"რუსეთს აქვს იმედი, რომ უკრაინას მორალურად დაღლის" - პაატა ზაქარეიშვილი
უკრაინაში ომი, დაწყებიდან 2-3 თვეში უნდა დასრულებულიყო, რადგან აშკარაა, რომ რუსეთი საკუთარ მიზნებს ვერ ახორციელებს, - ამის შესახებ FirstNews.ge - თან საუბარში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, რუსეთს საკუთარი გლობალური მიზანი, რომ უკრაინა დაეჩოქებინა და სუვერენიტეტი წაერთვა, არ გამოუვიდა. ამიტომ ომი მეორე ფაზაში გადაიყვანა, რომ მინიმუმ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები შეინარჩუნოს.
„რუსეთს სურს აღიარებული ტერიტორიები შეინარჩუნოს და მიიერთოს.
დღეს, მთელი ამოცანა არის არა უკრაინა არამედ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების როგორმე შენარჩუნება. სწორედ, ეს არის უკრაინისათვის მთავარი გამოწვევა. მას აქვს საშუალება, რადგან დასავლეთიდან თანამედროვე იარაღი მიიღო, ხოლო რუსეთს აქვს იმედი, რომ უკრაინა ვერ მოახერხებს ამ იარაღით საბოლოო ჯამში მიაღწიოს საბოლოო მიზნებს - გაათავისუფლოს ეს ოლქები რუსეთის დამპყრობლებისაგან.
აი, ეს ორი მხარის ამოცანაა : რუსეთს უნდა შეინარჩუნოს, უკრაინას უნდა წარმატებას მიაღწიოს.
აშკარად ჩანს რომ ძალები თანაბარია. ვინც შეტევაზე გადადის ის ბევრს კარგავს.
თავდაცვა ორივეს შეუძლია, შეტევა კი ორივესთვის ძვირადღირებულია - პირველ რიგში კი მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე. ამას ფასიც კი არ ედება, იმდენად კატასტროფულია ზარალი უკრაინელი ხალხის მიმართ,“- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ექსპერტი.
როგორც ის აცხადებს, ადრე თუ გვიან უკრაინას მოუწევს დაფიქრდეს, რომ მისი ხალხი იღუპება და რუსეთს არც კი ადარდებს საკუთარი ხალხის ბედი, ცხედრებს არც კი ითვლის.
„რუსეთს აქვს იმედი, რომ უკრაინას მორალურად დაღლის და ომს მძიმე ფასად დაუსვამს.
აიძულებს უკრაინა წაიყვანოს იმ დათმობაზე რომ მოლაპარაკებებში გადაიყვანოს. არ აღიაროს დონბასი, ლუგანსკი ან ყირიმი, არამედ წავიდეს ქართულ ვარიანტზე: ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, მაგრამ მოლაპარაკებები გვაქვს ჟენევაში.
დავცინით ჟენევას, მაგრამ ხალხი არ იღუპება. ეს აშკარად სჯობს, რომ როგორმე მოლაპარაკებები იყოს, როგორმე უკრაინა უნდა წამოიყვანონ ამაზე. შეიძლება ამით დასავლეთიც იყოს დაინტერესებული, რადგან ხალხი იღუპება და ეს ყველასთვის ძალიან მძიმეა. ისინი ეცდებიან როგორმე დააჯერონ უკრაინა, რომ მოლაპარაკებებში გადავიდნენ, თუ რუსეთი წამოვიდა მოლაპარაკებებზე, რადგან ისინი არ არიან ჯერ მოლაპარაკებებისთვის მზად.
შეიძლება ომი ერთ თვეში დამთავრდეს ან ექვსი თვე გაგრძელდეს, იმისდა მიხედვით თუ როდის მიხვდება ორივე მხარე, რომ სჯობს მოლაპარაკებების მხარეს დასხდნენ და ჯერ კიდევ აქვთ იმედები, რომ შეიძლება მათ მეტს მიაღწიონ,“- განმარტა FirstNews.ge-თან საუბარში პაატა ზაქარეიშვილმა.
ექსპერტის თქმით, უკრაინა რუსეთს არავითარ შანსებს არ უტოვებს, გარდა იმისა რომ უკან დაიხიოს, დაცალოს დონეცკი და ლუგანსკი.
„არ უნდა შეწყდეს ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ჩამოიშალოს ეკონომიკა. რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ ძლიერია და შეუძლებელია ერთბაშად ჩამოშალო.
უცებ, ერთ დღეში, ვერ უცხადებს მსოფლიო რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს. ეს ნელ-ნელა მოხდება და ამას ალბათ კიდევ ექვსი თვე ან ერთი წელიწადი დასჭირდება. რათა რუსეთი მიხვდეს, რომ ძალიან მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაშია. ჯერჯერობით მას ასე, რომ ვთქვათ სახლში შენახული პროდუქტები აქვს და ამას იყენებს. აქ მთავარი ევროპისთვის არის ის, რომ არაფერი არ მიაწოდონ და დარჩნენ შიმშილზე, არა პირდაპირი გაგებით, არამედ ეკონომიკური შიმშილი განიცადონ,“- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო