რა ურჩია სტალინმა თავისი ვაჟის – ვასილის მასწავლებელს პირად წერილში
სტალინის სიმკაცრესა და მომთხოვნელობაზე არაერთხელ დაწერილა და ეს უცილობელი ფაქტია.
რომ არა საბჭოთა ბელადის ეს თვისებები, სტალინი იმის მეასედსაც კი ვერ გააკეთებდა, რაც მან თავისი მმართველობის პერიოდში შეძლო. მართალია, მავანნი იმასაც წერენ, რომ სტალინს ძალიან უყვარდა თავისი ცოლ-შვილი და მათ მიმართ გარკვეულ სისუსტეებს იჩენდაო, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. სრული სიმართლეა, რომ სტალინს მართლაც ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე ნადეჟდა ალილუევა და შვილები – იაკობი, ვასილი და სვეტლანა. თუმცა, მტკნარი სიცრუეა, რომ მათ რაიმე, თუნდაც მცირეოდენ შეღავათს უწევდა. პირიქით, თავისიანების მიმართ სტალინი ორჯერ უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო. არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ ბელადს დამსახურებული სასჯელი აეცილებინა მათთვის ან მცირედი შეღავათი მაინც გაეწია. განსაკუთრებით პრობლემური იყო სტალინის შუათანა ვაჟი – ვასილი.
პატარა ვასია ჯერ კიდევ ადრეულ წლებში გამოირჩეოდა თავაშვებულობითა და უდისციპლინობით, სკოლაში კი, განსაკუთრებით უფროს კლასებში, ვასიამ საერთოდ „აუშვა“... ის ცელქობდა გაკვეთილებზე, ოინბაზობდა, ხმაურობდა, ჩხუბობდა ბიჭებთან, განსაკუთრებით უფროსკლასელებთან და მას ყველაფერი ეპატიებოდა. რა თქმა უნდა, მამამისისადმი შიშის გამო. სტალინის დაცვის უფროსი, გენერალი ნიკოლაი ვლასიკი თავის მოგონებებში წერს: „ვასია და სვეტლანა მოსკოვის ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდნენ. სანამ მათი დედა, ნადეჟდა სერგეევნა ალილუევა ცოცხალი იყო, ეს სათნო ქალი მწყემსავდა ბავშვებს და ისინიც, მეტ-ნაკლებად, თვინიერები იყვნენ. არც თუ ისე ურიგოდ სწავლობდნენ და რაც მთავარია, სკოლაში არავინ იცოდა, თუ ვისი შვილები იყვნენ. შემდგომ ეს გაცხადდა. მათ (შვილებმა), განსაკუთრებით ვასიამ, იგრძნო, თუ როგორ შეიცვალა მკაცრი მასწავლებლების მისადმი დამოკიდებულება; როგორ ერიდებოდნენ მის დასჯას კი არა და დატუქსვასაც კი. ამიტომ, ცელქობას მოუმატა. განსაკუთრებით „გადაირია“ ვასია დედის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ. ის ერთიორად გათავხედდა. აცდენდა გაკვეთილებს, ეწეოდა თამბაქოს. ჭკუიდან გადაჰყავდა მასწავლებლები, მაგრამ არავინ იყო მისი მომთოკავი. სტალინმა მისი გამოხდომების შესახებ არაფერი იცოდა. მხოლოდ მე ვიყავი ყველაფრის საქმის კურსში, მაგრამ ვასკას ხელს ვაფარებდი. ერთხელ ამის შესახებ სტალინმა შეიტყო და ისე „შემახურა“, პატარა ბავშვივით თავჩაღუნული ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი.
– შენ გგონია, ჩემი შვილები არ მიყვარს და ამიტომ ვექცევი მათ მკაცრად, შეიძლება, ფიქრობ, სასტიკადაც? – მითხრა სტალინმა და დააყოლა, – არავითარ შემთხვევაში. მე საკმაოზე მეტად მიყვარს ჩემი შვილები, რომ ისინი მეცოდებოდეს დასასჯელად, თუკი ამას იმსახურებენ. ბავშვმა სამართლიანობა და დისციპლინა უნდა გაითავისოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაიზრდება ტეტია, განუვითარებელი, ყველასთვის მავნე ინდივიდი – არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ხალხსო.
ამ საუბრის შემდეგ ვასიასთვის ხელი აღარ დამიფარებია. თუმცა, ეს ეშმაკის ფეხი მაინც ახერხებდა ოინბაზობას და მასწავლებლები რომ გაეჩუმებინა, აშანტაჟებდა მათ“.
ბელადის ვაჟის შანტაჟზე სკოლის დირექტორი და პედაგოგიური კოლექტივი პირში წყალს იგუბებდნენ და მოთმინებით იტანდნენ მის გამოხდომებს. გერმანული ენის მასწავლებელს, ანატოლი მარტიშინს არასდროს მოსწონდა ვასიას საქციელი და ყოველთვის ტუქსავდა. თუმცა, უშუალოდ მას არ ასწავლიდა. დამამთავრებელ კლასში კი, სწორედ მარტიშინი დაუნიშნეს ვასიას კლასს მასწავლებლად და ვასიამ მისი გაპამპულება სცადა. შუა გაკვეთილის დროს, როდესაც მასწავლებელი დაფისკენ იყო მიბრუნებული და წერდა, ვასიამ უზარმაზარი ზურგჩანთიდან ათი საფოსტო მტრედი ამოუშვა, რომლებიც წინასწარ ჰყავდა ამისთვის გამზადებული. მტრედებს კისერზე ნაჭრის სახვევები ეკეთათ, რომლებზეც წითელი ვარსკვლავი იყო დახატული. ამასთანავე, ისინი წინასწარ კარგად გამოეკვება და ამას თავისი დანიშნულება ჰქონდა. ვასიას ჩანაფიქრით, წითელვარსკვლავიანი მტრედები საბჭოთა საჰაერო ფლოტის გამანადგურებლები იყო. კარგად კი იმიტომ გამოკვება, რათა კლასში ფრენისას უწყვეტად მოესკინტლათ, ისევ და ისევ ვასიას ჩანაფიქრით – „დაებომბათ” იქაურობა... მტრედების გამოშვებამ კლასში აუწერელი ჟრიამული გამოიწვია. გაკვეთილი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. „თვითმფრინავებმა კი იმდენი ბომბი ჩამოყარეს ქვევით“, რომ იქაურობა სანეხვეს დაემსგავსა... მარტიშინმა კლასის ფანჯრები გააღო და „თვითმფრინავები“ გაფრინდნენ. შემდეგ კლასი გარეთ გაუშვა და მხოლოდ ვასია დაიტოვა. დაუძახა სკოლის დამლაგებელ ქალს, რომელსაც წყლიანი ვედრო და ტილოები მოატანინა და 17 წლის ვასილ იოსების ძე სტალინი აიძულა, იქაურობა მოეკრიალებინა, რაც ვასიამ პირნათლად შეასრულა... თავდაპირველად, ვასიამ მასწავლებლის დაშანტაჟება სცადა. ღია ფანჯარაზე შეხტა და მარტიშინს ემუქრებოდა, მეოთხე სართულიდან გადავხტებიო.
– გადახტები და უსახელოდ მოკვდები. ამით ამხანაგ სტალინს თავს მოსჭრი. ხალხი კი იტყვის, არანორმალური იყოო. ამიტომ, ჯობია, ჩამოხვიდე და შენი დანაშაული პატიოსნად გამოისყიდო, – მშვიდად მიუგო მარტიშინმა.
ვასია დაემორჩილა და საკლასო ოთახი დაასუფთავა. თუმცა, სკოლის დირექტორმა პრინციპული მასწავლებელი იმავე დღეს დაითხოვა სკოლიდან, თან დაემუქრა: მადლობელი იყავი, შენს თავს რომ არ ვაჭერინებ, ამხანაგ სტალინის ვაჟის სიცოცხლის ხელყოფისთვისო. იმავე დღეს მარტიშინმა სტალინს წერილი მისწერა, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი ყველაფერი. ბელადმა ერთი კვირის შემდეგ წაიკითხა წერილი და გერმანულის მასწავლებელი არა მარტო თავის ადგილზე აღადგინა, არამედ გაგდებული დირექტორის მაგივრად დანიშნა. თან, საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „მივიღე თქვენი წერილი ვასილის თავხედობების შესახებ. ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პასუხისთვის, რაც ჩემი გადატვირთულობის ბრალია. ვასილი საშუალო შესაძლებლობების, გათამამებული ჭაბუკია. ნამდვილი სკვითის ტიპი – ველური. ის ყოველთვის არაა მართალი. უყვარს სუსტი ხელმძღვანელების დაშანტაჟება. თავხედია. აქვს სუსტი, უფრო სწორად კი, არაორგანიზებული ნებისყოფა. ის გაათამამეს „ნათლიმამებმა“ და „ნათლიდედებმა“, რომლებიც ხაზს უსვამდნენ, რომ ის „სტალინის ვაჟია“. მე მოხარული ვარ, რომ თქვენი სახით გამოჩნდა საკუთარი თავის პატივისმცემელი მასწავლებელი, რომელიც ისევე ექცევა ვასილს, როგორც სხვა დანარჩენებს და თავხედისგან მოითხოვს სკოლის საერთო რეჟიმისადმი მორჩილებას. ვასილს აფუჭებენ თქვენ მიერ მოხსენიებული დირექტორები – ადამიანი-ჩვრები. მათთვის სკოლაში ადგილი არაა. და თუ თავხედმა ვასილმა ჯერ ვერ მოასწრო თავის დაღუპვა, ეს იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც გასაქანს არ აძლევენ მის კაპრიზებს. ჩემი რჩევაა: უფრო მკაცრად მოსთხოვოთ ვასილს. არ შეუშინდეთ მის ყალბ მუქარას „თვითმკვლელობის“ შესახებ და გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი. სამწუხაროდ, მე არ მაქვს დრო, რომ ვასილის აღზრდას მოვკიდო ხელი. მაგრამ გპირდებით, რომ დროდადრო მას ქეჩოში ჩავავლებ ხელს. იოსებ სტალინი“.
თავხედი შვილი სტალინმაც დასაჯა და ორი კვირა ის კრემლის ტერიტორიას გვიდა, მეეზოვესთან ერთად. არც სხვა შემთხვევებში „უტარებდა“ ბელადი თავხედობას შვილებს და ყოველთვის სამართლიან სიმკაცრეს იჩენდა მათ მიმართ.
წყარო: tbiliselebi.ge
სიახლეები
- როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
- "ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი მოქალაქე, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ"
- "საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც" - მიხეილ სააკაშვილი
- "მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე" - ირაკლი შენგელია