ბაქო აცხადებს, რომ ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, ერევანი ვითარებას რთულს უწოდებს
აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა დაიწყო. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, რეგიონში გაემგზავრა კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით დატვირთული ორი, 20-ტონიანი ტევადობის ავტომანქანა, კიდევ ორი სატვირთო ავტომანქანით კი პური გაიგზავნა.
21 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა, ქალაქ ევლახში გაიმართა აზერბაიჯანის ხელისუფლების და ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ყარაბაღის მცხოვრებთ წარუდგინეს ინტეგრაციის გეგმა, მათ კი სურსათის და საწვავის საჭიროებაზე ილაპარაკეს და მოკლე დროში უზრუნველყოფის პირობა მიიღეს. ბაქოს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანში მეორე შეხვედრა გაიმართება. ამასთან, ცნობილია, რომ მთავარი, რასაც სომხური მოსახლეობის წარმომადგენლები მოითხოვენ, უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ყარაბაღისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შეთანხმების არსებობა დაადასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, დღეს, 22 სექტემბერს, ერევანში, მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების გარკვეული იმედი არსებობს.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყარაბაღში არსებულ სიტუაციას უკიდურესად დაძაბული უწოდა და თქვა, რომ ჰუმანიტარული კრიზისი გრძელდება. მიუხედავად ამისა, ფაშინიანი მიიჩნევს, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ ყარაბაღის დასახლებული პუნქტების მცხოვრებთ, რომლებმაც სახლები საბრძოლო მოქმედებების გამო დატოვეს. რაც შეეხება ყარაბაღელების სომხეთში ევაკუაციას, ფაშინიანის თქმით, ეს შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება და ყარაბაღში მათი ყოფნა შეუძლებელი იქნება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, უკვე მზად აქვთ 40 ათასზე მეტი ადგილი, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობა თავის სახლებში დარჩეს და მშვიდად ცხოვრება განაგრძოს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ყარაბაღში დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, მას შემდეგ რაც „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომელი და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურე.
20 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს ოპერაციის შეჩერების თხოვნა და ისინი დასთანხმდნენ ბაქოს პირობებს - ყარაბაღში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას.
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო, ერევანში დაიწყო საპროტესტო აქციები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.
აზერბაიჯანმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა კონტროლი ეთნიკური სომხებით დასახლებულ ყარაბაღზე, რომელმაც „დამოუკიდებლობა" გამოაცხადა. მას შემდეგ სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ზოგიერთ რაიონზე დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი