უცხოური პრესა: პუტინი გზას უხსნის სულ უფრო აგრესიულად მოქმედ ერდოღანს

შვედეთის გაზეთ „დაგენს ნიეტერ“-ში («Dagens Nyheter») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვლადიმერ პუტინი გზას უხსნის სულ უფრო აგრესიულად მოქმედ რეჯეფ ერდოღანს“ შეფასებულია სამხრეთკავკასიური სიტუაცია, აქცენტი განსაკუთრებით გაკეთებულია მთიანი ყარაბაღის შესახებ დადებულ სამმხრივ შეთანხმების მნიშვნელობასა და მის პერსპექტივაზე (ავტორი - მაიკლ ვინეარსკი).


გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:
„ეს შეთანხმება სომხეთისთვის მხოლოდ უბრალო დამარცხებას არ ნიშნავს. დოკუმენტი მთლიანად და რადიკალურად ცვლის  ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ახლა ტრადიციულ რუსეთთან ერთად, თურქეთიც სერიოზულად გამოჩნდა.


სისხლიანი ომის დროს ექვსი კვირის განმავლობაში რუსეთი გასაკვირად პასიურობდა. ბევრი გაოცებული იყო მოსკოვის უმოქმედობით. ისმებოდა კითხვა - განა კრემლს მეტად აღარ სურდა თავისი გავლენის განხორციელება სამხრეთ კავკასიურ „უკანა ეზოში“?


შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი იძულებული გახდა ჩუმად ყოფილიყო - ბაქომ  უარი თქვა მოსკოვთან ტრადიციულ პარტნიორობაზე ანკარის სასარგებლოდ სომხეთისათვის ძალზე დამამცირებელია დიდი ტერიტორიების დაკარგვა მთიანი ყარაბაღისა და მის ირგვლივ მდებარე ოკუპირებული რაიონების ჩათვლით. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ეროვნულ კატასტროფას წარმოადგენს.


პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავი იმართლა - ჩვენს სახელმწიფოს უფრო დიდი უბედურება ავაცილეთო, მაგრამ სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კაპიტულანტური და მოღალატეობრივი არჩევანი გააკეთა. ერევანში ანტისამთავრობო გამოსვლებია, მოსახლეობის განწყობა ძალზე ნეგატიური და რადიკალურია. არავინ იცის, შეინარჩუნებს თუ არა ძალაუფლებას ნიკოლ ფაშინიანი


ბაქოში კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტრიუმფალურად განაცხადა, რომ სამშობლოს მიწა-წყალი მტრისაგან დაიბრუნა. თანამემამულეებს უკვე მშობლიურ ადგილებში წასვლა შეუძლიათ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აზერბაიჯანის წარმატებაში დიდი როლი მიუძღვის თურქეთს, რომელმაც თავის მოძმე ქვეყანას - აზერბაიჯანს იარაღი გაუგზავნა და სხვა სამხედრო სახის დახმარება გაუწია.


ბევრი ექსპერტი თვლის, რომ რუსეთმა სომხეთს უღალატა, თავისი მნიშვნელოვანი სამხედრო მოკავშირე გაყიდა და რომ მოსკოვი სიტუაციაში განგებ არ ჩაერია - მიუხედავად იმისა, რომ არსებობს „ოდკბ“ და სომხეთ-რუსეთის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება. ამ ბრალდებაზე მოსკოვს აქვს განმარტება: ომი ხომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიდიოდა და არა სომხეთის წინააღმდეგ. ამრიგად, მოსკოვს სომხეთის მხარეზე ჩარევის სამართლებრივი შესაძლებლობა არ ჰქონდა.


უდავოა, რომ საერთაშორისო სამართლის ასეთი შერჩევითი გამოყენება ვლადიმერ პუტინის ჩვეულებრივ პოზიციებს არ ჰგავს - იგი ხომ მუდამ იმეორებს, რომ რუსეთს აქვს  ყოფილი საბჭოთა ტერიტორიების მიერთების უფლებაო. 2008 წელს რუსეთის ლიდერმა უყოყმანოდ  მიიტაცა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ხოლო 2014 წელს - უკრაინის ყირიმი, ასევე განახორციელა დონბასის ნაწილობრივი ოკუპაცია.


მაგრამ სამხრეთ კავკასიაში საოცარი რამ მოხდა: ვლადიმერ პუტინმა იქ, ტრადიციული რუსული გავლენის ზონაში, სულ უფრო აგრესიული თურქეთი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი შეუშვა. ეს წარმოუდგენელი ფაქტია იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის დროს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ  რუსეთის ინტერესები მთლიანად ვრცელდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეო.


და მაინც, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ რუსეთმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფინალური ნაწილი მაინც მოიგო: სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება რუსეთის შუამავლობით გაფორმდა, სიტუაციას რუსული სამხედრო სამშვიდობო ძალები გააკონტროლებენ და ეს მაშინ, როცა რეგიონში თურქი ჯარისკაცები არ იქნებიან. სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა დიდი ხანია მოქმედებს, სამმხრივი შეთანხმებით კი მოსკოვმა თავისი სამხედრო ყოფნა მთიან ყარაბაღშიც განიმტკიცა - ანუ აზერბაიჯანშიც. დიახ, ასე თვლის ზოგიერთი ექსპერტი, მაგრამ რამდენად სწორია მათი პოზიცია?


თუ ყურადღებით გავაანალიზებთ შექმნილ სიტუაციას, შევატყობთ, რომ რუსეთის წარმატება საეჭვოა. ეს უფრო გეოპოლიტიკურ შოკს ჰგავს.
ერევანში აცხადებენ, რომ მოსკოვის მიერ გადადგმული ნაბიჯი სომხეთის დაუძინებელი მტრის - თურქეთისათვის დათმობას ნიშნავს. მართლაცდა, ბოლო 100 წლის განმავლობაში თურქეთი პირველად ჩაერია იმ ტერიტორიაზე მომხდარ ამბებში, რომლებიც ტრადიციულად რუსეთის ინტერესების ექსკლუზიურ სფეროს წარმოადგენდა. საეჭვოა, რომ ვლადიმერ პუტინს თავისი ავტოკრატი კოლეგის რეჯეფ ერდოღანის - ნატოს წევრი სახელმწიფოს ხელმძღვანელის -  კავკასიაში შეშვება უნდოდა. მაგრამ ფაქტი ჯიუტია.


ასეა თუ ისე, რეგიონში ახალი ბალანსი ჩამოყალიბდა. მოსკოვი დღეს კავკასიის მთების მიღმა, ე.წ. „ახლო საზღვარგარეთში“ ერთადერთი მეფე აღარ არის. რუსულ ჰეგემონიას თურქეთმა საფრთხე შეუქმნა: მოსკოვი იძულებულია მთიან ყარაბაღში ჯარი ჰყავდეს, რათა იმ  რეგიონის კონტროლი, რომელსაც ადრე არავინ ეცილებოდა, ახლა თურქეთს არ დაუთმოს“.


წყარო: https://www.dn.se/varlden/michael-winiarski-putin-slapper-in-den-allt-mer-utmanande-erdogan/

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 494 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 17 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.