"ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და გადაიხდის" - ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „დიდი შეცდომა“ უწოდა ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიშს და პასუხით დაემუქრა.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა 1 ოქტომბერს, საღამოს მიიტანა, რასაც წინ უძღოდა ისრაელის განცხადება, რომ ლიბანის სამხრეთში სახმელეთო რეიდი დაიწყო ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ.
სხვადასხვა მონაცემით, ირანმა ისრაელს 180-დან 200-მდე რაკეტა ესროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი და რამდენიმე დაიჭრა. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, დაზიანებულია ისრაელის არმიის ერთ-ერთი ავიაბაზა.
1 ოქტომბერს ღამით, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის შეტევა ჩაშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილია. მან თავდაცვის ძალებს „შთამბეჭდავი მიღწევა“ მიულოცა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ნეთანიაჰუს თქმით, ირანმა დაუშვა „დიდი შეცდომა“ და ამისთვის „გადაიხდის“. პრემიერ-მინისტრის თანახმად, ირანი ვერ ხვდება, რომ ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავის დაცვა და მტრების წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღება. „ჩვენ დავიცავთ ჩვენ მიერ დადგენილ წესს - ვინც არ უნდა დაგვესხას თავს, ჩვენ მას დავესხმებით“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ირანული რაკეტების წინააღმდეგ ეფექტიანად იმუშავეს როგორც ისრაელის, ისე ამერიკულმა საჰაერო თავდაცვამ.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პეტ რაიდერის ცნობით, ისრაელზე ირანის შეტევის მოგერიებაში მონაწილეობდა ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ორი ამერიკული სამხედრო გემი. პენტაგონის შეფასებით, 1 ოქტომბრის შეტევა ორჯერ უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე ისრაელზე ირანის მიერ აპრილში განხორციელებული პირველი იერიში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ მისი პირდაპირი მითითებით ამერიკელი სამხედროები აქტიურად დაეხმარნენ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ირანის აგრესიისგან ისრაელის დაცვა. ამასთან, ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი კვლავ ერთგულია დიპლომატიური გზების ძიების, რათა არ დაუშვან კონფლიქტის შემდგომი გაფართოება.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი