სუდანში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში დაიღუპა 270 და დაიჭრა 2600-ზე მეტი ადამიანი. ეს მონაცემები 18 აპრილს საღამოს, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა.

მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა გაეროს სასურსათო პროგრამის 3 თანამშრომელი.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, სამედიცინო საშუალებები, რომლებიც სუდანის სამედიცინო დაწესებულებებს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე გაუნაწილეს, უკვე ამოწურულია, ახალი ტვირთის მიწოდება კი ვერ ხერხდება საბრძოლო მოქმედებების გამო.

 

ღებრეიესუსის თქმით, აქვთ საგანგაშო ცნობებიც იმის შესახებ, რომ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება გაძარცვულია, ნაწილს კი, სამხედრო მიზნებით იყენებენ.

 

ჯერჯერობით ვერ ხერხდება სუდანში მივლინებით მყოფი საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია. სუდანში იმყოფება ავიაკომპანია MyWay Airlines-ის 13 და ავიაკომპანია Geosky-ის20 თანამშრომელი - მფრინავები, ბორტგამცილებლები, ინჟინრები.

 

სუდანში კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა 15 აპრილიდან. ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო.

 

ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხვეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა.

 

ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.

წაკითხვა 222 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 19 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.