„ბაქია პუტინი დასავლეთს ემუქრება და მტრად აცხადებს“ - The New York Times

ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ეხმაურება მოსკოვში, კრემლის დიდ დარბაზში გამართულ შეხვედრას, რომელზეც სიტყვით პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოვიდა - უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით - და აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბაქია პუტინი დასავლეთს ემუქრება და მტრად აცხადებს“ (ავტორები - ანტონ ტროიანოვსკი და ვალერი ჰოპკინსი - მოსკოველი კორესპონდენტები).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

 

ვლადიმერ პუტინმა, როგორც მას სჩვევია, მკვეთრად კონფრონტაციული გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ რუსეთი თავისი არსებობისათვის იბრძვის დასავლელ მტრულად განწყობილი ელიტების წინააღმდეგ.

 

პრეზიდენტის გამოსვლა რუსეთის არმიის წარუმატებლობის ფონზე გაიმართა: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთის ფრონტზე - დონბასის მიმართულებით, გასაოცარ წარმატებებს მიაღწიეს - ზედიზედ იკავებენ იმ ქალაქებს, რომლებსაც ადრე მოსკოვი აკონტროლებდა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის გამოსვლა ბაქიაობისა და მუქარების ექსტრაორდინარულ კომბინაციას წარმოადგენდა. მან რუსეთი ფაქტობრივად, ამერიკის  კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლად წარმოაჩინა და მსოფლიოს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

 

პრეზიდენტმა დასავლეთს „მტერი“ უწოდა და კვლავ ახსენა ბირთვული იარაღი, თან დაამატა, რომ, სხვათა შორის, ატომური ბომბები პირველად ამერიკამ გამოიყენა იაპონიის წინააღმდეგ 1945 წელს, რითაც ვაშინგტონმა „პრეცედენტი შექმნა“. 

 

ვლადიმერ პუტინმა თავისი გამოსვლით სამ აუდიტორიას მიმართა: 

 

პირველი - რუსების წინაშე იგი ცდილობდა გაემართლებინა მზარდი სირთულეები, რომელიც ქვეყანას ომმა მოუტანა და აღნიშნა, რომ რუსეთი არსებობისთვის იბრძვის; 

 

მეორე - პრეზიდენტი შეეცადა დასავლეთისთვის რუსების შეუდრეკელი და მტკიცე ხასიათი ეჩვენებინა, რომ რუსეთს სანქციები ვერ გატეხს, ხოლო უკრაინისადმი დასავლეთის მიერ გაწეული დახმარება საბოლოო ჯამში უშედეგო იქნება. მან ხაზი გაუსვა, რომ ამიერიდან დონბასი, ხერსონი და ზაპოროჟიე რუსეთის ტერიტორიებია და მიანიშნა, რომ მათ ყველანაირი იარაღით დაიცავს; 

 

მესამე - დანარჩენი მსოფლიოსათვის ვლადიმერ პუტინმა რუსეთი წარმოადგინა როგორც „დასავლელი რასისტების“ - ამერიკული ჰეგემონიის - წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური მოძრაობის ლიდერად. დასავლეთი, წინა საუკუნეებთან შედარებით, არ შეცვლილა და თავის კოლონიზატორულ ხასიათს აგრძელებს. „დასავლეთს არავითარი მორალური უფლება არ აქვს რუსეთის მოქმედება დაგმოს. ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში მიღება მოსახლეობის სრული თანხმობით განხორციელდა“, - ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

 

სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე წითელ მოედანზე გამართული მიტინგ-კონცერტის მიმდინარეობაც, რომლის დროსაც გამომსვლელებმა მხარი დაუჭირეს კრემლის მოქმედებას.

 

წყარო

წაკითხვა 290 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.