გასული ორი წლის მაგალითზე“, — ამბობს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე კატასტროფათა რისკის შემცირების საკითხებში, მამი მუცუტორი.

 

საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს მოხსენება სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 

წყარო

წაკითხვა 533 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.