"ჩვენ შევინარჩუნეთ ერთიანობა ევროპაში და ერთად ვმოქმედებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს" - ზელენსკი

ჩვენ შევინარჩუნეთ ერთიანობა ევროპაში და ერთად ვმოქმედებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს - მან ვერ შეძლო ევროპაში განხეთქილების შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო გადამწყვეტი იქნება ევროპა ერთიანობის შენარჩუნებაში, ჩვენ უფრო ხანგრძლივი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი.

„პუტინი ვერ შეინარჩუნებს ურთიერთობას ჭეშმარიტად ძლიერ ლიდერებთან და ეს არის ჩვენი უპირატესობა, მაგრამ ის უპირატესობად რჩება მხოლოდ მანამ, სანამ ჩვენ ვართ ერთიანები. ის შეიძლება შეეცადოს თქვენთან დაახლოებას ან ინდივიდუალურად წავიდეს თქვენს ზოგიერთ პარტნიორთან, შეეცადოს თქვენზე ზეწოლის მოხდენას, დაშანტაჟებას, რათა ერთ-ერთმა თქვენგანმა უღალატოს დანარჩენებს - დაასუსტოს ჩვენი ერთობა. დიახ, ყველა თავად ირჩევს, როგორ მოიქცეს და რა მემკვიდრეობა დატოვოს, მაგრამ თუ ვინმე ევროპაში ცდილობს სხვის ზურგს უკან ან თუნდაც სხვის ხარჯზე გადაჭრას საკითხები, თუ ვინმეს სურს იმოგზაუროს ომის დედაქალაქში, ისაუბროს და შესაძლოა დაჰპირდეს რაიმეს ჩვენი საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ ან უკრაინის თუ სხვა ქვეყნების ხარჯზე. მაშინ რატომ უნდა გავითვალისწინოთ ასეთი ადამიანი? ევროკავშირს და ნატოს- ასევე შეუძლიათ თავიანთი საკითხების მოგვარება ამ ერთი ინდივიდის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ ხარკოვში რუსეთის წინსვლა შეაჩერა.

„პუტინმა ათიათასობით თავისი მოქალაქე შესწირა, მაგრამ მნიშვნელოვანს ვერაფერი მიაღწია. ეს შესაძლებელი გახდა ჩვენი მეომრებისა და ჩვენი პარტნიორების მამაცობით, რომლებმაც გააუქმეს დასავლური იარაღის გამოყენების შეზღუდვები ჩვენს საზღვრებთან. გამოიწვია ამან ესკალაცია? არა. პირიქით, მან შეაჩერა პუტინის მცდელობა, გაეფართოებინა ომი. პუტინს ჰქონდა რაიმე პასუხი? არა. მაშინაც კი, როცა რუსული რაკეტა კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ესხმის, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოხდა, ის მხოლოდ იმ ბოროტებას იმეორებს, რაც უკვე ვნახეთ რუსეთისგან ამ ომში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შედეგის მისაღწევად საჭიროა სიმამაცე არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც.

„შედეგის მისაღწევად რაც შეიძლება მამაცურად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი იარაღისა და დიპლომატიის ძალით მივიყვანოთ ეს ომი დასასრულამდე და არ უნდა გვეშინოდეს ამ შესაძლებლობების. რაც უფრო ეფექტური იქნება ჩვენი საჰაერო თავდაცვა, მით უფრო უმწეო იქნება პუტინი. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვები გვექნება ეფექტური იარაღის გამოყენებაზე, მით უფრო მეტად მოინდომებს რუსეთი მშვიდობას. სამხედრო აეროდრომები, საიდანაც რუსული თვითმფრინავები ფრინდებიან ბომბებით ჩვენი ქალაქების, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების წინააღმდეგ და რუსული რაკეტების გაშვების ადგილები უნდა განადგურდეს. ეს არა მხოლოდ აღმოფხვრის ზოგიერთ სამიზნეს, არამედ შეამცირებს რუსეთის შესაძლებლობას გააგრძელოს ეს ომი. რაკეტებსა და დრონებს სახელმწიფო სუვერენიტეტი არ მოაქვთ, ამიტომ უნდა არსებობდეს კოლექტიური ნება, კოლექტიური ნება მათი ჩამოგდების მიზნით – ისევე, როგორც ეს იყო ირანული რაკეტებისა და დრონების შემთხვევაში. მივმართავ ყველას, ყველა ლიდერს, ვისაც შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საჭირო სიმამაცეში. ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მე მივმართავ პირველ რიგში შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას და პოლონეთს და სხვა მეგობრებს - თქვენი სიმამაცე შეიძლება გადამწყვეტი იყოს მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, როდესაც აგრესორი აგებს - მსოფლიო იმარჯვებს. ეს არაერთხელ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში და რუსეთის აგრესიის შემთხვევაშიც ასე უნდა მოხდეს.

წაკითხვა 184 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.