ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აშშ-ს თანამშრომლობა შესთავაზა

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა, რომელიც აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, მსოფლიოს და აშშ-ს მიმართა. ვაშინგტონის მიმართ როდრიგესის ტონი შეცვლილია.

სოციალური ქსელებით 4 იანვარს გავრცელებულ მიმართვაში როდრიგესი ვენესუელის სახელით ადასტურებს ერთგულებას მშვიდობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი და აცხადებს, რომ ვენესუელის მისწრაფებაა იცხოვროს გარე საფრთხეების გარეშე, პატივისცემისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში.

როდრიგესის თანახმად, პრიორიტეტულ ყურადღებას უთმობენ დაბალანსებული და პატივისმცემელი საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას აშშ-სა და ვენესუელას შორის და ვენესუელასა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის. როდრიგესი ხაზს უსვამს, რომ ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სუვერენულ თანასწორობასა და ჩაურევლობას.

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

დელსი როდრიგესმა მიმართა პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ მათი ხალხები და რეგიონი იმსახურებენ მშვიდობასა და დიალოგს და არა ომს. როდრიგესის თანახმად, ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი, ახლა მთელი ვენესუელის გზავნილია და ვენესულას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება.

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ტონი შეერთებული შტატების მიმართ შერბილებულია.

მანამდე, 3 იანვარს ვენესუელის მოქალაქეებისადმი მიმართვისას დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ გმობს ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო აგრესიას, მთავრობა მზად არის ქვეყნის დასაცავად და ვენესუელას ჰყავს ერთადერთი პრეზიდენტი - ნიკოლას მადურო.

4 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Atlantic-ს განუცხადა, რომ თუ დელსი როდრიგესი აშშ-თან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ეს ძვირად დაუჯდება.

3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი. მადურო და ფლორესი, რომლებსაც აშშ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, ნიუ-იორკის იზოლატორში გადაიყვანეს. ვენესუელის მთავრობამ აშშ-ს ბრალი დასდო სამხედრო აგრესიაში, რომლის მიზანია ძალის გამოყენებით ხელისუფლების შეცვლა. 3 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.

ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია დაგმეს რუსეთმა, ჩინეთმა, ირანმა და კუბამ.

ესპანეთის, ბრაზილიის, ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკის და ურუგვაის მთავრობებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მიუღებელი უწოდეს ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას, ის შეაფასეს მშვიდობისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის სახიფათო პრეცედენტად და ქმედებად, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ექვსმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა ვენესუელაზე გარე კონტროლის გამოც, რაც, მათი განცხადებით, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, უნგრეთის გარდა, ერთობლივ განცხადებაში მიუთითეს, რომ ვენესუელის ხალხის ნების პატივისცემა კრიზისის მოგვარებისა და დემოკრატიის აღდგენის ერთადერთი გზაა.

 

წაკითხვა 79 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.