"ქაბულის დამცველი ერთ თვეში არავინ არ იქნება" - The Wall Street Journal
როგორც ამერიკული „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) წერს სტატიაში სათაურით „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ქაბულიდან საელჩო ატყობინებდა, რომ კრახი ახლოვდება“ (ავტორი - ვივიან სალამა), თურმე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთი თვით ადრე იცოდა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგნოზების მიუხედავად, თალიბები ქაბულს სწრაფად დაიკავებდნენ, მაგრამ არაფერი არ გააკეთა ქაოსური სიტუაციის აღკვეთის მიზნით.
„ჟურნალისტებისათვის ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საელჩომ ქაბულიდან ვაშინგტონში, 13 ივლისს, ენტონი ბლინკენისა და სახდეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირების სახელზე სრულიად საიდუმლო დეპეშა გაგზავნა, რომელსაც ხელს 23 თანამშრომელი აწერდა - მასში თითქმის მათემატიკური სიზუსტით იყო ნაჩვენები, რომ ქაბულს თალიბები იმაზე სწრაფად დაიკავებდნენ, ვიდრე ამას ამერიკის დაზვერვა საჯაროდ აცხადებდა: „ავღანეთის არმია და უსაფრთხოების სტრუქტურები ფაქტიურად აღარ არსებობს, ქაბულის დამცველი ერთ თვეში არავინ არ იქნება“, - ნათქვამია ვრცელ დეპეშაში გრიფით „სასწრაფოდ“.
დოკუმენტში ის რეკომენდაციებიც არის ჩამოთვლილი, რომელიც თეთრ სახლს უნდა შეესრულებინა, გარდაუვალი კრიზისის ნეგატიური შედეგების შემცირებისა და დიპლომატიური პერსონალის ნორმალური ევაკუაციის მიზნით. სხვათა შორის, მიმართვაში ასევე არის იმის რეკომენდაციაც, რომ „საჭიროა თალიბების მიერ ჩადენილ მხეცობაზე განცხადებები გაკეთდეს მკაცრი ლექსიკით და მათი შელამაზება არ მოხდეს“.
კაცმა რომ თქვას, ამერიკელი დიპლომატების წერილში მოცემული პროგნოზი თითქმის მთლიანად გამართლდა - 13 ივლისს მათ ცენტრს შეატყობინეს, რომ ერთ თვეში ქაბული დაეცემაო და 15 აგვისტოს თალიბები უკვე პრეზიდენტის სასახლეს დაეპატრონენ.
როგორც გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ აღნიშნავს, აღნიშნული საიდუმლო დეპეშა ამ მომენტისათვის იმის ყველაზე მკაფიო დადასტურებას წარმოადგენს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაფრთხილებებს ქაბულში მყოფი საკუთარი თანამშრომლებისგანაც იღებდა, რომლებიც ყველაზე კარგად იცნობდნენ სიტუაციას - ყველაფერს თავისი თვალით ხედავდნენ.
„სამწუხაროდ, დიპლომატების გაფრთხილება ვაშინგტონში ყურად არავინ იღო. ივლისის ბოლოს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თალიბების მიერ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდება უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა. იგი უფრო მეტად ენდო არმიისა და დაზვერვის მონაცემებს. ახლა ამერიკის არმიაში და დაზვერვაში ერთმანეთს აბრალებენ, თუ რომელს ჰქონდა შეკრებილი არაზუსტი ინფორმაცია და რომელმა გააკეთა ცრუ პროგნოზები“, - აღნიშნულია მასალაში.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი