აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
აშშ რუსეთს ადანაშაულებს ქიმიური იარაღის გამოყენების ამკრძალავი საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური ნივთიერება ქლორპიკრინი. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას(OPCW) ამ მომწამლავი ნივთიერების საბრძოლო იარაღად გამოყენება აკრძალული აქვს.
სახელმწიფო დეპარტამენტი არ აკონკრეტებს რუსეთის მიერ უკრაინაში ქლორპიკრინის გამოყენების დროს და ადგილს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი ქიმიური ნივთიერებების გამოყენება ერთეული შემთხვევა არ არის და მიზნად ისახავს უკრაინელი სამხედროების განდევნას საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაკავებული პოზიციებიდან.
რუსეთის მიერ უკრაინაში ქლორპიკრინის გამოყენებაზე საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ეხება რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციების ამოქმედებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1 მაისს გამოაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის და შიდა რეპრესიების გამო სანქციები დაუწესა 280-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სამი სახელმწიფო სტრუქტურა და ოთხი კომპანია, რომლებსაც კავშირი აქვთ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროგრამასთან. მათ შორისაა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალები.
უკრაინაში ქიმიური ნივთიერება ქლორპიკრინის გამოყენებასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე რუსეთს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ქლორპიკრინი კანს და ლორწოვან გარსს აზიანებს, მაღალი კონცენტრაციით გამოყენების შემთხვევაში კი დიაფრაგმის კონვულსიას იწვევს. ეს ნივთიერება საბრძოლო იარაღად პირველად გერმანელმა სამხედროებმა გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
