"მიუხედავად სამთვიანი მშვიდობისა, მთიანი ყარაბაღის სტატუსის გაურკვევლობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ახალ შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გამორიცხავს".
ყარაბაღის მესამე, 44-დღიანი ომის დამთავრებიდან სამი თვე ხდება და სომხეთში უფრო და უფრო ხშირად გაისმის მოწოდება რევანშისთვის მოსამზადებლად...
ამ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე სომხეთი მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანის შვიდ სხვა რაიონში 12 500 კვკმ ტერიტორიას აკონტროლებდა, ომში დამარცხების შემდეგ კი მას საგამგებლოდ მხოლოდ 2 500 კვკმ დარჩა. მიუხედავად ამისა, მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეფანაკერტი და კიდევ ორი-სამი ქალაქი
კვლავ სომხების განკარგულებაშია, რაც ერევანს უტოვებს იმედს, ყარაბაღის დიდი ნაწილი დაიბრუნოს. სომხეთში ოპოზიცია მიტინგს მიტინგზე მართავს და არც მთავრობის სახლში შეჭრის მცდელობებზე ამბობს უარს. მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რადგან სწორედ მას აბრალებენ ყარაბაღის მესამე ომში დამარცხებას. ფაშინიანის პრემიერმინისტრობას რომ დიდი დღე არ უწერია, ისედაც ნათელია, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყნის სათავეში მისი ყოფნა ხელს აძლევს პუტინს, რათა სწორედ ფაშინიანმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულებით ერევნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ეს ვალდებულებები, სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, მათი ქვეყნის ერთპიროვნული კაპიტულაცია და ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობაა, ამიტომ სანამ ბაქო სომხეთთან სახელმწიფო საზღვარს საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკებით განაახლებს, ფაშინიანს, ალბათ, თავის სავარძელში დატოვებენ, მერე კი სომხეთის სათავეში ისევ პრორუსული ძალა დაბრუნდება პუტინის მეგობრის, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით.
ილჰამ ალიევი კარგად ხვდება, რომ ამ ომში მისი მოქმედების თავისუფლებაზე პუტინის ფარული თანხმობა, ადრე თუ გვიან, აზერბაიჯანს უკან მოუბრუნდება, რადგან ყარაბაღის გაურკვეველი სტატუსი და იქ შესული რუსული სამხედრო კონტინგენტი მოსკოვისთვის ბაქოზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის საუკეთესო ბერკეტია. აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებს ძალის გამოყენებით ყარაბაღის დარჩენილი სომხური ნაწილის თავის იურისდიქციაში დაბრუნებას, რადგან იქ უკვე ფეხი მოიკიდეს რუსმა სამხედროებმა და ეს სიტუაცია რაღაცით წააგავს ცხინვალში შექმნილ ვითარებას, როცა იქ 16 წლის განმავლობაში რუსი ე.წ. სამშვიდობოები იდგნენ და ადგილობრივ სეპარატიზმს აგულიანებდნენ.
ამ ეტაპზე ბაქოს მხოლოდ კონტროლის გაძლიერება შეუძლია, რათა სომხეთიდან სტეფანაკერტში არ შევიდეს ახალი შეიარაღება და არ გაიგზავნონ დამატებითი დანაყოფები, არადა, თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმია სამი ათეული წელი სწორედ სომხეთში გაწვეული ახალგაზრდებით კომპლექტდებოდა და ყარაბაღის მესამე ომშიც, ძირითადად, სომხეთის მოქალაქეები დაიღუპნენ, რომელთა რაოდენობამ შეიძლება ხუთი ათასსაც კი მიაღწიოს (ყარაბაღის ტყეებში დღემდე პოულობენ სომეხ ჯარიკაცთა ცხედრებს).
თანდათანობით ძლიერდება სომხეთის მოსახლეობის საპროტესტო მოძრაობა. ისინი კატეგორიული წინააღმდეგი არიან, სომეხი ახალწვეულები სამხედრო სამსახურში გაიგზავნონ ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჯერჯერობით ისევ სომხური მხარე აკონტროლებს. აზერბაიჯანი წინააღმდეგია, გაცვალოს და ერევანს დაუბრუნოს 62 სომეხი სამხედრო, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დაატყვევეს. მათ ბაქოში არა სამხედრო ტყვეებად, არამედ შეიარაღებულ ტერორისტებად მიიჩნევენ, რომლებმაც შეტევა ზავის შემდეგაც გააგრძელეს.
როგორც ჩანს, სომხეთში რევანშისტული განწყობა მუდმივად დარჩება, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, მან აზერბაიჯანი ომში დაამარცხოს, თუ მოსკოვი ბაქოს არ უგანებს და ერევნის გვერდით არ დადგება, მაგრამ პუტინს ახლა სხვა მიზანი აქვს - სურს, რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს სატრანსპორტო დერეფანი სომხეთი-აზერბაიჯანი-რუსეთი, რომელმაც აზერბაიჯანი ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას უნდა დაუკავშიროს სომხური მეგრის რაიონის გავლით, სადაც მიმოსვლის უსაფრთხოებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეები დაიცავენ. ახალი სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება, რომლითაც სომხეთი აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით რუსეთს დაუკავშირდება, აზერბაიჯანი კი სომხეთის გავლით ჯერ ნახიჭევანს და მერე თურქეთს მისწვდება, ბევრ რამეს შეცვლის სამხრეთ კავკასიაში.
სომხეთ-აზერბაიჯანის 30-წლიანი დაპირისპირება საქართველოს ერთგვარ მოგებას აძლევდა, როგორც მთავარ სატრანზიტო ქვეყანას, თურქეთის - აზერბაიჯანსა და შუა აზიასთან, ხოლო სომხეთის რუსეთთან დასაკავშირებლად. ამიტომ საუკუნის პროექტები, იქნებოდა ეს ნავთობ და გაზსადენები თუ რკინიგზა, აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ სწორედ საქართველოს გავლით ხორციელდებოდა და არა - სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით, რაც უფრო მოკლე და ეკონომიკურად მომგებიანი მარშრუტი იქნებოდა. ახალი დერეფნის ამოქმედება, ცხადია, ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკას რუსულ და თურქულ ბაზრებზე გასასვლელად, თუმცა ყარაბაღის მესამე ომში დამარცხების გამო სომეხ საზოგადოებაში გაჩენილი რევანშისტული განწყობა არ ჩაცხრება.
https://www.kvirispalitra.ge/