ევროპა რუსეთთან ბირთვული ქობინების “დატოლებას” იწყებს...

“დაიწყო მეორე “ცივი ომის” კრიტიკული ეტაპი - ისედაც “შეშლილი” მსოფლიო რომ უფრო აირია აშშ-ის სათავეში დონალდ ტრამპის დაბრუნებით, ამაზე, ალბათ, აღარავინ კამათობს... პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი ახალი ინიციატივა შეიძლება გახდეს აშშ-ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯერ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან “დეზერტირობა”, ხოლო შემდეგ კი 20 ათასამდე ამერიკელი სამხედროს ევროპიდან გაწვევა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპიდან სამშობლოში ანუ ნატოს აღმოსავლეთი საზღვრის “მოშიშვლება”...

ფაქტია, ნატოდან აშშ-ის ნებისმიერი სახით `გასვლა~ უპირველესად პუტინის რუსეთის სტრატეგიული ინტერესების წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან კრემლის დიდი ხნის მოთხოვნაა, რომ ნატომ "მოიკვეთოს" 1997 წლის შემდეგ ალიანსში მიღებული ქვეყნები ანუ სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ის სახელმწიფოები, რომლებიც ტერიტორიულად ყველაზე ახლოს არიან რუსეთის ფედერაციასთან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ევროპა რუსეთთან ბირთვული ქობინების “დატოლებას” იწყებს... / “ტრამპის ამერიკის მხარდაჭერის შემცირების ან სრულად გაქრობის მოლოდინში ევროპას საკუთარი ბირთვული იარაღი გაახსენდა პუტინის რუსეთის შესაკავებლად...

 

“ტრამპის ამერიკის ევროპიდან ნაწილობრივ “დეზერტირობის” შემთხვეევაშიც “ბებერ ევროპას” ახალი ლიდერი დასჭირდება, რომელიც სათავეში ჩაუდგება მის დაცვას ოკეანისგაღმელი “ბიძია სემის” დახმარების გარეშე. და ასეთ ევროპელ ლიდერად სურს წარმოიჩინოს თავი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რისთვისაც ბოლო პერიოდში ძალზე გააქტიურდა ჯერ პოლიტიკური განცხადებებით, ახლა კი სტრატეგიული დონის სამხედრო შეთავაზებით - საფრანგეთი მზადაა რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებს ფრანგული “ბირთვული ქოლგა” გადააფაროს. “ბირთვულ ქოლგაში” იგულისხმება საფრანგეთის ბირთვული შეიარაღების განთავსება ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე, საიდანაც ის უფრო ადვილად და სწრაფად მისწვდება რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, თუკი პუტინი მოინდომებს უკრაინის შემდეგ უკვე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებზე სამხედრო აგრესიას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რა ბირთვული პოტენციალი აქვს მაკრონის საფრანგეთს და რამდენად ანგარიშგასაწევი ძალაა ის პუტინის რუსეთისთვის? საფრანგეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც 1960 წელს თავისი პირველი ბირთვული ბომბი გამოცადა აშშ-ის (1945 წ.), საბჭოთა კავშირისა (1949 წ.) და დიდი ბრიტანეთის (1952 წ.) შემდეგ. 1960-დან 1995 წლების პერიოდში საფრანგეთმა (რომელიც არ შეუერთდა 1963 წელს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმებას კოსმოსში, ატმოსფეროსა და წყალქვეშ ბირთვული აფეთქებების აკრძალვის თაობაზე) ალჟირის საჰარაში, მურუროას ატოლზე და ფრანგულ პოლინეზიაში საერთო ჯამში 210 ბირთვული აფეთქება მოახდინა გამოცდის სახით. უკვე 1971 წლისთვის საფრანგეთს ჰქონდა სრულფასოვანი “ბირთვული ტრიადა” ანუ ბირთვული შეიარაღების გამოყენება შეეძლო სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტებით, ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებითა და Mirage IV ტიპის ორძრავიანი რეაქტიული ბომბდამშენების საშუალებით”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საფრანგეთმა, ისევე როგორც დანარჩენმა დასავლეთმა, შეცდომით ჩათვალა, რომ რუსეთი მათთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა და დაიწყო თავისი ბირთვული პოტენციალის მკვეთრი შემცირება. 1996 წელს პარიზმა შეიარაღებიდან მოხსნა მიწისქვეშა შახტებში განთავსებული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები და არსენალში დაიტოვა მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავებისა და საბრძოლო თვითმფრინავების ბირთვულქობინიანი რაკეტები. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, ამჟამად საფრანგეთის განკარგულებაში უნდა იყოს 290-ზე მეტი სტრატეგიული და ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინი, რომელთა გადამზიდავია Le Triomphant-ის ტიპის ოთხი ატომური წყალქვეშა ნავი (თითოეულ მათგანზე განთავსებულია M51 ტიპის 16 სტრატეგიული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ფრენის სიშორე 8 ათას კმ-ს აღწევს), ხოლო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად გამოყოფილია Rafale-ს ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენები, რომლებსაც 500 კმ-მდე მფრენი ASMP-A ტიპის ბირთვულქობინიანი რაკეტების გაშვება შეუძლიათ”, - დასძენს გამოცემა.

 

“მართალია, საფრანგეთის ბირთვული პოტენციალი მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთისას და აშშ-ისას, მაგრამ ფრანგული “ბირთვული ქოლგა” მაინც გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება კრემლისთვის, თუკი ტრამპის ქმედებების შემხედვარე პუტინს მადა გაეხსნა და აღმოსავლეთ ევროპაშიც მოინდომა რუსული სატანკო კოლონების შესევა. სხვათა შორის, სწორედ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება იმიტომ ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ევროპაში შენახული (ოღონდ სულ რაღაც ასიოდე ბირთვული საავიაციო ბომბი) აშშ-ს, რომ ის საბჭოთა არმიის უთვალავი ტანკისა და ჯავშანმანქანის შეტევაზე გადასული კოლონების შესაჩერებელი ბოლო ვარიანტია, მით უმეტეს, მაშინ საბჭოთა საოკუპაციო ძალები მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ შუაგულ ევროპაში, აღმოსავლეთ გერმანიაშიც რჩებოდნენ და იქიდან აპირებდნენ ლა-მანშის სრუტისკენ გაჭრას. თუკი საფრანგეთს მხარს აუბამს ნატოს მესამე ბირთვული ქვეყანა, დიდი ბრიტანეთიც (ბრიტანელების ბირთვულ შეიარაღებაში მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებია - Vanguard-ის ოთხი ატომური წყალქვეშა ნავიდან თითოეულს მიაქვს 16 ერთეული თრიდენტ II ტიპის ბალისტიკური რაკეტა რვა ბირთვული ქობინით - სულ ბრიტანელების არსენალშია 225 ბირთვული ქობინი, მათგან 160 საბრძოლო მზადყოფნაში), მაშინ ეს, წესით, უფრო დიდი შემაჩერებელი ფაქტორი უნდა იყოს პუტინის რუსეთისთვის, თუმცა დაეჯერება კი კრემლს?!” - წერს სტატიის ავტორი.

 

“ვის რამდენი ბირთვული მუხტი აქვს? საერთაშორისო ინსტიტუტების, რომლებიც ბირთვული შეიარაღების საკითხებზე მუშაობენ, გამოთვლით, 2025 წლის იანვრისთვის მსოფლიოში 12 ათას ერთეულამდე ბირთვული ქობინი და ბომბი ჰქონდა შეიარაღებაში ცხრა ქვეყანას: აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელსა და ჩრდილო კორეას, თუმცა ამ ბირთვული არსენალის 90%-ზე მეტი რუსეთისა და აშშ-ის განკარგულებაში იყო. რუსეთის შეიარაღებაში არის 5 589 ბირთვული მუხტი, აშშ-ის - 5 224, ჩინეთის - 410, საფრანგეთის - 290, დიდი ბრიტანეთის - 225, პაკისტანის - 170, ინდოეთის - 164, ისრაელის - 90, ჩრდილოეთ კორეის - 30. ეს ციფრები შეიძლება მიახლოებითია, მაგრამ მაინც ასახავს მსოფლიო ბირთვული არსენალის სურათს, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანის გამოკლებით - მასში არ შედის რუსეთის ფედერაციის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული მუხტები! ანუ რუსეთს აქვს რამდენიმე ათასი ბირთვული სარაკეტო ქობინი, საავიაციო ბომბი და საარტილერიო ჭურვი, რომელთა გამოყენება შეუძლია ტაქტიკურ დონეზე”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“თუმცა, თუ მოინდომა, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე დამიზნებული სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების ინდივიდუალური დამიზნების ბირთვული ქობინების გადამიზნებაც შეიძლება ვაშინგტონიდან პარიზსა თუ ლონდონზე, თუკი ეს რაკეტები სტარტს რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილიდან აიღებენ (საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, რომლებიც 10 ათას კმ-ზე შორს მიფრინავენ, გადამიზნება 5 ათას კმ-ზე ახლომდებარე ობიექტზე რთულია, რაკეტის ფრენის ბალისტიკიდან გამომდინარე). აშშ-ს პირველი “ცივი ომის” დროს შეიძლება მართლაც შთამბეჭდავი ტაქტიკური ბირთვული არსენალი ჰქონდა ევროპაში, მაგრამ დღეისთვის ის მხოლოდ 150-მდე ტაქტიკური დანიშნულების საავიაციო ბირთვულ ბომბს თუ მოიცავს, რომლებიც პენტაგონს გადანაწილებული აქვს ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზებზე (არის მოსაზრება, რომ თურქეთის ინჯირლიყის ბაზიდან ამერიკელებმა რამდენიმე წლის წინ საერთოდ გაიტანეს ბირთვული ბომბები). ევროპის ტერიტორიაზე არსებული ამერიკული ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბების - B61-11-ის სიმძლავრე შეიძლება 340 კილოტონა (340 ათასი ტონა) ტროტილის აფეთქების სიმძლავრის ეკვივალენტი იყოს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ ნახევარსაუკუნოვანი უმართავი საავიაციო ბომბების მიზანში მოსახვედრად ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებს მოწინააღმდეგის, ამ შემთხვევაში რუსეთის, შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემების მოქმედების ზონაში მოუწევთ შესვლა...” - განმარტავს სტატიის ავტორი.

 

“ამჟამად ამერიკელები ცდიან ამ ბირთვული ბომბის თანამედროვე, მე-12 მოდიფიკაცია B61-12-ს, რომელიც პლანირებადი და მართვადია და მისი საბრძოლო გამოყენება “სტელსის” ტექნოლოგიით დამზადებულ F-35-ებს ისე შეეძლებათ, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში არ შევიდნენ. ამ ეტაპზე რუსეთის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული პოტენციალი - თავად ბირთვული მუხტები და მათი გადამტანი საშუალებები (ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, თვითმფრინავები) - ბევრად შთამბეჭდავია, ვიდრე ევროპაში განთავსებული ნატოს წევრი სამი ქვეყნის: აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთად აღებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის არსენალი, მაგრამ იმედია, საქმე “ბირთვული ხელკეტების” დატოლებამდე არ მივა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 65 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.