"დარწმუნებული ვარ, დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა შეჩერდეს, ეს შესაძლებელია"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას რუსეთის გამანადგურებელი ომის შეჩერების მოწოდებით გამოვიდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა შეჩერდეს და მისი შეჩერება შესაძლებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ბალიზე მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მინსკის შეთანხმება-3“ არ იქნება.

 

„არ ღირს უკრაინისთვის სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კომპრომისების შეთავაზება. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს, ჩვენ სიტყვის ადამიანები ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევების ლიდერი და მსოფლიომ ეს ნახა. რუსეთი თუ ამბობს, რომ სურს ამ ომის დასრულება, დაამტკიცოს ეს ქმედებებით. აშკარაა, რომ რუსეთის სიტყვების ნდობა შეუძლებელია და არ იქნება არანაირი „მინსკის შეთანხმება-3“, რომელსაც რუსეთი დაარღვევს გაფორმებისთანავე. მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით თუკი საპასუხო ქმედებები არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უბრალოდ სურს, კვლავ მოატყუოს ყველა და გაყინოს ომი სწორედ მაშინ, როდესაც მისი მარცხი განსაკუთრებით საგრძნობი გახდა. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს მოცდის, ძალების გაძლიერების, შემდეგ კი ტერორის ახალი სერიისა და გლობალური დესტაბილიზაციის დაწყების საშუალებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული კატასტროფით აშანტაჟოს. მისი თქმით, რუსეთმა ზაპოროჟიეს სადგური აქცია „რადიოაქტიურ ბომბად, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს“.

 

ზელენსკი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რუსეთთან ტყვეების გაცვლა მოხდეს ფორმულით „ყველა ყველაზე“.

 

უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დამყარების 10-პუნქტიანი ფორმულა წარადგინა. მისი თქმით, უკრაინის შეთავაზებებია: რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; სასურსათო უსაფრთხოება; ენერგეტიკული უსაფრთხოება; ყველა დატყვევებულის და დეპორტირებულის გათავისუფლება; გერო-ს წესდების შესრულება, ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა; რუსეთის ძალების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების დასრულება; სამართლიანობის აღდგენა; ეკოციდის წინააღმდეგ ბრძოლა; ესკალაციის დაუშვებლობა; ომის დასრულების დაფიქსირება.

წაკითხვა 232 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.