"2022 წლიდან ომში 60-დან 100 ათასამდე უკრაინელი სამხედროა მოკლული, რუსეთის დანაკარგი ომში კიდევ უფრო დიდია" - „ეკონომისტი“
ბრიტანული გამოცემის, „ეკონომისტის“ ცნობით, 2022 წლიდან ომში 60-დან 100 ათასამდე უკრაინელი სამხედროა მოკლული.
გამოცემა ეყრდნობა დასავლური სადაზვერვო სამსახურების, აშშ-ის ადმინისტრაციის და ღია წყაროების მონაცემებს. ამავე სტატიის მიხედვით, კიდევ დაახლოებით 400 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა და ვეღარ შეძლო საბრძოლო ველზე დაბრუნება.
თითქმის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომში მოქალაქეთა შორის მსხვერპლი, გაზეთის შეფასებით, ათობით ათასს აღწევს. ამასთან, პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ ინფორმაცია უფრო ნაკლებია, ვიდრე მოკლული სამხედროების შესახებ.
60 ათასი დაღუპული 18-დან 49 წლამდე მამაკაცები არიან, რაც ომამდე უკრაინაში მცხოვრები ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეების 0,5%-ს შეადგენს.
„თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეულ დაღუპულზე მოდის 6-8 მძიმედ დაჭრილი, მაშინ გამოდის, რომ სამხედრო გაწვევის ასაკის თითქმის ყოველი მეოცე მამაკაცი დაიღუპა ან მიიღო იმდენად მძიმე დაზიანება, რომ აღარ შეუძლია ბრძოლის გაგრძელება“, – წერს „ეკონომისტი“.
„ეკონომისტის“ ერთ-ერთი წყარო არის საიტი UAlosses-ი, რომელიც უკრაინის დანაკარგებს ღია წყაროების მიხედვით ითვლის. ამ რესურსის მონაცემებით, 2022 წლიდან დაიღუპა, სულ მცირე, 60 435 უკრაინელი სამხედრო. საუბარი არ არის ოფიციალურ ციფრებზე. უკრაინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები დანაკარგების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებენ.
„ეკონომისტი“ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დანაკარგი ომში კიდევ უფრო დიდია. მათი მონაცემებით, რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 200 ათასი სამხედრო. Media Zone-ისა და BBC-ს ჟურნალისტებმა ღია წყაროებით დაადგინეს 70 ათამდე დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა.
„ეკონომისტი“ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპულთა რაოდენობა უახლოვდება აშშ-ის დანაკარგებს მეორე მსოფლიო ომში.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 37-ე სხდომა გამართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ნოემბრისთვის
- პარლამენტი მთავრობას ნდობას 28 ნოემბერს გამოუცხადებს
- ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს
- "ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის" - გიორგი გახარია