ახდენენ თუ არა ზეწოლას ზელენსკიზე პუტინთან მოლაპარაკების დასაწყებად
“ევროპული ქვეყნების ნაწილი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე საუბრობს და არაა გამორიცხული, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკიზე გერმანიის და საფრანგეთის მხრიდან გარკვეული მოთხოვნა იყოს, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაუყოვნებლივ დაჯდეს.
დროში ასევე ემთხვევა 16 ივნისს კიევში, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერების ვიზიტი. ამის პარალლეურად კი ზელენსკიმ გერმანულ და დანიურ მედიასთან საუბარში უკვე მეორედ განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებისთვის მზად არის. დროში ასევე საეჭვოდ ემთხვევა დასავლეთიდან უკრაინისთვის იარაღის შეფერხებით მიწოდება. სწორედ იარაღის დაგვიანების მიწოდების გამო, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლაფ შოლცი უკრაინელი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზეა პასუხისმგებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახდენენ თუ არა ზეწოლას ზელენსკიზე პუტინთან მოლაპარაკების დასაწყებად.
“არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინა რუსების დამარცხებას და ქვეყნიდან განდევნას შეძლებდა, საკმარისი იარაღი რომ ჰქონოდა. მისი თქმით, უკრაინას გერმანიისგან სჭირდება შორი მანძილის არტილერია, ზალპური ცეცხლის სისტემები, ტანკები, ჯავშანტრასპორტიორები და უპილოტო საფრენი აპარატები. როგორც ჩანს, გერმანიის კანცლერის პოზიციაა, რომ რუსეთის გაღიზიანება არ მოხდეს და არაა გამორიცხული, იარაღის დაგვიანებით მიწოდება სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელება იყოს. უფრო მეტიც, გამოცემა “ბლუმბერგის” ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “გაზპრომ გერმანიის” სრული ნაციონალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა, რათა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება არ გამოეწვია. გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკისა და კლიმატის საკითხებში ფედერალური მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა “გაზპრომის” შვილობილი კომპანიის სახელმწიფო კაპიტალში შესვლას მხარი დაუჭირა. შოლცი შეშფოთებულია, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების გამწვავება რუსეთის ფედერაციასა და გერმანიას შორის რუსული გაზის იმპორტთან დაკავშირებით”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მაგრამ “გაზპრომ გერმანიის” ფინანსური მდგომარეობის გადარჩენის მიზნით, გერმანიის მთავრობა აპირებს გამოყოს 10 მილიარდ ევრომდე. სესხი მიზნად ისახავს “გაზპრომ გერმანიის” ფინანსების სტაბილიზაციას და მიწოდების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეზღუდა. “ამ მიდგომით, ფედერალური მთავრობა ინარჩუნებს თავის გავლენას კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ამ ნაწილზე და ხელს უშლის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საფრთხის წარმოქმნას”, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში. ჯგუფი გერმანიის უმსხვილეს გაზის საწყობს ფლობს და ლონდონსა და სინგაპურში გლობალური სავაჭრო გუნდი ჰყავს. გარდა იმისა, რომ ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ერთ-ერთი წამყვანი მოვაჭრეა, იგი აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც ოპერირებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო მონოპოლიურმა კონცერნმა “გაზპრომმა” განაცხადა, რომ იგი აღარ ფლობს გერმანულ “გაზპრომ გერმანიას” - სანქციებიდან გამოსაყვანად აქტივი ნაკლებად ცნობილ კომპანიას გადაეცა. გერმანიის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ქვეყნის გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად, აპრილის დასაწყისში ფედერალური ქსელის სააგენტო კომპანიის მეურვედ დანიშნა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ 16 ივნისს შოლცის, მაკრონის და დრაგის ვიზიტის პარალელურად უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკიზე გარკვეული წნეხი ხდებოდეს, რათა ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მეორე განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებისთვის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ამჯერად, დანიურ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის საკითხი მთლიანად პუტინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის დასასრულებლად ყველა არსებული შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, მათ შორის, პირდაპირი დიალოგი”, - დასძენს გამოცემა.
“თუ რუსეთს ამ ომის დასრულება სურს, როგორც ისინი ამას მედიაში აცხადებენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე, შეუძლებელია, ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირისპირ. შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე - ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთის ფედერაცია თუ მზადაა ომის დასასრულებლად და ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე, პირადად, მზად ვარ”, - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ვარაუდობს, რომ 2 წელიწადში, შესაძლოა, უკრაინამ საერთოდ აღარ იარსებოს მსოფლიო რუკაზე... ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ დასავლეთის ნაწილს უკვე დაღლა ეტყობა და არაა გამორიცხული, რომ უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაში არწმუნებენ”, - წერს სტატიის ავტორი.
“ეს შეიძლება იყოს, როგორც სამხედრო მოქმედებების შეჩერება, ასევე ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაც. ეს ნიშნავს იმას, რომ სადაც რუსული ჯარები დგანან, იქ გაჩერდნენ. ეს კი რა თქმა უნდა, უკრაინას არ აწყობს. რაც ჩვენთან მოხდა 2008 წელს შესაძლოა უკრაინაში იგივე სცენარი ვიხილოთ. სადაც იდგა რუსული ჯარი, ცეცხლის შეწყვეტის შედეგად საქართველოში იქ გაჩერდნენ და დღემდე იქ არიან. რა თქმა უნდა, უკრაინას არ აწყობს, რადგანაც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა საუბარი და წარმოიდგინეთ პუტინმა საქართველოს ტოლი ტერიტორიები უკვე დაიკავა. ეს იქნება უკრაინისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. რაც შეეხება რუსეთს და პუტინს, ვფიქრობ, ის დროის გაწელვას შეეცდება. მას უნდა, რომ ევროპა ბოლომდე დააშანტაჟოს. იტყვის - კი ბატონო, არ ვუტევ, მაგრამ აი დონეცკში ღრმად ჩავეფლობი და ეს თქვენი პრობლემა იქნება. პუტინი მიხვდა, რომ ევროპა შფოთავს. იცის, რომ მათ უკვე პრობლემები უგროვდებათ და ქვეყნის შიგნით რისკი იზრდება. ამიტომ, პუტინი უკვე წავა არა უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“დააშანტაჟებს იმით, რომ ომი გაიწელება. ეს კი ევროპას არ უნდა. პუტინმა იცის, რომ ეს უპირატესობა აქვს. ამიტომ რუსეთს უნდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა დაჯდეს. ზელენსკი ევროპამ აიძულოს, რომ რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზოს. მერე ისინი მეორე მხარეს, რუსეთისკენ გადავლენ. უკვე ვიცით, რომ შოლცი და მაკრონი პუტინს ურეკავენ. ამაში სიმართლე გითხრათ ტრაგედიას ვერ ვხედავ. კი ბატონო, დამამცირებელია, მაგრამ როცა მის ხელში ამდენი ადამიანის სიცოცხლეა, მას უნდა ელაპარაკო”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, ამერიკელები ჰიტლერს ჩუმად ელაპარაკებოდნენ, ამიტომ თუკი საჭიროა და რამე გამოვა, პუტინსაც უნდა ელაპარაკონ. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია, რადგანაც ომის გაწელვა მსოფლიოს და თავად უკრაინას ძალიან დააზიანებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო