ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ

პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს გაეროს წევრი კიდევ სამი ქვეყანა: ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია. გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს განცხადებით, ომმა ღაზაში ნათლად აჩვენა, რომ მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა პალესტინის საკითხის გადაწყვეტას უნდა ეფუძნებოდეს.

 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით, პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ მშვიდობის, ერთიანობის და სამართლიანობის მიზნით და ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ისრაელის ხალხის წინააღმდეგ და ჰამასის სასარგებლოდ.

 

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მყარი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია.

 

დღემდე პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 139-ს.

 

ისრაელმა ირლანდიიდან და ნორვეგიიდან თავისი ელჩები კონსულტაციებისთვის უკვე გაიწვია და იმავეს აპირებს ესპანეთთან მიმართებით.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ უკან არ დაიხევენ მათ წინაშე, ვინც ძირს უთხრის ისრაელის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას. კაცის შეფასებით, პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება იმის სიგნალია, რომ ტერორიზმი გამართლებულია, წააქეზებს ირანს და ჰამასს და ძირს გამოუთხრის მშვიდობის შანსს.

 

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა ამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.

 

ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 35 000-მდე პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

წაკითხვა 204 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 22 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.