პლანეტაზე ექსტრემალური სიცხე კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული – მეცნიერების პროგნოზები

2022 წლის ზაფხულში თითქმის მთელ პლანეტაზე ექსტრემალური ამინდი იყო.

დედამიწის ბევრ რეგიონს წყალდიდობებმა გადაუარა, ძირითადად ევროპის კონტინენტის მასშტაბით კი მრავალკვირიანი ტყის ხანძრები და გვალვა აღინიშნებოდა. კლიმატის ცვლილებების საკითხზე მომუშავე მეცნიერები და გარემოს დამცველები დადასტურებით ამბობენ, რომ ასეთი დრამატული მოვლენები გლობალური კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, რაც ადამიანის ბუნებაში უხეში ჩარევის ლოგიკური შედეგია. კალიფორნიის უნივერსიტეტის კლიმატის საკითხებზე მომუშავე მეცნიერი დენიელ სვენი აცხადებს, რომ წელს მძიმე შედეგები მივიღეთ.

 

„რაც ვნახეთ შეერთებულ შტატებში და რეალურად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს იყო ჰიდროკლიმატის უკიდურესი არევა. ეს ზაფხული საკმაოდ დრამატული რყევებით გამოირჩეოდა გვალვიდან დაწყებული, მეორე უკიდურესობით – წყალდიდობებით დამთავრებული. ევროპაში რეკორდული გვალვები ზოგან წყალდიდობებმა ჩაანაცვლა. საერთო ჯამში კონტრასტი განსაკუთრებით ექსტრემალური იყო“, – ამბობს მეცნიერი.

 

მკვლევრების დაკვირვებით, ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში თითქმის მთელი ივლისის განმავლობაში „არანორმალურად მშრალი’“ ამინდები იყო. მოულოდნელად ფაქტობრივად „ცა გაიხსნა“ და ისეთი წვიმა დაიწყო, რომ კატასტროფული წყალდიდობები გამოიწვია. ჩინეთში მთელი სამი წლის განმავლობაში რეკორდული სიცხის გამო, მდინარე იანძი შრებოდა. აგვისტოში კი ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ ადიდებულმა მდინარემ განაპირა დასახლებები წალეკა. აფრიკის კონტინენტის ყველაზე მშრალ დასახლებებში, სადაც გვალვის გამო ხალხი შიმშილობდა, ასევე დამანგრეველი წვიმა წამოვიდა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა.

 

„ასეთი ამბები რომ გვექნებოდა პლანეტაზე, კლიმატოლოგებმა ათწლეულების წინ იცოდნენ. ამის შესახებ ვაფრთხილებდით ყველას, თუმცა სათანადოდ არავინ მოგვისმინა. ყოველთვის მეათეხარისხოვნად რჩებოდა გარემოს საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების დასკვნები. დღეს ასეთი რეალობა გვაქვს, რომელიც ახლო მომავალში კიდევ უფრო შეიძლება დამძიმდეს. ახლა პასუხისმგებლობის დაკისრების კი არა, მოქმედების დროა. ხშირად გვესმის ასეთი რამ, რომ ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის პლანეტის ახალი მდგომარეობა, რაზეც შეგუება მოგვიწევს. ეს არის დიდი ტყუილი თავის დასამშვიდებლად. დედამიწა ატმოსფეროში ნახშირბადის მაღალი კონცენტრაციის გამო თბება. ეს პროცესი მაშინვე შეწყდება, როდესაც რეალურ ცვლილებებს გავატარებთ“, – აცხადებს დენიელ სვეინი .

 

ასეთი დრამატული ცვლილებები და ბუნების სიურპრიზები მეცნიერებს განსაკუთრებით აშფოთებთ, რადგან ეს გრძელვადიან პროგნოზს ართულებს. მათი თქმით, პლანეტაზე მარტივი ფიზიკური მოვლენები ხდება – როდესაც ატმოსფერო განსაკუთრებით თბება, ის უფრო მეტ წყალს ინახავს და იწვევს ძლიერ წვიმას. ნეგატიური შეფასებებისა და პროგნოზების გარდა, მეცნიერებს ერთი კარგი ამბავიც აქვთ დედამიწის მოსახლეობისთვის – ჯერ კიდევ არის დრო სიტუაციის გამოსასწორებლად. ამისათვის კი მთავარი პოლიტიკური ნებაა, რომელიც ჯერ მხოლოდ სიტყვიერად არსებობს.

წაკითხვა 303 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.