რა არის უკრაინის ოპტიმისტური განცხადებების საფუძველი გარკვეული ტერიტორიების სწრაფ დეოკუპაციაზე

“უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან, ზამთარი კი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საკვანძო ეტაპი იქნება. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ოპტიმიზმის საფუძველი რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ გაზაფხულისთვის უკრაინელებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა რეალურად შეძლონ.

ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზამთარი მართლაც საკვანძო ეტაპი იქნება, როგორც უკრაინისთის, ისე დასავლეთისთვის, რადგან რუსეთი ორივეს გატეხვას ცდილობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა არის უკრაინის ოპტიმისტური განცხადებების საფუძველი გარკვეული ტერიტორიების სწრაფ დეოკუპაციაზე / “ეტყობა, სიგნალებია, რომ ქვეყანა ისეთ ტექნოლოგიურ დახმარებას იღებს, რომელსაც ბრძოლის ველზე სიტუაციის შეცვლა შეუძლია”.

 

“1919 წლის 6 დეკემბერს უკრაინის არმიის ზამთრის კამპანია დაიწყო. 2022 წლის 6 დეკემბერს ის გაგრძელდა და დასრულდება უკრაინული გაზაფხულით გათავისუფლებულ სევასტოპოლში, დონეცკსა და ლუგანსკში. უკრაინული ზამთარი დიდი ომის საკვანძო ეტაპია. უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ!” - წერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი “ტვიტერზე”. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები არ მუშაობს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს უკრაინას საკუთარი შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების განვითარებაში, რომელიც პოტენციურად შეიძლება მიმართული იყოს რუსეთის ტერიტორიისკენ. მანამდე, “სიენენთან” სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის ბაზებზე ბოლო დროს დრონებით განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინელები დგანან. “უკრაინელები ძალიან ინოვაციურები არიან. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ საკუთარი ტექნოლოგიებით და საკუთარი აღჭურვილობით?”, - აღნიშნა ნულანდმა. მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა, რომ უკრაინას არ მიეწოდოს თავდასხმითი იარაღი, რომლითაც შესაძლებელია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, არ შეცვლილა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ აშშ “არ ახალისებს” უკრაინას მის საზღვრებს მიღმა ტერიტორიას დაარტყას”, აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას სჭირდება საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად, რათა შეებრძოლოს რუს აგრესორებს, რუს აგრესორებს, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არის თავდაცვითი საშუალებები”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს ნატო-ს სტანდარტების ტანკებს და საბრძოლო თვითმფრინავებსაც კი. რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის პარტნიორები ძალიან პრაქტიკულები, პრაგმატულები და რეალისტები არიან, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ თუ უკრაინას რაიმე ახალ სისტემას აძლევენ, უკრაინას აქვს საბრძოლო მასალა საწყობებში, ჰყავთ ინსტრუქტორები და გაწვრთნილი უკრაინელი ჯარისკაცები. რეზნიკოვის თქმით, “ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებები, არამედ ტექნოლოგიური და ლოგისტიკური... მჯერა, რომ ბრძოლის ველზე ნატო-ს სტანდარტების ტანკები და თვითმფრინავები გამოჩნდებიან, ისევე როგორც ახლა ჩვენს არტილერიაში იბრძვის რვა 155 კალიბრიანი სისტემა სხვადასხვა ქვეყნიდან”... - განაგრძობს გამოცემა.

 

“ამერიკული “ომის შესწავლის ინსტიტუტის” შეფასებით, კრემლი უარყოფს მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, რომ მოსკოვი მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებას გეგმავს, თუმცა არსებობს რამდენიმე ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის განხორციელებას აპირებს. ამასთან, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლი რისკავს მისი სანდოობის კიდევ უფრო შელახვას მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებით, რაზეც არაოფიციალური წყაროები საუბრობენ, მაგრამ რუსი ოფიციალური პირები უარყოფენ. “უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ აღნიშნა, რომ რუსი მობილიზებულები, რომლებიც ახლა ფრონტზე მიდიან, უკეთ გაწვრთნილები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ფრონტზე 21 სექტემბერს, პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებისთანავე გაგზავნეს. კრემლს თითქმის სამი თვე დასჭირდა ამ ქვედანაყოფების მოსამზადებლად”, - აღნიშნულია “ომის შესწავლის ინსტიტუტის” ანგარიშში. მათივე შეფასებით, კრემლის მოჩვენებითი განცხადება 28 ოქტომბერს სამობილიზაციო გაწვევის დასრულების შესახებ ასევე იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ მას არ გააჩნია შესაძლებლობა, გააგრძელოს სარეზერვო მობილიზაცია და გაწვევა ერთდროულად”, - დასძენს გამოცემა.

 

“კრემლის ძალის წარმოქმნის ძალისხმევა დამოკიდებულია მის უნარზე, ჩადოს დრო და მატერიალური რესურსი პერსონალში, ეს მოთხოვნები კი ძლიერ ეწინააღმდეგება იმას, რომ კრემლს გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა არ გააჩნია”, - აცხადებენ ორგანიზაციაში. როგორც თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, უკრაინის მაღალჩინოსნები დაპირებებს ერიდებიან ხოლმე, მისი თქმით, ამ ოპტიმიზმის უკან კი არაა გამორიცხული რეალური შესაძლებლობები, ასევე ფსიქოლოგიური გზავნილიც იყოს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

„ზოგადად, უკრაინის ამ ოპტიმიზმის საფუძველი შეიძლება იყოს ზამთრისა და დაბომბვების პირობებში ფსიქოლოგიურად ხალხის შემზადება, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ამის უკან რეალურად რაღაც იდგეს. ბოლო პერიოდში უკრაინამ რუსეთის სიღრმეში აეროდრომებზე რამდენიმე სამხედრო დარტყმა განახორციელა, ეს მანამდე შეუძლებელი იყო. ეს ტაქტიკურად იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს უკრაინა რუსეთის შუაგულში ამას აკეთებს და თუ ასეთი ტიპის შეიარაღება უკვე აქვს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, სევასტოპოლი და ყირიმი ფაქტიურად მოწყვლადი ხდება. თუ ასეთი ტიპის შეიარაღება აქვს, ან მომავალში მიიღო და რუსეთმა ნახა უკრაინას იმის ძალა შესწევს, რომ არათუ თავი დაიცვას, არამედ ამ ომში გარდატეხა შეიტანოს, ეს უკვე იმის სიგნალია, რომ შესაძლოა მოსკოვს ოკუპირებული ტერიტორიების უბრძოლველად დატოვებაც კი მოუწიოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

 

“ეტყობა ამის რაღაც სიგნალები არის, ქვეყანა რაღაც ტექნოლოგიურ დახმარებას იღებს, რომელსაც ბრძოლის ველზე სიტუაციის შეცვლა შეუძლია. თუ დავაკვირდებით, უკრაინის მაღალჩინოსნები დაპირებებს და მსგავს რაღაცეებს ერიდებიან ხოლმე. ამ ზამთარს უკრაინა უფრო ადვილად გადაიტანს, ის დახმარებები, რაც საზღვარგარეთიდან მიდის, ამაში ხელს შეუწყობს. რუსული დარტყმების მიზანი ისაა, რომ უკრაინის მოსახლეობა გატეხოს, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება მიხდეს. ფაქტია, რომ რუსეთი ჩვეულებრივ ომს ვერ იგებს, ახლა უნდა, რომ უკრაინელი ხალხი მორალურად გატეხოს და აიძულოს, რომ ზელენსკი მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, რასაც უკრაინა არ იზამს. ამიტომაც საჭიროა, რომ ეს ზამთარი როგორმე გადააგოროს ისე, რომ ძირითადი დანაკარგები არ იყოს და გაზაფხულზე უკვე გადამწყვეტი მომენტი დადგება”, - მიიჩნევს კაკაჩია და შეკითხვაზე - “გაყვება თუ არა უკრაინას დასავლეთი ომში ბოლომდე ამავე ტემპით?” - პასუხობს:

 

“დასავლეთი უკრაინას დაეხმარება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი რესურსებიც ულევი არაა. ასევე, აშშ-იც და სხვაგანაც შესაძლოა შიდაპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს, ამიტომაც ბაიდენის ადმინისტრაციამ თქვა, რომ ამ ადმინისტრაციის შეცვლამ შესაძლოა სიტუაცია გაართულოს. ამიტომაც ზოგიერთი ლიდერი ცდილობს, რომ უკრაინა ზავის პირობებზე დააფიქროს, თუმცა ეუბნებიან, რომ ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია”

 

“მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ, მაინც ყველას ესმის, რომ აქ საუბარი არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლაზე. თუ დღეს ეს რუსეთს გამოუვიდა, ხვალ ჩინეთი მოინდომებს და საერთდ მთელი მსოფლიო ქაოსში იქნება. რუსეთი ახლა ცდილობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში განხეთქილება შემოიტანოს, თუმცა, მიუხედავად ამისა და იმ პრობლემებისა, რომელიც ენერგეტიკის სფეროებში აწყდებიან, ჯერჯერობით ამას ძალიან კარგად უმკლავდებიან, ახლა საკვანძო საკითხია ზამთარს როგორ გადაიტანს როგორც უკრაინა, ისე დასავლეთი. მთავარია, საზოგადოებრივი აზრის მართვას დასავლეთი როგორ მოახერხებს, ისე, რომ ეს აზრი უკრაინის საწინაარმდეგოდ არ შეიცვალოს, ეს თუ მოხდა, მხარდაჭერა გართულდება”, - დასძენს კორნელი კაკაჩია.

წაკითხვა 228 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.