რუსეთის მიერ "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერებას ხორბლის გაძვირება მოჰყვა
რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერების შემდეგ, მსოფლიოში ისევ გაძვირდა ხორბალი და სხვა პროდუქტები. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ორშაბათს, ვაჭრობის დაწყებისას, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელი თითქმის 9 დოლარი გახდა. მოგვიანებით, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით.
Bloomberg-ი წერს, რომ ფასების ზრდის შენარჩუნება გამოიწვევს გლობალური ინფლაციის გაძლიერებას და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შიმშილის პრობლემას გაამწვავებს. სააგენტოს ინფორმაციით, „მარცვლეულის შეთანხმების“ ამოქმედებიდან სამ თვეში უკრაინიდან გავიდა 9 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი და სხვა საკვები პროდუქტი, რამაც ხელი შეუწყო მანამდე გაზრდილი ფასების შემცირებასაც.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებით, ფაქტობრივად, დაბლოკა 218 გემის გადაადგილება. სამინისტროს მონაცემებით, ამ გემებიდან 95 უკვე დატვირთულია, უკრაინის პორტები დატოვა და ინსპექტირებას ელოდება, 101 გემი ამ პროცედურას ელოდება უკრაინის პორტებში შესასვლელად, 22 კი - გასვლის მოლოდინშია.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
