რატომ აღმოჩნდა სეულში ჭყლეტა ასე ტრაგიკული — ექსპერტის განმარტება
ჭყლეტა — მომაკვდინებელი ფენომენი, რომელსაც სამხრეთ კორეაში 154 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მარტივი ფიზიკით აიხსნება. ამის შესახებ ექსპერტი გამოცემა Insider-თან საუბრობს.
29 ოქტომბერს, ჰელოუინის ქუჩის ღონისძიებაზე იმხელა ხალხმრავლობა წარმოიქმნა, რომ ჭყლეტაში სულ მცირე 154 ადამიანი დაიღუპა.
ჭყლეტა სეულის ერთ-ერთ აქტიურ უბანში, იტაევონში მოხდა, რომელიც ღამის ცხოვრებით არის გამორჩეული და 29 ოქტომბერს, ჰელოუინის ღონისძიებებზე იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი ღონისძიება არ ყოფილა დაგეგმილი, მაგრამ ხმაურიანი ბარებიდან და ღამის კლუბებიდან გამოსული ბრბოები ვიწრო, დაქანებული ქუჩისკენ მიედინებოდა, რომელიც მეტროსადგურს მთავარ ქუჩასთან აერთებს.
ზოგჯერ, 22:00 საათის შემდეგ, ქუჩა იმდენად იტვირთება, რომ გამტარუუნარო ხდება. სოციალურ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ იმ ღამეს, ქუჩის დასაწყისში მყოფ ადამიანებს ფეხი დაუცდათ, წაიქცნენ და ბრბოს ქვეშ მოექცნენ, რითაც ფატალური ჭყლეტა დაიწყო.
ტრაგედიის შემდეგ სამხრეთ კორეაში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და გაჩნდა კითხვები, შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება.
ბერლინის მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერი მედჰი მუსაიდი, რომელიც ბრბოს დინამიკას სწავლობს, გამოცემა Insider-თან საუბრობს, თუ როდის ხდება ხალხმრავლობა სასიკვდილო, თანაც ისე, რომ ადამიანთა უმეტესობა საფრთხეს ვერც აანალიზებს. მისივე თქმით, ადამიანები ამის შესახებ უკეთესად უნდა უყვნენ ინფორმირებული, რადგან ქალაქები სულ უფრო მჭიდრო ხდება და ხშირდება დიდი ბრბოების თავმოყრა.
ბრბო ტალღებივით მოქმედებს
ჭყლეტა გამოწვეულია საკმაოდ მარტივი პრინციპით. თუკი ადამიანთა ჯგუფი საკმარისად მჭიდრო გახდება — კვადრატულ მეტრზე ექვს ან შვიდ ადამიანზე მეტი — ბრბო სითხესავით მოქმედებას იწყებს. ამ მომენტში, შიგნით მყოფი ხალხი დიდწილად კარგავს საკუთარ მოძრაობაზე კონტროლს. თუ ვინმე დაეცემა, ის გვერდით მდგომს უბიძგებს, რომელიც თავის გვერდით მდგომს დაეცემა და ასე გაგრძელდება ბოლომდე. მუსაიდის განცხადებით, ეს მოძრაობა გადამდებია, წყალში წარმოქმნილ ჭავლს წააგავს, რომელიც მოძრაობასთან ერთად დიდდება.
ტალღის ზეწოლა შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ ბრბოში მყოფმა ხალხმა ვერ აიტანოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი დაბრკოლებას მიწყდებიან. როგორც სეულში ვნახეთ, ეს შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
„ეს ტალღები ფრიად სახიფათოა, რადგან ხალხი შეიძლება კედლებს ან ერთმანეთს მიეჭყლიტოს. როცა ორი ტალღა ერთმანეთს კვეთს, ადამიანები ზეწოლას ორივე მხრიდან განიცდიან“, — ამბობს მუსაიდი.
რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ჭყლეტაში აღმოჩნდით
შემთხვევათა აბსოლუტურ უმეტესობაში, ხალხმრავალი ღონისძიებები უსაფრთხოა. თუმცა, მუსაიდი ასახელებს რამდენიმე რამეს, რაც შეიძლება დაგვეხმაროს, თუ სიტუაცია სახიფათო გახდება.
მთავარია ყურადღება: თუ თავს ხალხში ძლიერ გაჭედილად გრძნობთ, დიდი ალბათობით მართალი ხართ. სასწრაფოდ გადაინაცვლეთ ნაკლებად მჭიდრო ადგილას. ეს დაგიცავთ როგორც თქვენ, ისე შეამსუბუქებს სხვებზე ზეწოლას.
„ადამიანთა მცირე ნაწილიც რომ ასე მოიქცეს, შემცირდება სიმჭიდროვე და პრობლემაც გადაიჭრება“, — აღნიშნავს მუსაიდი.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრბო კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ბიძგების ტალღა შეიძლება ძალიან სწრაფად აგორდეს. მაშინ საქმე უკვე გადარჩენას ეხება.
„თუ ბიძგის ტალღას იგრძნობთ, წინააღმდეგობა არ სცადოთ. მიჰყევით და შეინარჩუნეთ ბალანსი“, — ამბობს მუსაიდი.
გააკეთეთ ყველაფერი, რომ ფეხზე მდგომი დარჩეთ. თუ ერთი ადამიანი დაეცემა, ეს ხალხის წაქცევის ტალღას წარმოქმნის. ქვეშ მოქცეულებს სავარაუდოდ გაჭყლეტს ზემოდან დაცემულთა სხეულები.
სცადეთ, მკლავები გულმკერდზე შემიხვიოთ, რათა სუნთქვა გაგიადვილდეთ. ტალღის ზეწოლამ შეიძლება ადამიანთა დაცემა გამოიწვიოს.
მუსაიდის თქმით, არ შეეცადოთ ბრბოს ნაკადის წინააღმდეგ წასვლას. თუ ასე მოიქცევით, სისტემაში დაწოლა გაიზრდება, რაც სიტუაციას წამებში ან წუთებში გააუარესებს.
ინფორმაცია გადამწყვეტია
ჭყლეტაში ადამიანები სხვა დროსაც დაღუპულან. აღსანიშნავია „სიყვარულის აღლუმი“ 2010 წელს გერმანიაში, რომელშიც 18 ადამიანი დაიღუპა; ასევე Astroworld Festival-ი შარშან ჰიუსტონში, სადაც რვა ადამიანი დაიღუპა.
ასეთ ღონისძიებებში, სწორ დაგეგმვას შეუძლია რისკების შემცირება, რაც ძირითადად გულისხმობს იმას, რომ არ მოხდეს ერთდროულად ზედმეტი ხალხის თავმოყრა.
მუსაიდის განცხადებით, სეულის სიტუაცია განსხვავებული იყო, რადგან ის გახლდათ ქუჩებში სპონტანური თავმოყრა. ამისათვის მომზადება კი ზედმეტად რთული იქნებოდა.
Reuters-ის ცნობით, ხელისუფლება დაახლოებით 100 000 ადამიანის თავმოყრას ვარაუდობდა, მაგრამ არ უფიქრიათ, რომ ეს ზონა უფრო მეტ დაგეგმვას საჭიროებდა.
„ჰელოუინზე ყოველწლიურად ბევრი ხალხი იკრიბება, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ბევრი იყო, გაცილებით მეტი, ვიდრე კოვიდამდე“, — ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"