უცხოური პრესა - რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს
რუსულმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ («Комсомольская правда») სტატიაში სათაურით „რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს“ გამოაქვეყნა მწერალ ალექსანდრე მიასნიკოვისა და ისტორიკოს ნიკოლოზ სვანიძის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც რუსეთში შექმნილ სიტუაციას ეხება. გაზეთმა სთხოვა მათ, რომ რუსეთში არსებული პოლიტიკური სიტუაცია შეეფასებინათ, მაგრამ ისე, რომ თითქოსდა ქვეყნის სათავეში იოსებ სტალინი დგას: როგორ მოიქცეოდა ბელადი 2020 წელს და როგორ მოაგვარებდა იგი ქვეყნის წინაშე გაჩენილ პრობლემებს.
აი, ზოგიერთი მათგანი:
- დაამარცხებდა სტალინი პანდემიას?
ალექსანდრე მიასნიკოვი:
- ალბათ, დაამარცხებდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გერმანიასთან ომის დროს, საველე მძიმე პირობებში, წითელ არმიაში არანაირი ეპიდემია არ მომხდარა: ექიმებს და მეცნიერებს ამოცანა ჰქონდათ, რომ მაღალ დონეზე შეენარჩუნებინათ სანიტარიული წესების დაცვა. არსებობდა სპეციალური ეპიდემოლოგიური დაზვერვის ქვედანაყოფები. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ვირუსებს ებრძოდნენ არა ჩინოვნიკები, არამედ ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები.
ნიკოლოზ სვანიძე:
- ჩემი აზრით, იოსებ სტალინი რომ ახლა რუსეთის სათავეში იყოს, საზღვრებზე „რკინის ფარდა“ იქნებოდა ჩამოფარებული. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან ვირუსს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა გაუჭირდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, დაიწყებოდა დასავლეთის ბრალდებები, რომ ვირუსი მათ შექმნეს და რუსეთში გავრცელებას აპირებენ... ალბათ, განმეორდებოდა „ექიმთა საქმე“. ნამდვილი ციფრები დამალული იქნებოდა.
- რამდენად სწრაფად შეიქმნებოდა ვაქცინა რუსეთში სტალინის მმართველობის პირობებში?
ალექსანდრე მიასნიკოვი:
- ვფიქრობ, სწრაფად შექმნიდნენ. ისევ ომის პერიოდს გავიხსენებ. როცა წითელი არმია ევროპის ქვეყნებში შევიდა, იქ სრულიად სხვა ავადმყოფობები და ინფექციები იყო, საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით. ეპიდემია რომ არ დაწყებულიყო, წინასწარ დაარსდა ლაბორატორიები, მომზადდა კადრები, გაძლიერდა სანიტარული დაზვერვა და დაიწყეს ვაქცინების შექმნა. დღეს შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ვაქცინები მაქსიმალურად მოკლე დროში დამზადდა.
ნიკოლოზ სვანიძე:
- ალბათ, შეიქმნებოდა, თუმცა ვაქცინის დამზადება ისე მოხდებოდა, როგორც ატომური ბომბისა - ანუ დაზვერვა რომელიმე ქვეყანას მოპარავდა მონაცემებს, რუსეთში კი ამ მონაცემებით მეცნიერები ისარგებლებდნენ. თან მათ დაემუქრებოდნენ - ვაქცინას შექმნით უმოკლეს ვადაში, თორემ დახვრეტა და ციმბირის ბანაკი არ აგცდებათ...
- როგორ რეაქციას გამოავლენდა იოსებ სტალინი ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ? გაგზავნიდა მას სახალინზე ხიდის მშენებლობაზე თუ დააჯილდოებდა?
ალექსანდრე მიასნიკოვი:
- სტალინი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხანგრძლივი მმართველობის პრეცედენტს არ დაუშვებდა. რეგიონებში საკადრო ცვლილებები ხშირად ხდებოდა, რათა ადგილობრივ ხელმძღვანელებს თავი „ბატონებად არ ეგრძნოთ“. ახალ ადგილზე ადამიანი გარემოცვის გარეშე ინიშნებოდა. დღეს ჩვენ კორუფციაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ნორმალურად ვთვლით, რომ ყოველ დიდ ჩინოვნიკს ახალ ადგილზე თავისი გარემოცვიდან თან ბევრი მიჰყავს. იოსებ სტალინი ამას არ დაუშვებდა. დღევანდელ ჩინოვნიკ-მილიარდერებთან სტალინს სხვანაირი ლაპარაკი ექნებოდა...
ნიკოლოზ სვანიძე:
- სტალინი რომ რუსეთის პრეზიდენტი ყოფილიყო, ბელორუსია კი მის შემადგენლობაში, ვფიქრობ, ბელორუსები მიტინგზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდოდნენ, მეორედ მცდელობა აღკვეთილი იქნებოდა, გაჩნდებოდა ახალი ბელორუსია პოლარულ ჩრდილოეთში. ალექსანდრე ლუკაშენკოს მოქმედებას კი სტალინი არ დაუშვებდა. მას არ უყვარდა ზედმეტი თვითშემოქმედება...
წყარო: https://www.kp.ru/daily/1712101/4340335/
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი