სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკება ჩაიშალა, ომი ახალი ძალით იფეთქებს
“რუსეთის შუამავლობით მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის საშვიდობო მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა და საბრძოლო მოქმედებები უახლოეს დღეებში შეიძლება გაცილებით მასშტაბური გახდეს.
ამაზე მეტყველებს სომხური და რუსული საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობები და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის საგანგებო მიმართვა ერისადმი” - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკება ჩაიშალა, ომი ახალი ძალით იფეთქებს
"მოლაპარაკება სომხეთის პოზიციის გამო ჩაიშალა, რადგან მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კონფლიქტის მოსაგვარებლად შეთავაზებული ფორმულა - „მშვიდობა ტერიტორიების სანაცვლოდ". ამ გეგმის დეტალები ოთხშაბათს დილით სერგეი ლავროვმა გაახმოვანა. მისი თქმით, სომხების კონტროლის ქვეშ მყოფი 5 რაიონიდან უნდა მოხდეს სომხური სამხედრო ნაწილების ეტაპობრივი გაყვანა, რის შემდეგაც, კონფლიქტის მონაწილეე მხარეების თანხმობის შემთხვევაში, რეგიონში შეიძლება შესულიყვნენ რუსი სამხედრო დამკვირვებლები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებდნენ. ოთხშაბათს შუადღისას სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მან სომხეთის მხრიდან 5 რაიონის დათმობის შეთავაზება 1938 წლის მოვლენებს შეადარა და განაცხადა, რომ ეს ვერ უზრუნველყოფდა მშვიდობას რეგიონში, რადგანაც არ ითვალისწინებდა ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრას. „ეს ძალიან ჰგავს 1938 წლის მიუნხენის შეთქმულებას, როდესაც თითქოსდა მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გერმანიას გადაეცა. რა მოხდა ამის შემდეგ, ყველამ იცის. ახლა საკითხი ასე დგას - დაუშვებს თუ არა მსოფლიო ახალი ჰიტლერის გაჩენას, ამჯერად მცირე აზიაში", - განაცხადა ფაშინიანმა”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ამავე დროს, ოფიციალური ერევანი ადასტურებს, რომ ბრძოლების შედეგად გარკვეული ტერიტორიული დანაკარგები აქვს. თუმცა, რუსული და სომხური წყაროები ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მიუთითებენ, რომელიც შესაძლოა სომხეთს გარკვეული სამხედრო წარმატების იმედს აძლევდეს. 17 ოქტომბრიდან ირანს ოფიციალურად ეხსნება ყველანაირი შეზღუდვა იარაღით ვაჭრობაზე და მას უფლება ეძლევა ნებისმიერ სხვა ქვეყანას მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება და საკუთარ ტერირორიაზე გაატაროს სხვადასხვა სამხედრო ტვირთები. ეს კი ნიშნავს, რომ ირანს ღიად შეეძლება მიაწოდოს თავის მოკავშირე სომხეთს საბრძოლო დრონები და სხვა სახის შეიარაღებდა. გარდა ამისა, რუსული სამხედრო ტვირთების გადასროლა სომხეთში ირანის გავლით უკვე უპრობლემოდ მოხდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი აცხადებს, რომ სომხები და აზერბაიჯანელები უნდა მოემზადონ კონფლიქტის დასრულების შემდეგ ყარაბაღში მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის. რაც შეეხება რეგიონში სამშვიდობო ძალების შეყვანას, ალიევის თმით, ეს კონფლიქტის დარეგულირების ბოლო პუნქტი უნდა იყოს. ამის პარალელურად რუსულმა „რია ნოვოსტიმ" სირიის ოპოზიციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში სირიიდან აზერბაიჯანში მებრძოლების ახალი ჯგუფის გაგზავნა იგეგმება. ამავე წყარომ უარყო ადრე გავრცელებული ინფომაცია სირიელი მებრძოლების ნაწილის აზერბაიჯანიდან სამშობლოში დაბრუნების შესახებ და განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან სირიელი დაქირავებულების კონტრაქტის ვადა 6 თვეა”, - განაგრძობს გაოცემა.
"რა გახდა სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი და რა შეიძლება მოყვეს ამას რეგიონში? საერთაშორისო ექსპერტი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ სომხეთმა წამგებიანი პოზიცია აირჩია, რამაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან მისდამი ნეგატიური დამოკიდებულებები გამოიწვიოს. „ეს წამგებიანი პოზიციაა სომხეთისთვის, რადგან არა მხოლოდ რუსეთის, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალშიც ფაშინიანის უარი შეიძლება ნეგატიურად წარმოჩინდეს. ყარაბაღის გარშემო ტერიტორიები, საიდანაც სომხეთს ჯარები უნდა გაეყვანა, გაეროს რეზოლუციებითაც და თავად სომხეთის მიერაც არის დამტკიცებული, რომ ოკუპირებულია და ეკუთვნის აზერბაიჯანს. სომხეთს ეს პოზიცია პრობლემებს შეუქმნის და უმთავრესად მისი მთავარი შუამავლის - რუსეთის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას გამოიწვევს. „აღნიშნული გარემოება ხელ ფეხს უხსნის აზერბაიჯანს, რათა განაგრძნოს შეტევები, ვინაიდან ახლა სომხეთი წარმოადგენს მხარეს, რომელიც არ აღმოჩნდა მზად მოლაპარაკებებისათვის, ხოლო აზერბაიჯანი დადებით ჭრილში გამოჩნდება, რადგან ის მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის შეთანხმების სანაცვლოდ,"- ამბობს კაკაჩია "რეზონანსთან" საუბრისას”, - დასძენს გამოცემა.
„ჩვენს კითხვაზე, თუ რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი სომხეთის უარის, ექსპერტი გვაპუსხობ, რომ უმთავრესი მიზეზი შიდა დაპირისპირებებია. „აქ არის უამრავი სხვადასხვა ფაქტორი და მათ შორის მთავარია შიდა კონფლიქტი, რადგან რომ არა უარი, ამას შეიძლება ქვეყნის შიგნით არეულობა და რეჟიმის ცვლილებაც გამოეწვია. ქვეყნის შიგნით ძალიან ბევრია ამ შეთანხმების მოწინააღმდეგე, რომლებმაც შეიძლება ფაშინიანის მთავრობას დააბრალონ, რომ ის ძალიან მარტივად დათანხმდა ტერიტორიების დათმობას. საზოგადოება ამისთვის მზად არ არის, მათ შორის არც პოლიტიკური სპექტრი, რადგან სომხეთს ყოველთვის უკომპრომისო პოზიცია ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი საკუთარი უკომპრომისო პოზიციის ტყვეები გახდნენ," - ამბობს კაკაჩია. ექსპერტის აზრით შუამავალი ქვეყნები, მოლაპარაკებებს განაგრძობენ, რათა ორი ქვეყნის დაპირისპირებამ სავალალო შედეგები არ გამოიწვიოს. „სავარაუდოდ, შუამავლები კიდევ განაგრძობენ სომხეთზე ზეწოლას, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაადგმევინონ. თუმცა, თუ არ მოხდა პოზიციების დათმობა, ბუნებრივია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს და უკვე საკითხი დადგება იმაზე, თუ ვინ გამოეთიშება პირველი შეიარაღებულ დაპირისპირებას და ვის ეყოფა რესურსი, რომ ბოლომდე გაუძლოს ომს. „ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აზერბაიჯანს აქვს უპირატესობა, მითუმეტეს სომხეთი დიდი ალბათობით რუსეთის მხარდაჭერას, კერძოდ, სამხედრო მხარდაჭერასაც დაკარგავს. ამიტომ სომხეთმა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს,"- ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას კორნელი კაკაჩია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადების თანახმად, მოლაპარაკებები ომის სამშვიდობო პოზიციებზე გადასვლის თაობაზე წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყარაბაღის გარშემო 5 ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაზე უარი თქვა. “იწყება სომხეთის ჯარის ეტაპობრივი გამოყვანა ყარაბღის გარშემო 5 რაიონიდან, რაც კონფლიქტს დაარეგულირებს. ყარაბაღის ტერიტორიაზე უნდა გაიგზავნოს რუსი დამკვირვებლები, რომლებიც ვითარებას ადგილზე შეისწავლიან და შეაფასებენ. შემდეგი ეტაპი კი იქნება ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა. ამ პერიოდში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა. ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ კომუნიკაციების საკითხი მათ შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო, თუ კი კონფლიქტის მხარეები იქნებიან თანახმა ამ შეთანხმებაზე," - განაცხადა ლავროვმა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"