რა ისტორიული გადაწყვეტილებისთვის შეიძლება ემზადებოდეს ნატო

“29-30 ნოემბერს ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტია დაგეგმილი, სადაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვაც არიან მიწვეულები.

ანალიტიკოსები დაგეგმილ შეხვედრას ისტორიულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, შესაძლოა ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ახალი ფორმულაც კი იქნას შემუშავებული. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, შესაძლოა სამიტზე წინადადება იქნას შეთავაზებული, რომ რუსული სამხედრო აგრესიისგან თავდაცვის მიზნით, ნატოს ეგიდით რეგიონალური გაერთიანება შეიქმნას, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მონაწილეობით, მინი-ნატოს ვარიანტში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ისტორიული გადაწყვეტილებისთვის შეიძლება ემზადებოდეს ნატო - ალიანსმა ბუქარესტის სამიტზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვია.

 

“როგორც რუმინული მედია წერს, ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი, რომლებიც საუბარი შეეხება მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას, უკრაინაში მიმდინარე ომს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და პარტნიორებს. ცნობისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუმინეთი პირველად მასპინძლობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, სამიტი ისტორიული მნიშვნელობისაა და შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სიტუაციის დასასტაბილურებლად”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ბუქარესტში დაგეგმილი სამიტი დიდი მნიშვნელობისაა. ნატოსა და რუსეთს შორის ფაქტიურად ჰიბრიდული ომი მიდის და ბუნებრივია, რომ რუსეთის უკრაინასთან სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ამას ერთგვარად გადამწყვეტი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. სამიტზე ისეთი ქვეყნები არიან მიწვეულები, ვისაც სურთ, რომ ნატოში გაწევრიანდნენ. მოლდოვა შესაძლოა გამონაკლისი იყოს, რადგან თითქოს ნეიტრალური პოზიცია აქვს, მაგრამ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი რუსების მხრიდან პროვოკაციას ელოდებიან. საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება ისედაც გაცხადებული აქვს. ბოსნია ჰერცეგოვინას კი ფაქტობრივად მაპი აქვს, უბრალოდ, პრობლემა სერბული თემის მიერ ამ პროცესის დაბლოკვის მცდელობაა. შვედეთი და ფინეთი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე მიიღეს და ფაქტიურად მაპი არც აკადრეს, 28 სახელმწიფოს პარლამენტმა უკვე რატიფიკაცია მიიღო, ორი ქვეყანა დარჩა და შვედეთი და ფინეთი უკვე ნატოს წევრი ქვეყნები ხდებიან”, - აცხადებს გამოცემიკ კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“შესაძლოა ახალი ფორმულა მოიგონონ იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურთ. ალბათ, ახალი სამხედრო პაკეტების განხილვაც იქნება. შესაძლოა რუსული სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად ახალი ინიციატივებიც წამოვიდეს - საუბარია მოლდოვაზე, უკრაინასა დასაქართველოზე. შესაძლოა იყოს წინადადება, რომ ნატოს ეგიდით რეგიონალური გაერთიანება შეიქმნას, რომელიც მინი-ნატოს ვარიანტში უსაფრთხოების ალიანსი იქნება, ოღონდ ეს იქნება იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც ნატოში გაწევრიანება სურთ - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. მოლდოვას ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, მაგრამ დნესტრისპირეთის პრობლემის გამო, შესაძლოა რუსეთის მორიგი მსხვერპლი გახდეს, ამის ფონზე კი დიდი ალბათობით მოლდოვა მიდგომებს შეცვლის. მოლდოვაში რუსეთი რბილ ძალას იყენებს და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის შექმნისთვის პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს ერთგვარად ააქტიურებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა პროცესში მოლდოვაც ჩაერთოს. ვნახოთ, სამიტამდე კიდევ დიდი დროა და შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

 

“ამ სამიტს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ესაა რუსეთის აგრესიის გამოძახილი, როცა ბალკანეთის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სახელმწიფოების ერთგვარი ადაპტაცია ხდება ნატოს ეგიდით. ეს პირველ რიგში რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და აჩვენებენ რუსეთის სისუსტეს, რომ ამ სივრცეში ჰეგემონი არაა. უკრაინა პირდაპირ ომის ქვეშაა, ჩვენთანაც ერთგვარი ჰიბრიდული ომია, მცოცავი ოკუპაციის პირობებში ვართ და ფაქტობრივად ომის პირობებში ვართ. მოლდოვასაც სამხედრო გამოწვევები აქვს, რადგან მისი ტერიტორიის გამოყენებით რუსები უკრაინის მიმართულებით თავხედურად ბალისტიკურ რაკეტებს უშვებენ და ეს, რა თქმა უნდა, მოლდოვის სუვერენიტეტს პირდაპირ ლახავს და იძულებულია ამაზე რეაგირება მოახდიონოს”, - დასძენს მაისაია.

წაკითხვა 292 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.