დამანგრეველი ქარიშხლის შედეგებს ებრძვიან ფლორიდაში
ფლორიდის შტატში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. დამანგრეველმა ქარიშხალმა „მილტონმა“, რომელსაც თან ახლდა ტორნადო და კოკისპირული წვიმა, ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სულ მცირე 16 დაღუპულის შესახებ იუწყება ტელეკომპანია CBS-ი.
შტატის დასავლეთ სანაპიროზე დანგრეული და დაზიანებულია სახლები, სხვადასხვა დაწესებულების შენობები, გზები, წყლით მომარაგების სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა.
10 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით ელექტროენერგიის გარეშე იყო 2,6 მილიონზე მეტი მომხარებელი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა სტიქიის ზონაში 1000-მდე ადამიანი გადაარჩინეს. ქარიშხლის დაწყებამდე, მეტეოსამსახურის გაფრთხილების შემდეგ, პოტენციურად სახიფათო რაიონები დატოვა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა.
მექსიკის ყურიდან წამოსულმა შტორმმა, რომელსაც თავდაპირველად მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს, ფლორიდამდე ძალა მესამე კატეგორიამდე დაკარგა, 9 ოქტომბერს, სიესტა-კის რაიონში ხმელეთზე გადასვლის შემდეგ კი ჯერ მეორე, შემდეგ კი პირველ კატეგორიამდე შესუსტდა.
მიუხედავად ამისა „მილტონმა“ ფლორიდის შტატის ნაწილს მრავალმილიარდიანი ზიანი მიაყენა. არაერთ რაიონში დაწყებულია ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები.
„მილტონი“ ფლორიდაში წელს უკვე მესამე შტორმია. მანამდე შტატი დააზარალეს „ფრანსინმა" და „ჰელენმა". ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ექვს შტატში, მათ შორის ფლორიდაში, სექტემბრის ბოლოს დაწყებულმა დამანგრეველმა ქარიშხალმა „ჰელენმა“ 230-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სიახლეები
- ,,ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე"- პიტერ სიიარტო
- ,,სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან"- მევლუთ ჩავუშოღლუ
- კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა
- ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო გაყალბების გამოძიების განკარგულება გასცა
- ,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო"- ირაკლი კობახიძე