"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს"
აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას უკვე აქვს 218 მანდატი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატებმა უმრავლესობა დაკარგეს.
ინფორმაციას, რომ რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი მოიპოვეს, ტელეკომპანიები CNN-ი, NBC-ი და CBS-ი ავრცელებენ. შედეგების შეჯამება ჯერ კიდევ გრძელდება და ვარაუდობენ, რომ საბოლოო ჯამში, რესპუბლიკელებს 221-223 მანდატი ექნებათ.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერმა კევინ მაკკარტიმ, რომელიც პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე დემოკრატ ნენსი პელოსის პოტენციური შემცვლელია, ტვიტერზე დაწერა, რომ რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატა ოფიციალურად გადააბრუნეს. მაკარტის თანახმად, ამერიკელები მზად არიან ახალი მიმართულებისთვის და რესპუბლიკელები მზად არიან მას მისდიონ.
აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კევინ მაკკარტის მიულოცა მისი პარტიის გამარჯვება და განაცხადა, რომ მზად არის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებთან ერთად იმუშაოს ამერიკელების საკეთილდღეოდ.
შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრი. სენატში უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიულმა პარტიამ.
როგორც ამერიკული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა რაოდენობრივი უპირატესობა უმნიშვნელო იქნება, მათ მიერ უმრავლესობის მოპოვება შეაფერხებს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგის განხორციელებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში. 2024 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
თეთრ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც 15 ნოემბერს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებში კენჭს იყრის.
აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვის შესახებ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
