რა შემთხვევაში ჩაითვლება უკრაინა გამარჯვებულად და სადამდე გაყვება დასავლეთი კიევს

“ოფიციალური კიევის განცხადებით, უკრაინის გამარჯვების ფორმულა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა - როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ აღნიშნა - “ყირიმში უნდა დაბრუნდეს უკრაინული დროშა და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება, რომ ომი აღარ არის”.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დასავლეთი უკრაინას გვერდში ბოლოდე დაუდგება და რეალურად ეს დამოკიდებულია თავად უკრაინის პოზიციასა და ბრძოლების შედეგებზე. უკრაინის ხელისუფლების თქმით, უკრაინაში დეოკუპირებულია 1886 დასახლება და ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ორი ათასი ქალაქი და სოფელი უნდა გაათავისუფლონ. ”შეიძლება ჩვენს ქუჩებში ბნელა. შეიძლება ჩვენს სახლებში ცივა. მაგრამ მათ ვერ შეცვალეს ყველაზე მთავარი. არ უნდა დავნებდეთ. იმიტომ რომ უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება, იმიტომ რომ ღირსება და ამიტომ თავისუფლება - აქვთ! ეს უცვლელი რჩება. ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ!”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში ჩაითვლება უკრაინა გამარჯვებულად და სადამდე გაყვება დასავლეთი კიევს.

 

“მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის: უკრაინის წინადადებებია: რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობა იქნება რუსეთის გასვლა უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორიიდან. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მისი თქმით, აშშ ფოკუსირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, ხოლო უკრაინა კი იმაზე, რომ დარწმუნდეს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი სუვერენული ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიბრუნოს. ოსტინი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინა მზად იქნება ზამთრის თვეებში საბრძოლველად და ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ამასთან აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტმა რუსეთს კატეგორიულად მოუწოდა, რომ უკრაინიდან თავისი ჯარები გაიყვანოს, “რათა დასრულდეს ეს ომი, რომელსაც ის ვერ და არ მოიგებს”. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ყოვლისმომცველი შეჭრის დაწყებამდე დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. “ვხედავდით რუსული ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების შეკრებას, მაგრამ, სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული ხედვები ჰქონდა. პირველ ეტაპზე, გერმანიის შეხედულება იყო, რომ თუ შეჭრა მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა და აჯობებდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო, უკრაინა სწრაფად დამარცხებულიყო. მე ამას მხარს ვერ დავუჭერდი. ვფიქრობდი, რომ ეს იყო დამღუპველი გზა, მაგრამ მესმის, რატომ ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ასე. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ომის დაწყების შესაძლებლობას”, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კი აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება”. “რონდელის ფონდის” ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვების რა ფორმულა იქნება, ეს მხოლოდ კიევზეა დამოკიდებული და იმაზე თუ ბრძოლის რა შედეგები დადგება”, - დასძენს გამოცემა.

 

“დასავლეთი კიევს ბოლომდე მიჰყვება, ეს განაცხადა აშშ-ს ხელმძღვანელობამაც და ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს. მაგრამ ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული - თუ გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებების დამთავრებამდე, ყირიმი დროებით უკრაინის იურისდიქციის გარეთ დარჩეს, მაშინ დასავლეთი ამაში რა თქმა უნდა წამოყვება, მაგრამ თუ უკრაინა ამაში კატეგორიული წინააღმდეგი იქნება, დასავლეთი დაეხმარება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და რუსეთი უკრაინიდან მთლიანად განდევნოს. რეალურად ყველაფერი ბრძოლების შედეგებზეა დამოკიდებული და იმაზე თუ ამ ომში ვინ უფრო მალე დაიღლება, ასევე, როგორი იქნება მსხვერპლი და ა.შ. უამრავი რაღაცაა ისეთი, რაზეც ახლა საუბარი ძნელია და ცალსახად იმის თქმა, თუ უკრაინა რაზე დათანხმდება და რაზე არა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

 

“უკრაინის მინიმალური მოთხოვნა ამ წლის 24 თებერვლამდე არსებული სტატუს-კვოა, ხოლო მაქსიმალური კი მთელი უკრაინის გათავისუფლება. რუსეთთან მოლაპარაკებებში ნდობა აღარ არსებობს, ყველაფერს თავისი გარანტიები დასჭირდება, თუ მოლაპარაკება იქნება, რომ ჯარებს გაიყვანს, ეს ყველაფერი მონიტორინგის საგანი იქნება, უკრაინაც თავის ჯარებს არ გაიყვანს, სანამ მოსკოვი ამას არ იზამს. თუ ჯარების გაყვანაზე იქნება საუბარი, მაშინ ეს პარალელურად მოხდება, ყირიმის მისადგომებიდან უკრაინაც დახევს თავის ჯარებს და რუსეთიც გაიყვანს. ამის რეალიზაცია როგორ მოხდება, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია”, - თვლის გოგოლაშვილი.

წაკითხვა 44 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.