უცხოური პრესა - ნატო არავის ემუქრება, მაგრამ შავ ზღვაში თავის ყოფნას აძლიერებს

რუსულ გაზეთ „იზვესტია“-ში («Известия») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნატო არავის ემუქრება, მაგრამ შავ ზღვაში თავის ყოფნას აძლიერებს“, რომელშიც მიმოხილულია შავი ზღვის აკვატორიაში ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მიზნები, მისი დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივა.

 

მანევრები რუსეთის საზღვრებთან ახლოს

მასალაში ყურადღება ეთმობა უკრაინის როგორც შავიზღვისპირა ქვეყნის მცდელობას ნატოსთან ინტეგრირების საკითხში: გადმოცემულია პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალისა და ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის ბრიუსელში შეხვედრის გარემოებები. აღნიშნულია, რომ უკრაინა საქართველოსთან ერთად ესწრაფვის ნატოში გაწევრიანებას და ამ მიზნით ორივე ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნატოს სამხედრო წრთვნებში, რომლებიც შავ ზღვაში ბოლო დროს ხშირად იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გემების მიერ. თავის მხრივ, რუსეთიც იგივეს აკეთებს, რადგან ყირიმში შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზა მდებარეობს.

 

რუსეთი ნატოსათვის - №1 სამხედრო საფრთხე

 

სტატიაში განხილულია ნატო-რუსეთის დაპირისპირებული ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც შავი ზღვის არეალშიც აშკარად შესამჩნევია. „ნატო დიდი ხანია თვლის, რომ მის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ეს აღნიშნულია ექსპერტთა მოხსენებაშიც „ნატო-2030“, რომელიც ალიანსის რეფორმირებას ეხება. თავის მხრივ, რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატოს გაფართოება მისთვისაც ასევე მთავარი საფრთხეა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორი შავიზღვიპირა ქვეყნის - უკრაინისა და საქართველოს სწრაფვა ნატოსაკენ. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელს და მოსკოვს მკვეთრად გამოხატული აზრთა სხვადასხვაობა აქვთ შავი ზღვის მილიტარიზების საკითხში.

 

ინტეგრაცია ნატოში: სად საქართველო და სად უკრაინა...

 

რუსეთის შეშფოთებას იწვევს ის, რომ შეიძლება 2021 წლის სამიტზე უკრაინამ „მაპ“-ი მიიღოს, თუმცა ამის შესახებ ბრიუსელში რაიმე განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. საერთოდ კი, ნატოში ინტეგრაციის მხრივ უკრაინაზე უკეთესი მდგომარეობა საქართველოს აქვს. ალიანსის საიტზე იმ მასალებში, რომლებიც თბილისთან თანამშრომლობას ეხება, გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, „საქართველო უკვე ემზადება გაწევრიანებისათვის - წარმატებულად ახორციელებს ეროვნული წლიური პროგრამების შემუშავებას და იმპლემენტაციას“. მსგავსი ჩანაწერი უკრაინის მიმართ არ არსებობს.

 

როგორც რუსი ექსპერტი დიმიტრი სუსლოვი ამბობს, „უკრაინა ყოველ წელს ელოდება, რომ მას ნატოში გაწევრიანების გეგმას მისცემენ, მაგრამ ეს არ მოხდება. „მაპ“-ს უფრო მეტად საქართველო მიიღებს, ვიდრე უკრაინა. ნატო არ გადადგამს ამ ნაბიჯს, რადგანაც იცის: ასეთი მოქმედება მკვეთრად გაამწვავებს სიტუაციას და უპირველეს ყოვლისა, საზიანო იქნება თვით უკრაინისათვის. შესაბამისად, რადგანაც ბრიუსელი უკრაინას ვერც „მაპ“-ს ვერ მისცემს და ვერც გაწევრიანებას ვერ ჰპირდება, მათი ურთიერთობა მხოლოდ ერთობლივი საზღვაო მანევრებით შემოიფარგლება.

 

თურქეთი და მონტრეს კონვენცია

 

რუსი ექსპერტი ილია კრემნიკი „იზვესტია“-სთან საუაბარში აღნიშნავს, რომ შავ ზღვაში ნატოს ხომალდების პერიოდული ცურვა საშიში არ არის. „ისინი როგორც შემოდიან, ასევე უკან გადიან. ნატოს გემები შავ ზღვაში ხანგრძლივად ვერ ჩერდებიან, რადგან კარგად უწყიან, რომ ბოსფორ-დარდანელის სრუტეების შესახებ მონტრეს 1936 წლის კონვენციის ძალით მათი მოქმედება შეზღუდულია. თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არის ნატოს წევრი, მონტრეს კონვენციის დებულებებს მკაცრად იცავს და ალიანსის სხვა ქვეყნების გემებს ზღვაში ვადაზე მეტად ყოფნის უფლებას არ აძლევს.

 

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გაძლიერება

 

სტატიაში მიმოხილულია ბოლო წლებში რუსეთის ფლოტის სამხედრო ძლიერების ზრდის პერსპექტივები: მოსკოვი თავის ფლოტს ახალ იარაღით უზრუნველყოფს - ახალი წყალზედა და წყალქვეშა ხომალდებით, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ახალი სისტემებით, გემსაწინააღმდეგო რაკეტებით, ავიაციით და ასე შემდეგ. „რუსეთისთვის ამჟამად აუცილებელი არაა მკვეთრად გაზარდოს თავისი სამხედრო-საზღვაო პოტენციალი, მით უმეტეს, რომ რთულ ეკონომიკური სიტუაციაში ამის გაკეთება ძნელია. უბრალოდ, აუჩქარებლად უნდა მივყვეთ ფლოტის განახლებისა და ყირიმში სახმელეთო ძალების თანდათანობითი გაძლიერების გეგმას“, - ამბობს ილია კრამნიკი „იზვესტია“-სთან საუბარში.

 

წყარო:

https://iz.ru/1123187/kseniia-loginova/ne-nato-ugrozhat-alians-reshil-usilitsia-v-chernom-more

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 542 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.