აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და რუსეთის აგრესიას გმობს, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სენატორების რეზოლუციას კანონის ძალა არ აქვს, მაგრამ მისი საშუალებით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად აფიქსირებს „ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსაფრთხო, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ“ და „გმობს რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას“ უკრაინის საზღვარზე.
„კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში“, - განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა, რომელმაც, სენატორ ჯინ შაჰინთან და სხვა სენატორებთან ერთად, დოკუმენტი სენატს წარუდგინა.
რეზოლუცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, აშშ-ის მთავრობას დაავალოს, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი რუსეთისთვის „მნიშვნელოვანი ხარჯების“ დასაკისრებლად და „ევროპაში მშვიდობის აღსადგენად“.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეზოლუცია არ უნდა იქნას გაგებული, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ან უკრაინაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეყვანის ნებართვა.
სენატორები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეუძლია დამოუკიდებლად, კონგრესის ქმედებების მიუხედავად, დააწესოს სანქციები.
„საკითხი არ დგას ასე: „თუ“, არამედ ასე: „როგორ“ ვუპასუხებთ ჩვენ პუტინს“, - აცხადებს სენატორი შაჰინი.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
