გაქცევა ქაბულიდან - რას ჰყვება ერთ-ერთი ავიაკომპანიის პილოტი
ბრიტანულმა „როიტერ“-მა (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გაქცევა ქაბულიდან: ავიაკომპანიის პილოტის ნაამბობი“ (ავტორი - ოგნენ თეოფილოვსკი), რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ მოახერხა ავღანეთის დედაქალაქში გამეფებული ქაოსის პირობებში მგზავრების მშვიდობიანი გაყვანა ერთ-ერთი თვითმფრინავის ეკიპაჟმა.
„როცა 15 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში, თალიბებისგან თავის დაღწევის მიზნით, ასი ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, ავიაკომპანია Kam Air-ის თვითმფრინავის „ბოინგ-737“-ის ეკიპაჟის მეთაურმა რაჯილ იოვიცამ და მისმა კოლეგამ დიდი მოხერხებულობა გამოიჩინეს, რომ თავიანთ ხომალდთან მისულიყვნენ, მგზავრებს ადგილები დაეკავებინათ და გაფრენილიყვნენ.
როგორც 54 წლის ჩრდილო მაკედონიელი მფრინავი რაჯილ იოვიცა ჰყვება, ქაბულის დაცემის წინ ავღანეთის ყველაზე მსხვილ კერძო ავიაკომპანიას Kam Air-ს, სადაც იგი მუშაობდა, უკვე ჰქონდა გეგმებში, რომ ფორს-მაჟორული სიტუაციის დროს სამი Boeing 737 და სამიც Airbus 340 ქაბულიდან უკრაინის დედაქალაქ კიევში გადაეყვანა. მაგრამ თალიბთა წინსვლა მოულოდნელად სწრაფი გამოდგა: მათ ქაბული მანამდე დაიკავეს, სანამ ავიაკომპანია თვითმფრინავებისა და მგზავრების წაყვანას მოასწრებდა..
„ავიაკომპანიის ბევრი ავღანელი თანამშრომელი შიშით იყო შეპყრობილი - მათ არ იცოდნენ, რა ელოდებოდათ თალიბთა მოსვლის შემდეგ... ისინი საუბრობდნენ რაღაც სათადარიგო გეგმებზე, მაგრამ უშედეგოდ“, - ამბობს „როიტერის“ კორესპონდენტთან საუბარში რაიჯი იოვიცა.
„როცა ჩვენმა ხელმძღვანელობამ თალიბების მიერ ქაბულში სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდება შეიტყო, გვიბრძანა, რომ თვითმფრინავი გაფრენისათვის რაც შეიძლება სწრაფად მოგვემზადებინა. აეროპორტში ამ დროს უკვე ქაოსი სუფევდა - ქაბულელებს პროვინციებიდან ჩამოსულები ემატებოდნენ, ვისაც სურდა, ყველა შედიოდა, არც დაცვა, არც წესრიგი აღარ იყო, უსაფრთხოების სტრუქტურის ყველა თანამშრომელი გაიქცა. Kam Air-ის სამი თვითმფრინავი უკვე ხალხის ბრბოთი იყო გარშემორტყმული, რომლებიც ფიუზელაჟზე და ფრთებზე დადიოდნენ... რა უნდა გვექნა?
საბედნიეროდ ჩვენი „ბოინგი“ აეროპორტის შორეულ კუთხეში გვყავდა დაყენებული. ბედმა გაგვიღიმა, რომ ყურადღება არავინ მოგვაქცია, რადგან სამოქალაქო ფორმაში ვიყავით ჩაცმულები, ავღანური ტანსაცმლით. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ჩვენმა მგზავრებმა, რომლებსაც ბილეთები წინასწარ ჰქონდათ შეძენილი, თვითმფრინავთან მოსვლა ნელ-ნელა მოახერხეს. გადავწყვიტეთ, შებინდებისას გავფრენილიყავით. შევამოწმეთ ძრავები, საწვავის რაოდენობა (რომელიც, სამწუხაროდ, საკმარისი არ აღმოჩნდა), ჩავატარეთ სხვადასხვა პროცედურა და სიბნელეში, თვითმფრინავი ადგილიდან შეუმჩნევლად დავძარით. ფარები გამორთული გვქონდა, რომ ყურადღება არ მიგვექცია. აეროპორტის ავიადისპეტჩერმა რადიოთი გაგვაფრთხილა, რომ აფრენისათვის მხოლოდ ათი წუთი გვაქვს და თუ დროში ვერ ჩავეტეოდით, ჩვენი უსაფრთხოება არც მიწაზე და არც ჰაერში უზრუნველყოფილი არ იქნებოდა“.
„ავიაკომპანია Kam Air-ის თვითმფრინავი ბოინ-737“ ქაბულის აეროპორტიდან 15 აგვისტოს, საღამოს 20 საათსა და 32 წუთზე გამოფრინდა (ადგილობრივი დროით). ორსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ საჰაერო ხომალდი თბილისში დაეშვა, სადაც საწვავი შეივსო და კიევში მშვიდობიანად ჩაფრინდა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო