May 2, 2024

"ბრძოლა მოგიწევთ, ბევრჯერ დამარცხდებით" - როგორია სოფიო შევჩენკოს წარმატებისკენ მიმავალი გზა 

"ჩემი ყოველდღიურობის დიდი ნაწილი სწავლების პროცესს ეთმობა, რაც უდიდეს გამოცდილებასა და ბედნიერებას მანიჭებს. უამისოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ Firstnews.ge-თან საუბარში "მომავლის აკადემიის" დამფუძნებელი სოფიო შევჩენკო აცხადებს.

სოფიო შევჩენკო, 34 წლისაა და ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ის "მომავლის აკადემიის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია; ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის ბაკალავრი, - სერტიფიცირებული მასწავლებელი, სერტიფიცირებული ტრენერი, კერძო ფასიანი მასწავლებელი.

 

საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს - მუშაობს კერძო მასწავლებლად, ასევე უძღვება საგნის გამოცდის მოსამზადებელ კურსს მასწავლებლობის მსურველებისთვის, გარდა ამისა "მომავლის აკადემიაში" სხვადასხვა ტრენინგ-კურსების ავტორი და ტრენერია. როგორც თავად ამბობს, ერთ საათში შექმნილმა "მომავლის აკადემიამ" დღეის მდგომარეობით იმაზე მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე წარმოიდგენდა. მისი აზრით, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა, გამბედაობა და სიმამაცე, თუმცა ქალისთვის ხშირად შემაკავებელ მიზეზად ქცეულა სოციუმის მიდგომები.

 

როგორ მიაღწია წარმატებას და რა სირთულეები შეხვდა ამ გზაზე? - ამის შესახებ FirstNews.ge-ს სოფიო შევჩენკო თავად უყვება:

- უდიდესი შრომისა და საკუთარი თავის რწმენით აქამდე მოვედი, სადაც ახლა ვარ. ეს გზა მარტივად სავალი ნამდვილად არ იყო, არც იოლად საკეთებელი. თუმცა, წარმატებისკენ სავალ გზაზე, მთავარია დავისახოთ მოკლევადიანი მიზნები და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იმ დიდ მიზნამდე- წარმატებამდე. წინ კიდევ ბევრი გზა მაქვს გასავლელი, ამაზე რამდენიმე წლის მერე მოგიყვებით.

"მომავლის აკადემია" შევქმენი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე შევქმენი. ეს იყო პერიოდი, როდესაც აუარება პრობლემა და სტრესი ერთად იყრის თავს და გიტევს. ჰოდა მეც ავდექი და აქეთ შევუტიე. ერთ საათში შექმნილმა "მომავლის აკადემიამ" დღეის მდგომარეობით იმაზე მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე წარმოვიდგენდი. ჩემი აკადემია ჩემი მეორედ დაბადებაა დედამიწაზე.

 

- როგორ ფიქრობთ, რა წინააღმდეგობები ხვდება წარმატების გზაზე ქალს, მამაკაცისგან განსხვავებით?

- ჩემი აზრით, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა, გამბედაობა, სიმამაცე, საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება, ბრძოლა და ა.შ. საზოგადოების შეფასებით მამაკაცს ცუდ ტონად არ უთვლიან მსგავს ნაბიჯებს, ხოლო ქალისთვის ხშირად შემაკავებელ მიზეზად ქცეულა სოციუმის მიდგომები, რადგან ქალი უმრავლესობისათვის ასოცირდება მხოლოდ სამზარეულოში, საცივისა და ხაჭაპურის რეცეპტით ხელში, უმრავლესობისთვის განათლება ქალისთვის მე-100 ეტაპზე უნდა იყოს და ა.შ ამიტომაც ქალს უწევს მეტი წინააღმდეგობის დაძლევა ვიდრე მამაკაცს. ქალმა უნდა აირჩიოს წარმატება, კარიერა თუ ოჯახი?! -ჩემი გამოცდილებით ვფიქრობ, რომ თანაზიარად ორივე შესაძლებელია.

 

- გიწყობდათ თუ არა ოჯახი ხელს წარმატების მიღწევაში?

- რა თქმა უნდა! მე მყავს მეუღლე და ორი გოგონა, ქრისტინა და ბარბარე, სამივე ადამიანი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ცხოვრებაში და მათი გვერდში დგომითა და გამხნევებით მოვედი აქამდე და ვარ ის, ვინც ვარ. მათ გარეშე მე ვერაფერს მივაღწევდი.

 

sofia44

 

- როგორ ფიქრობთ რა სტერეოტიპების დამსხვრევა უწევს ქალს საქართველოში წარმატების გზაზე?

- „წარმატებული ბიზნესის უკან უნდა იდგეს აუცილებლად კაცი“ - ეს სტერეოტიპია ძირითადად, რასაც ვამსხვრევთ და გეტყვით, რომ მშვენივრადაც იმსხვრევა. ვფიქრობ, ვისწავლეთ, რომ უჭკვიანესი და მიზანდასახული ქალები ცხოვრობენ საქართველოში და ამისი ბევრი ნათელი მაგალითიცაა.

 

- როგორ ფიქრობთ რამდენადაა დაცული საქართველოში ქალთა უფლებები?

- ჩვენს ქვეყანაში მეტ-ნაკლებად დაცულია ქალთა უფლებები, ზოგადად გამოწვევაა ეს საკითხი ცივილიზებული სამყაროსთვის, მაგრამ დამეთანხმებით, რომ საქართველო ცდილობს ამ პუნქტის დაცვასა და საკანონმდებლო ბაზაც იძლევა ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებს.

 

- და ბოლოს, რას ურჩევდით იმ ქალებს, რომლებსაც სურთ წარმატების მიღწევა და ამაში ძალიან ბევრი ფაქტორი უშლის ხელს?

- ვეტყოდი, რომ პირველ რიგში უყვარდეთ საკუთარი თავი, არასდროს თქვან უარი საკუთარ მიზნებსა და სურვილებზე, იშრომონ ბევრი, ჰქონდეთ სოციუმისაგან უკუკავშირის მიმღებლობის უნარი. ბრძოლა მოუწევთ, ბევრჯერ დამარცხდებიან, თუმცა ეს დამარცხება უნდა აქციონ საკუთარი თავის ძლიერ მხარედ და გააგრძელონ გზა წინ. როგორც კი წარმატების ნაბიჯებით დაიწყებენ სვლას, გარშემომყოფთა რაოდენობა მოიკლებს, თავს იგრძნობენ მარტოდ, მაგრამ ეს დროებითია, ზუსტად ეს ”მარტოობა“ მაცნეა დიდი წარმატებისა.

 

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

 

წაკითხვა 782 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 13 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.