"რუსეთი უკრაინას ემუქრება იმისთვის, რომ დასავლეთი დააშანტაჟოს"

რისთვის იყენებენ ჩვენს საზღვართან შეკრებილ ჯარს? ეს არის პოტენციალი შანტაჟისთვის და პირველ რიგში, დასავლური სახელმწიფოების წინააღმდეგ. თუ რუსული ჯარის რაოდენობა გაიზრდება, შანტაჟი კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც შეიძლება ეწოდოს მზადება ჩვენი სახელმწიფოს და შესაძლოა, მთლიანად რეგიონის წინააღმდეგ აგრესიის გაფართოებისთვის , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის.

 

„უკრაინა ვერაფერს ხედავს გასაკვირს იმაში, რაც ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე ხდება. რუსეთმა ეს ომი 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. სამწუხაროდ, ეს არ შეიძლება ითქვას ევროპის ყველა ქვეყანაზე. მაგალითად, გერმანიამ ბოლო დროს ხელი შეგვიშალა ნატოს-გან დრონების საწინააღმდეგო და ანტისნაიპერული სისტემების მიღებაში, რომლებიც ექსკლუზიურად თავდაცვის იარაღია. ომის მერვე წელს არ გვაქვს ამის უფლება? ცხადია გვაქვს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც იცავს თავს აგრესიისგან, უნდა ჰქონდეს უფლება შეიძინოს ასეთი თავდაცვის ინსტრუმენტები. მაგრამ ზოგიერთ დედაქალაქში კვლავ შიში ჭარბობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

კითხვაზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, არის თუ არა უკრაინული არმია მზად მათ დაუპირისპირდეს, ვლადიმერ ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა ყოველთვის დაიცავს საკუთარ ტერიტორიას და ხალხს.

 

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას და ჩვენს ხალხს ყველა ვითარებაში და ყოველგვარი ხელყოფისგან. უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს თავისუფლებაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაჟღერებული „ძალიან მკაცრი ეკონომიკური სანქციების“ შესახებ მუქარა მოსკოვის შესაჩერებლად საკმარისი, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ბაიდენ-პუტინის დიალოგის შემდეგ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ჯგუფის შემცირება არ მომხდარა.

 

„ამერიკელ და რუს ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენს საზღვრებთან სამხედრო ჯგუფის შემცირება არ ხდება. უფრო მეტიც, ესკალაციის კიდევ ერთი სივრცე არსებობს - აზოვის ზღვაში. როდესაც ეს სიტუაცია შეცვლას დაიწყებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგუმენტები დამაჯერებლად ჟღერს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 334 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.