ნატოს გენმდივანი პუტინს აფრთხილებს - ვისი დაცვა შეიძლება მოუწიოს ალიანსს და არის თუ არა ამისთვის მზად
“ნატო-ს რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსი მას დაიცავს”, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნატოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება. “არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადადის და ეს მათ მიერ შეიარაღებული ძალების განვითარების უნარზე დიდ გავლენას მოახდენს. რაც შეეხება პოლონეთისა და ნატო-ს ტერიტორიის დაცვას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შერჩება, იგი ალიანსის პასუხს მთელი ძალით მიიღებს. ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება. ეს ვლადიმერ პუტინისთვის და ყველასთვის, ვისაც ჩვენზე თავდასხმა სურს, ნათელი უნდა იყოს”, - თქვა რუტემ. რონდელის ფონდის მკვლევრის, კახა გოგოლაშვილის ვარაუდით, ნატოს თუ ვინმეს დაცვა მოუწევს, ეს იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნები. მისივე თქმით, ალიანსი ამისთვის მზადაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატოს გენმდივანი პუტინს აფრთხილებს - ვისი დაცვა შეიძლება მოუწიოს ალიანსს და არის თუ არა ამისთვის მზად.
“იმედია ნატოს არავის დაცვა არ მოუწევს, თუმცა დღეს ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი ნაწილობრივ და ალბათ პოლონეთი. ესენი არიან ისინი, ვინც პირველი რიგის რისკის ქვეშ არიან რუსეთის მხრიდან თავდაცვის კონტექსტში. დანარჩენ ქვეყნებს ამდაგვარი არაფერი არ ელოდებათ. თუ ვინმეს რამე რესურსი აქვს, ეს არის ნატო. მისი სამხედრო ბიუჯეტი არის დაახლოებით 20-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე რუსეთის და მისი შეიარაღებული ძალები ასევე, რამდენიმეჯერ უფრო მეტად აღემატება რუსეთისას. უბრალოდ, აქ საუბარია პოლიტიკურ მზადყოფნაზე. კარგად იცით, რომ ეს მოდის ტრამპის გამონათქვამებიდან. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - თუ არ გადაიხდიან ჩვენ დავიცავთ, ან არ დავიცავთ. აქედან მოდის ყველაფერი და სწორედ ამიტომ მოუწია გენერალურ მდივანს განცხადების გაკეთება, რომ ისინი ნებისმიერი ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავენ, თუ მას ვინმე თავს დაესხმება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაია აზრით, ნატოს ბალტიისპირეთის გარდა ფინეთის და პოლონეთის დაცვაც მოუწევს. მისივე თქმით, ნატო ამისთვის 70%-ით მზადაა. მისი თქმით, “საქმე თუ აქამდე მივიდა, ალბათ ფინეთის, პოლონეთის და ბალტიისპირეთის დაცვა მოუწიოს ნატოს, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ყველაზე მეტად ესენი არიან რისკის ქვეშ. რუმინეთი ნაკლებად მგონია, რადგან იქამდე რუსეთმა იქამდე მოლდოვა და უკრაინის დასავლეთ ნაწილი უნდა დაიპყროს”, - თვლის ვახტანგ მაისაია, რომლის “პირადი მოსაზრებით, ამისთვის ნატო სავარაუდოდ, 70%-ით მზადაა, 30%-ით კი არა”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- "ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა და ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით" - მეუფე შიო
- "საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია" - სუსი
- "კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ"