May 2, 2024

პროექტი "ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის” წარმატებით განხორციელდა

პროექტის "ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის,” ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თეთრ დარბაზში, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიმდინარეობისას ჩატარდა სასწავლო სემინარები კონფლიქტის არაძალადობრივი მეთოდებით და მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტის თაობაზე. პროექტის შემდეგ ეტაპზე, ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ თავად დაეგეგმათ და მოეწყოთ ტრენინგები ქუთაისის რამდენიმე სკოლაში, ასევე ჩაეტარებინათ მრავალფეროვანი აქტივობები ღია სივრცეში. პროექტის მონაწილეებმა შემაჯამებელ შეხვედრაზე თავად ისაუბრეს ახალგაზრდულ ინიციატივებზე, საკუთარი თანატოლებისთვის გაზიარებულ აქტივობებზე და აღნიშნეს, რომ ეს პროექტი დიდი მოტივაციის და გამოცდილების მომცემი იყო მათთვის.

 

ღონისძიების ბოლოს გაიმართა პროექტის მონაწილეების დაჯილდოება. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. ასევე, ახალგაზრდების სახელით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს იოსებ ხახალეიშვილს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს, დავით ერემეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს, ლანა სვანიძეს ახალგაზრდების სახელით გადაეცა მადლობის სიგელი, - ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

p1

 

"ქუთაისში არაერთი ახალგაზრდული პროექტი ხორციელდება წარმატებით და დღეს კიდევ ერთი ასეთი პროექტის მონაწილეებს შევხვდით.
პროექტს "ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის", ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში, ახორციელებს საინიციატივო ჯგუფი.


ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში. ეს ახალგაზრდები არიან ქუთაისის ხვალინდელი დღე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები და მონაწილეობა ქალაქის ცხოვრებასა და განვითარებაში," - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა შემაჯამებელ შეხვედრაზე.

 

23ე 

 

პროექტი Firstnews.ge- თან საუბარში საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ შეაფასა:

 

„პირველ რიგში“ უნდა აღვნიშნო, რომ ეს პროგრამა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება და ახალგაზრდობის თავისუფალ ინიციატივებს ეხება, საკმაოდ აქტიურია. ვფიქრობ, რომ სტატისტიკურად ინტერესი ამ პროგრამის მიმართ წლიდან წლამდე იზრდება და ახალგაზრდები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტს წარუდგენენ.

ვფიქრობ, რომ ის მონაწილეობა, რომელსაც თავის მხრივ არაფორმალური განათლების მიმართულებით ახალგაზრდები ახორციელებენ საკმაოდ მნიშვნელოვანია. ისეთ საკითხებზე, როგორიც არის აქტიური მონაწილეობა თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე ის პროცესი, რომელიც უკავშირდება ზოგადად ახალგაზრდების აქტივობებს ქალაქში,“ - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

 

p2

 

პროექტის მონაწილეებმა ქუთაისის მერიასა და პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.

 

„მსგავს ტრენინგზე პირველად ვიყავი და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ტრენინგმაც და ჩვენმა არაჩვეულებრივმა ტრენერებმაც. ამ ტრენინგმა მასწავლა, რომ კონფლიქტს შესაძლებელია, რომ არამხოლოდ უარყოფითი, არამედ დადებითი მხარეებიც ჰქონდეს. ასევე გავიგე თუ როგორ მარტივადაა შესაძლებელი კონფლიქტის ადრეულ სტადიებზე მოგვარება. მთავარი კი ვფიქრობ ის არის, რომ მომეცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი ტრენერი, ჩემივე ასაკის ბავშვებისთვის ჩამეტარებინა ტრენინგი და მიმეწოდებინა ის ინფორმაცია და გამოცდილება, რაც მე შევიძინე. მადლობა მერიასა და საინიციატივო ჯგუფს, იმისთვის რომ ამ არაჩვეულებრივი გამოცდილების შეძენის საშუალება მომცა,“ -აღნიშნა ჩვენთან საუბარში პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიამ იობაშვილმა.

 

„პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელიდან გავიგე და რადგან კონფლიქტი ყველაზე აქტუალური თემაა დღესდღეობით, გადავწყვიტე აპლიკაციის შევსება. პირველივე დღიდან ტრენინგები ძალიან საინტერესო იყო. შედეგ ეტაპზე კი, მე და ჩემმა გუნდმა თანატოლებს ჩავუტარეთ ტრენინგი თემაზე - „კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტა“. ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ ჩვენი ტრენერის, თეონა ფურცხვანიძის თანადგომით ვფიქრობთ, საინტერესო ტრენინგი გამოგვივიდა. ეს იყო ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც არასდროს დამავიწყდება. დიდი მადლობა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრს და ქ.ქუთაისი მერიას ასეთ კარგ პროექტებს რომ ახორციელებენ,“ - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ საბა სოფრომაძემ.

 

p3

 

პროექტის მიმდინარეობა FirstNews.ge-თან საუბარში უფრო დეტალურად შეაფასა პროექტის ხელმძღვანელმა ივეტა შალამბერიძემ.

 

„პროექტი „ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ 1 მაისიდან მიმდინარეობს და დღემდე ძალიან მრავალფეროვანი აქტივობები განვახორციელეთ. გუნდი თანმიმდევრულად და შეთანხმებულად ვმუშაობდით, რათა პროექტით დასახული მიზანი მაქსიმალურად ყოფილიყო მიღწეული.


პროექტის შედეგად ახალგაზრდებმა აიმაღლეს ცნობიერება და სრულად იქნენ ინფორმირებული კონფლიქტების, მისი სახეების, მოგვარების გზების და საშუალების შესახებ. ფასილიტატორისა და ფსიქოლოგისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით თავიანთ თემსა და სკოლებში, 150-ზე მეტი თანატოლისათვის, ჩაატარეს ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები კონფლიქტების, მისი მოგვარების გზებისა და ბულინგის თემაზე. მათი თქმით, ეს საუკეთესო გამოცდილება იყო, კონფლიქტს უყურებენ არა მხოლოდ უარყოფით კონტექსტში, არამედ შეუძლიათ მისი დადებითი მხარეების დანახვაც და დროული ესკალაციაც.


მიხარია, რომ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია გვაძლევს საშუალებას მსგავსი პროექტები განვახორციელოთ ახალგაზრდებისათვის ჩვენს ქალაქში და მცირედი წვლილი შევიტანოთ მის განვითარების საქმეში.


საინიციატივო ჯგუფის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, ბ-ნ იოსებ ხახალეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბ-ნ ირაკლი შენგელიას, ვიცე-მერს, ბ-ნ დავით ერემეიშვილს, საკრებულოს დეპუტატს, ბ-ნ ბექა ქებულაძეს,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ქ-ნ ლანა სვანიძეს, მერიის და საკრებულოს ყველა წარმომადგენელს,“ - განაცხადა ივეტა შალამბერიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პროექტი "ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის" განხორციელდა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში.

 

წაკითხვა 500 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 15 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.